ტახტრევანით ჩამოყვანილი თხა, ბატუტი 2 ლარად და პონის ჯიშის ცხენები
წინასაახალწლო სამზადისთან დაკავშირებით ქალაქის მერიამ გაგვაფრთხილა, რომ ქამრების შემოჭერის მიზნით, წელს ბიუჯეტიდან მოკრძალებულ თანხას გაიღებდა – არ შეიძენდა ახალ განათებებს და არც ახალ ნაძვის ხეს. მიუხედავად ამისა, ევროპის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, საახალწლო სოფელი ტრადიციულად მაინც გაიმართა და ხალხმრავლობაც შეინიშნება. ამ ადგილების მონახულება და ევროპულ საშობაო ბაზრობებთან შედარება გადავწყვიტე, თუმცა განსაკუთრებული სანახაობის მოლოდინი არ მქონია...
პირველი სკოლის წინ ბავშვების ჟრიამული ისმის. აქტიური გართობის მოყვარული პატარები ბატუტზე ხტუნაობენ და მშობლების ძახილს არაფრად აგდებენ, ცდილობენ ათწუთიანი პერიოდი გაიხანგრძლივონ. არც ბატუტის მეპატრონე უშლის ხელს ცელქობაში და 10 წუთი ორმაგდება, ოღონდ ეს ფასზე არ აისახება. ცნობისთვის, ბატუტზე 10 წუთი ხტუნვა 2 ლარი ღირს. ბატუტის მეპატრონე დავით კალანდაძეა. მეუბნება, რომ მერიის თხოვნით 1-7 იანვარს, სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს განთავსებული ბატუტი: ”წინა წლებში მსგავს გასართობს აქ ვერ ნახავდით. ჩემი ბატუტი ვიზუალური მხარისა და უსაფრთხოების მიხედვით შეარჩიეს. საქართველოში ძირითადად ხელნაკეთი ბანჯები და ბატუტებია, ჩვენ კი სპეციალურად ამერიკიდან ჩამოტანილი ქარხნული წესით დამზადებულები გვაქვს და სანდოობაც მაღალია. 1 იანვრიდან დღემდე დაახლოებით 1500 ლარი ვიშოვე, არ ვარ უკმაყოფილო”, - ამბობს დავით კალანდაძე.
იქვე ახლოს მიზანში სროლის მოყვარულებისთვის ტირის კუთხეა მოწყობილი. 10 სროლა 3 ლარი ღირს. თუ ათივეს მიზანში მოარტყამთ, საჩუქრად დამსახურებულ ბეწვის სათამაშოს გადმოგცემენ. პრიზები განსაკუთრებული არ არის, თუმცა შინ ხელცარიელ მისვლას, ალბათ, სჯობს.
თელაველ გლეხს ჭკუა უხმარია – ფულის შოვნის მარტივ ხერხს მიაგნო. ,,სადღეობო გასართობი“ – ასე ჰქვია თამაშს, რომელიც, როგორც ამბობს, მისი მოგონილია. კამათლების თითო გაგორება 2 ლარი ღირს. თუ ციფრების ჯამი ქაღალდზე დაწერილ რომელიმე რიცხვს დაემთხვევა, შესაბამის თანხას მოიგებთ. აზარტში შესულმა ბედი ვცადე, თუმცა, ამაოდ– თქვენ ნული ლარი მოიგეთო, მახარა დიდის ამბით და 2 ლარი გამომართვა. ვინაობა არ გამიმხილა, თუმცა ის კი გავიგე საუბრისას, რომ ამ მარტივი ხერხით დღეში 20-30 ლარს თავისუფლად შოულობს თელაველი პაპა.
იქვე ჩამწკრივებულ დახლებს ჩინური სათამაშოები, ფერად-ფერადი პარიკები და ჭრელი ბუშტები ,,ამშვენებს“. ყველა გამყიდველს უკმაყოფილო სახე აქვს და კამერის დანახვაზე გარბიან. ბუშტი 2 ლარი ღირს, ნიღაბი 3 ლარი, პარიკი – 6. ვერაფერს ვყიდითო წუწუნებენ. სააკაშვილის დროს გარე ვაჭრობით მაინც ვირჩენდით თავს, ახლა კი ამასაც გვიკრძალავენო. ყველაზე სახალისო კუთხეს ნაძვის ხესთან მივაგენი. ერთ გლეხს რაიონიდან თხა ჩამოუყვანია, პატარა ხის ტახტრევანზე შეუყენებია და წარწერაც გაუკეთებია ,,სამახსოვრო 2015 წლის ფოტო“. მეც თხასთან სამახსოვრო ფოტოს გადაღების საფასურით დავინტერესდი. 2 ლარიო - მპასუხობს პაპა, მაგრამ ვისაც არ აქვს მაგის გამო გულს ხომ არ დავწყვეტო, უფასოდაც პოზიორობენ ჩემს ლამაზ თხასთან ერთადო.
