ქართველ მილიარდერთა ჩამონათვალში 27-ე პოზიციას იკავებდა 500 მილიონი დოლარით
პეტერბურგში ყველა იცნობს - რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში ბადრი კაკაბაძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველია და ამის მიზეზი მისი აქტიური საქმიანობა და ბიზნესმენობაა. წყალტუბოში დაბადებულმა ბიჭმა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ლენინგრადის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ინჟინერ-ტექნოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. პირველი სამსახურიც სწორედ ინჟინერ-ტექნოლოგის რანგში დაიწყო და სულ მალე ისეთი თვისებები გამოავლინა, რომ ორიოდ წელში ტექნოლოგიური საამქროს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 1993 წელს ამავე საამქროს ბაზაზე შეიქმნა ღია სააქციო საზოგადოება ”პეტროხოლოდი” , რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას საკვები პროდუქტით ვაჭრობა და ნაყინის წარმოება-რეალიზაცია შეადგენდა.
დღეისათვის ბადრი კაკაბაძის კუთვნილი ”პეტროხოლოდი” 200 სავაჭრო კომპანიათან თანამშრომლობს, რუსეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში კი ქართველი ბიზნესმენის სააქციო საზოგადოება ნაყინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. ბადრი კაკაბაძე იმ ბიზნესმენებს მიეკუთვნება, რომლებიც არასდროს ამხელენ საჯაროდ საკუთარ ქონებას. სხვადასხვა არაოფიციალური ცნობებით, ის რამდენიმე მსხვილ რესტორანს ფლობს სანკტ-პეტერბურგსა და თბილისში, რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ ქართველ მილიარდერთა ჩამონათვალში კი 27-ე პოზიციას იკავებდა 500 მილიონი დოლარით.
”ბიზნესის სხვა ბევრი მიმართულებითაც ვმუშაობ, თუმცა ჩემი ძირითადი და მთავარი საქმე სწორედ ”პეტროხოლოდია”. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, აქ გამანაწილეს. მერე ისე მოხდა, რომ კარიერაში წარმატებები სწრაფი ტემპებით განვითარდა. გარდაქმნის პერიოდის მერე კი ”პეტროხოლოდი” გამოვისყიდეთ და მისი მფლობელი გავხდი”, - იხსენებს ქართველი ბიზნესმენი.
90-იანი წლების ბოლოს ბადრი კაკაბაძე სანკტ-პეტერბურგში ქართული ასოციაციის ”ივერიას” თავმჯდომარედ აირჩიეს. ქართველთა ასოციაცია რუსეთის იმპერიის დედაქალაქში 1992 წელს დაარსდა. ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ”ივერია” ყველა იმ ადამიანს აერთიანებს, ვინც რუსეთისა და საქართველოს კეთილდღეობის გულშემატკივარია და ამ ქვეყნების მეგობრობისკენ ისწრაფვის. ქართველთა თემის მეთაური მიიჩნევს, რომ რუსეთი და საქართველო მეგობრები უნდა იყვნენ. ”თავს რუსეთის მოქალაქედ მივიჩნევ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ქართველი ვარ. ჩემი სამშობლო კი საქართველოა, რომელიც უზომოდ მიყვარს”, - განუცხადა ერთ-ერთ გამოცემას ბადრი კაკაბაძემ. თუმცა, ქართველი ბიზნესმენი იმასაც ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობა პეტერბურგში მცხოვრებ ქართველებზეც აისახება. ”ივერია” დღეს პეტერბურგში მყოფ რამდენიმე ცნობილ ქართველს აერთიანებს, რომელთა შორისაც არიან ”მარინის თეატრის” პრიმაბალერინა ირმა ნიორაძე, ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე, ექიმი ალექსეი ბაინდურაშვილი.
საქმიანობისგან თავისუფალ დროს, ქართველი ბიზნესმენის ყველაზე დიდი გატაცება ცხენებია. ერთი პერიოდი სანკტ-პეტერბურგს გარეთ, მისი ფეშენებელური აგარაკის თავლაში რამდენიმე ცხენიც კი ბინადრობდა. ნაყინების მწარმოებელი კომპანიის ქართველი მფლობელი თავისუფალი დროის გატარებას ძილსა და კითხვაში ამჯობინებს.
სანკტ-პეტერბურგში დაიბადნენ და გაიზარდნენ ბადრი კაკაბაძის შვილები და შვილიშვილებიც. თუმცა, ქართველი ბიზნესმენი ამბობს, რომ მაინცდამაინც არ სურს, მისმა შვილებმა მისი საქმიანობა გააგრძელონ, რადგან მიაჩნია, რომ ის, რასაც თვითონ აკათებს, საკამოდ ბევრ ენერგიას მოითხოვს. ამიტომაც, ბადრი კაკაბაძის უფროსმა ვაჟმა მომავალი საბანკო სფეროს დაუკავშირა, გოგონამ კი ტურიზმი არჩია და სწავლა ამ მიმართულებით ესპანეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში გააგრძელა.
”უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როცა ლენინგრადში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ყოველთვის ვფიქრობდი, წავიმუშავებ ერთ-ორ წელიწადს და მერე სახლში დავბრუნდები-მეთქი. ახლა კი ორმაგი გრძნობა მეუფლება - საქართველოში რომ ჩავდივარ, ვგრძნობ, რომ სამშობლოში ვარ. მაგრამ ერთ კვირაში, ისევ აქეთ მომიწევს გული. აქ არის ჩემი სახლი, აქ მყავს მეგობრების დიდი წრე, აქ დაიბადნენ ჩემი შვილები, შვილიშვილები. ჩემი ყველაფერი ამ ულამაზეს ქალაქს უკავშირდება”, - ამბობს ბადრი კაკაბაძე.
ანა წკრიალაძე