”ამტკიცებენ, რომ კანონის მიღება ინვესტიციების შემცირებას და ბიზნესის დაფრთხობას გამოიწვევს”
საქართველოში ბოლო წლებში ძალიან აქტუალურია შრომის უსაფრთხოების თემა, რადგან ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. ამის დასტურია სამუშაო ადგილებზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები, რომლებიც ლეტალური შედეგით სრულდება. სწორედ ამიტომ, ქვეყნის მთავრობა შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის პროგრამაზე მუშაობს და უახლოეს თვეებში შესაბამისი ინსტიტუტის ფორმირებასაც აპირებს. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა კანონპროექტზე "შრომითი მიგრაციის შესახებ". ორივე კანონპროექტის ინიციატორი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორიც, მათ შორის - ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრი და მისი ხელმძღვანელი - ქეთევან კრიალაშვილი, რომელსაც ამ ინიციატივებზე ვესაუბრეთ:
- აქ მარტო შრომის უსაფრთხოებაზე არ არის ლაპარაკი. კანონის მიღებით შესაძლებელი გახდება შრომის პირობების მონიტორინგიც, აქცენტი კეთდება არა მარტო ადამიანების უსაფრთხოებაზე, არამედ მათ სამუშაო გრაფიკზე, ნორმებზე, გადაჭარბებულ სამუშაო დროზე, ანაზღაურებაზე და ზოგადად, დასაქმებულის ინტერესებზე. აქამდე თუ ამ პრობლემების მონიტორინგს მხოლოდ პროფკავშირები ახერხებდნენ, მომავალში დასაქმებულთა უფლებები უკვე კანონის ძალით იქნება დაცული. პროფკავშირებს არა აქვთ იმხელა რესურსი, შესაძლებლობა, ან თუნდაც უფლებები, რომ ამ ყველაფერს კონტროლი გაუწიონ. შესაბამისად, გაჩნდა საჭიროება, რომ შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც უფრო მეტად დაიცავს ადამიანის შრომის უფლებებს, რომ დარღვევის შემთხვევაში დასაქმებულმაც და დამსაქმებელმაც კანონიერად აგონ პასუხი ამ დარღვევაზე. შრომის კოდექსი აქამდეც გვქონდა, მაგრამ რამდენად სრულდებოდა მისი ნორმები, ამაზე პასუხისმგებელი არავინ იყო, რაც დაუშვებელია. მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში - აქ დასაქმებულს იმდენად დიდი შიში აქვს სამსახურის დაკარგვისა, რომ იძულებულია დათანხმდეს მძიმე სამუშაო პირობებსაც კი, რომელსაც დამსაქმებელი სთავაზობს. მე მაგალითად, შემიძლია მოგიყვანო ერთი მაგალითი: პიროვნება მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში, კვირაში ორი დღის განმავლობაში, მისი ხელფასი 150 ლარია და ხელმძღვანელობამ გამოუცხადა - თუ სხვაგანაც იმუშავებ, სამსახურიდან გაგიშვებთო... (!) ესე იგი, თუ შეთავსებით იმუშავებს სხვაგან, მაშინვე გაათავისუფლებენ. კანონმა სწორედ მსგავსი უსამართლობა უნდა აღმოფხვრას.
- ოპონენტები ხშირად გამოთქვამენ საყვედურს, რომ მსგავსი კანონებით დამსაქმებლის უფლებები იზღუდება.
- დიახ, სამწუხაროდ, ამტკიცებენ, რომ კანონის მიღება ინვესტიციების შემცირებას და ბიზნესის დაფრთხობას გამოიწვევს, მაგრამ მსგავს კანონებში დასაფრთხობი არაფერია. ბიზნესს სხვა გარემოებები უფრო აფრთხობს, რომლებიც გაცილებით გლობალური და მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს რეგულაციები. თუ ევროკავშირის ბაზარზე შესვლა გვინდა, ამ სფეროში წესრიგი უნდა გვქონდეს, ოღონდ ეს რეგულაციები უნდა იყოს ზომიერი, რეალობისა და ცივილიზებული სამყაროს შესაბამისი, ამავე დროს ევროპული ღირებულებების თანმხვედრიც. ამ კანონების სწორად განხორციელება სულაც არ დააფრთხობს ბიზნესს. პირიქით, ნორმალურ, სამუშაო გარემოს შექმნის. პროგრამაზე მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, ამავე დროს, პროექტის განხილვა მთავრობაშიც მიმდინარეობს, მას ემხრობიან პროფკავშირებიც, თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, თუ რა რეგულაციებზე იქნება საუბარი, ან რა ღონისძიებები გატარდება. ინიციატივა არის საკმაოდ კარგი, ახლა მთავარია, როგორ და რა ფორმით განახორციელებს მას საქართველოს მთავრობა.- თუმცა, მთავრობის წევრები ხშირად იმეორებენ, რომ ბიზნესის საქმეში ვერ ჩაერევიან.