ევროპის მოედანზე არანაკლები ხალხმრავლობაა. ყველაზე დიდი რიგი ყინულის მოედანთან დგას. ყინულზე სრიალი უფასოა, თუმცა ვინ ვის ეჩხუბება, ვინ პირველია რიგში და ვინ ბოლო - თავადაც არ იციან. დაცვა ვერ უმკლავდება გაბრაზებულ ხალხს. ერთი ქალბატონი ემუქრება დაცვას, ჟურნალისტებს მოვიყვან და სიუჟეტს გავაკეთებინებო, 2 საათიდან რიგს ვიკავებ, უკვე 6 საათია და ჯერ კიდევ ვერ ვასრიალე ბავშვი თქვენი თავმოუბმელობის გამო, ნაცნობები მოგყავთ და იმათ უშვებთ ურიგოდო.
იქვე ჩამწკრივებულ ჯიხურებში ყავა, ”ჰოთ-დოგი”, გლინტვეინი და ტკბილეული იყიდება, თუმცა გამყიდველები აქაც მუშტარის სიმცირეს უჩივიან. ,,ამ პირობებში კარგ ვაჭრობასა და მოგებაზე საუბარი ზედმეტია. მერიასთან ხელშეკრულება დავდეთ, ვალდებულება გვაქვს 10 იანვრამდე ვიყოთ ამ სკვერში. ბევრმა დახურა ჯიხური და აღარ ვაჭრობს, აზრი არ აქვს, მხოლოდ ყავა და გლინტვეინი იყიდება“, – მეუბნება ახალგაზრდა გამყიდველი გოგონა. იქვე შემოღობილ ტერიტორიაზე პონის ჯიშის ცხენები მოწყენილები სცემენ ბოლთას. ბავშვების მოახლოებისთანავე ღობეს უახლოვდებიან...
ადგილობრივმა ხელისუფლებამ თითქოს იზრუნა საახალწლო განწყობაზე, არც ბავშვების ნაკლებობა შეინიშნება ქუჩაში, მაგრამ ქალაქს აშკარად აკლია საზეიმო ელფერი. შესაძლოა, ბავშვის თვალით დანახული სახელდახელოდ გამართული საახალწლო სოფელი სულაც არაა ისეთი ერთფეროვანი, როგორიც მე მეჩვენება, მაგრამ მთელ მსოფლიოში შობა-ახალი წელი არა მხოლოდ პატარების, არამედ საყოველთაო დღესასწაულია. ევროპაში პირველი საშობაო ბაზრობა კი თურმე დრეზდენში გაიხსნა 1934 წელს. ევროპული საშობაო ბაზრობები კათოლიკურ შობამდე სამი კვირით ადრე იხსნება. ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე ათასობით სავაჭრო კარავი, ვაგონი და ატრაქციონი იშლება, რომლებსაც გარს ქუჩის მსახიობები, ჯამბაზები და ილუზიონისტები ეხვევიან. ამ ბაზრობაზე მოსახვედრად ტურისტები საგანგებოდ ჩადიან, რადგან იქ ხელმისაწვდომ ფასად, სასაჩუქრე პროდუქციის გარდა, ადგილობრივი კერძების დიდი არჩევანი ეგულებათ. ვენაში საშობაო ბაზრობა ერთგვარ გამოფენა-გაყიდვას ჰგავს, სადაც შეგიძლია გასინჯო შემწვარი წაბლი თუ ადგილობრივი კონდიტერების მომზადებული ათასგვარი ნუგბარი. ფინეთში საშობაო ბაზრობაზე მისულ სტუმრებს თავად სანტა კლაუსი და მისი გარემოცვა გაუმასპინძლდება ირმის პაშტეტითა და განსაკუთრებული ფინური გლინტვეინით, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს. ყველაზე "ტკბილი" საშობაო ვაჭრობა კი ბრიუსელში ეწყობა, სადაც 200-მდე ჯიხურსა თუ დახლზე ბელგიური შოკოლადისა და ტკბილეულის ნამდვილი ზეიმი იმართება. ტალინში საახალწლო ბაზრობაზე დაუჯერებლად იაფად შეიძლება ხელით ნაქსოვი შალის სვიტერებისა და აქსესუარების, ასევე შუშისა და კერამიკისგან დამზადებული ტრადიციული ესტონური ნაკეთობების შეძენა. სხვათა შორის, სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ბაზრობებზე გამგზავრების ორგანიზება არაერთი ტუროპერატორის მომსახურებაში შედის და ტურისტებს ევროპის ათი საუკეთესო საშობაო ბაზრობის ჩამონათვალსაც სთავაზობენ.
სალომე შიხაშვილი