Walmart-მა ონლაინ სასურსათო ბიზნესში ავტონომიური მართვის სატვირთო მანქანების გამოყენება დაიწყო. საცალო ვაჭრობის გიგანტის მიზანია, გაზარდოს სიმძლავრე და არაეფექტიანობა შეამციროს. ამის შესახებ Walmart-ისა და Silicon Valley-ის სტარტაპ Gatik-ის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც CNBC ავრცელებს.
აგვისტოდან Walmart და Gatik ყოველდღიურად, 12 საათის განმავლობაში, 7 მილის მანძილზე ორ თვითმავალ სატვირთო მანქანას იყენებდნენ. Gatik-ის სატვირთო მანქანებს ონლაინ სასურსათო შეკვეთებით Walmart-ის ე.წ. ბნელ მაღაზიაში ტვირთავენ და შემდეგ პროდუქტი არკანზასის შტატ ქალაქ ბენტონვილში მდებარე ახლომდებარე Walmart Neighborhood Market-ის სასურსათო მაღაზიაში გადააქვთ.
პროგრამა გასული წლის დეკემბერში, არკანზასის სახელმწიფო საგზაო კომისიის მიერ გაცემული ნებართვის შემდეგ დაიწყო და ზაფხულში დასრულდა. ორი კომპანიის პარტნიორობა ორიენტირებულია, მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში, საქონლის ტრანსპორტირებაზე საწყობიდან სადისტრიბუციო შესრულების ცენტრამდე („ბნელ მაღაზიამდე“) ან საცალო ვაჭრობის მაღაზიამდე.
„მოხარული ვართ Gatik-თან თანამშრომლობით, რათა ამ ინდუსტრიაში უპილოტო ტრასპორტირების პირველ ეტაპს მივაღწიოთ. Gatik-თან ჩვენი მუშაობის შედეგად დავადგინეთ, რომ ჩვენს მაღაზიებს შორის, განმეორებად მარშრუტებზე საქონლის ტრანსპორტირებისთვის ავტონომიური სატვირთო მანქანები მეტად ეფექტიანი, უსაფრთხო და მდგრადია,“ - აცხადებს Walmart-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ტომ უორდი.
Gatik-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გაუტამ ნარანგმა, რომელმაც კომპანია 2017 წელს დააარსა, CNBC-ის განუცხადა, რომ მსოფლიოში უმსხვილესი საცალო ვაჭრობისგან ნდობა Gatik-ის ტექნოლოგიური პროგრესის დადასტურებაა.
„მიწოდების ძველი არქიტექტურა, რომელშიც გიგანტური სადისტრიბუციო ცენტრი საბოლოო მომხმარებლისგან ოთხი ან ხუთი საათის მანძილზე მდებარეობს, აღარ მუშაობს. სასურსათო მაღაზიები იძულებული არიან, შეკვეთების გაცემის ცენტრები მომხმარებელთან ახლოს გახსნან, რომელთა საწყობების ზომაც მცირეა, მცირე საწყობებს კი სადისტრიბუციო ცენტრებიდან ხშირი მომარაგება სჭირდება. ჩვენი საჭიროება სწორედ ამ სეგმენტში ჩნდება,“ - აცხადებს გაუტამ ნარანგი.
მისი თქმით, Gatik-ის ავტონომიურ მანქანებს სასურსათო ბიზნესისთვის შეუძლიათ, ლოგისტიკური ხარჯები 30%-ით შეამცირონ. ნარანგი აცხადებს, რომ AV-ებს (ავტონომიურ სატვირთოებს), ასევე, შეუძლიათ, კომპანიებს მიწოდების ქსელში მუშახელის დეფიციტის შემსუბუქებაში დაეხმარონ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