- მერწმუნეთ, ეს არ იქნება ბიზნესში ჩარევა. თუ ასე ვიმსჯელებთ, როგორ განვითარდა ევროკავშირის ბაზრები, ან რატომ შედის მსხვილი ინვესტიციები ევროპის ქვეყნებში და არა - ჩვენთან? ჩვენთან ხომ თითქოს უფრო თავისუფალი გარემოა, მაგრამ აქ მაინც იშვიათად შემოდის ისეთი ინვესტიციები, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას იწვევს. გრძელვადიანი ინვესტიციები ჩვენთან არ შემოდის იმიტომ, რომ არ არის სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო, ქვეყანას არა აქვს სამოქმედო გეგმა და ბიზნესმა არ იცის, რა ელის 2-3 წლის შემდეგ. სწორედ ეს უნდობლობაა ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი - უნდობლობა ქვეყნისადმი, უნდობლობა ეკონომიკური გარემოსადმი. ამიტომ, სწორედ ეს საკითხები უნდა მოგვარდეს, რომ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელი შევუწყოთ და ამავე დროს, ადამიანის პიროვნულობა და ღირსებები დავიცვათ. ამიტომ, ბიზნესმა უნდა იცოდეს თავისი ვალდებულებები, ხოლო დასაქმებულმა - თავისი.
- არანაკლებ საინტერესოა კანონპროექტი მიგრაციასთან დაკავშირებით. რას გვეტყოდით მის შესახებ?
- დიახ, უცხოელების საქართველოში ჩამოყვანაზეც გარკვეული რეგულაციები უნდა დაწესდეს. ამ შემთხვევაშიც ამბობენ - ეს ბიზნესში ჩარევა და თავისუფლების შეზღუდვააო, მაგრამ აქ საუბარია არალეგალურ მიგრაციაზე. სახელმწიფო მოითხოვს დამსაქმებლისაგან იმის დასაბუთებას, თუ რა მიზნით, რა მიზეზით შემოჰყავს უცხოელი საქართველოში, არის თუ არა საჭირო მისი აქ ჩამოყვანა. რომ დავუფიქრდეთ, ზოგჯერ უცხოელი ინვესტორი იძულებული ხდება შემოიყვანოს მაღალი რანგის მენეჯერები და დაასაქმოს, იმიტომ, რომ აქ შესაბამისი კომპეტენციის ადამიანებს ვერ პოულობს. მეორეს მხრივ, არსებობს სახელმწიფოები, საიდანაც აქ გაცილებით იაფი მუშახელი შემოჰყავთ, ვიდრე ადგილობრივი ბაზარი სთავაზობს. ამიტომ, აქ საჭიროა რეგულაცია, რომ კომპანიამ ჯერ ადგილობრივ ბაზარზე უნდა მოძებნოს კადრი და თუ ვერ იპოვის, უცხოეთში მხოლოდ ამის შემდეგ ეძებოს. როგორც გითხარით, ეს ეხება ძირითადად არალეგალურ მიგრაციას. თუმცა, ეს კანონპროექტი მთლიანობაში საკმაოდ ლიბერალურია, რაც საშუალებას აძლევს სეზონურ შრომით იმიგრანტს 90 დღის ხანგრძლოვობით იმუშაოს აქ ყოველგვარი შრომითი ბინადრობის ნებართვის გარეშე. კანონპროექტს ლიბერალური მიდგომა აქვს უცხოელი სტუდენტების მიმართაც.
ჯერჯერობით ეს ყველაფერი განხილვისა და შემუშავების სტადიაშია. უკვე ძალიან ბევრ საკითხზე მიდის ცხარე დისკუსიები და ამ ფონზე, მათი საჯარო განხილვა და პროცესში საზოგადოების ჩართვა აუცილებელია.
ხათუნა ჩიგოგიძე