ხორვატიის ხელისუფლება მზად არის ქვეყნის დაბალი შემოსავლის მქონე 60 ათასამდე მოქალაქის კრედიტორების წინაშე არსებული დავალიანების ანულირება მოახდინოს.
სქემა, სახელწოდებით "ახალი სტარტი" შეეხებათ იმ ადამიანებს, რომელთა დავალიანებაც 5 ათას დოლარამდეა და ვისი საბანკო ანგარიშებიც დავალიანების გამო გაყინულია. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების დავალიანებას კრედიტორების წინაშე კერძო კომპანიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები დაფარავენ.
ზოგიერთი ანალიტიკოსის განცხადებით, ხორვატიის ხელისუფლების ეს ნაბიჯი პოლიტიკური ხასიათისაა და ქვეყანაში წელს გასამართ საყოველთაო არჩევნებს უკავშირდება. ხორვატიის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით კი, ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო, ვინაიდან იმ მოქალაქეთა უმრავლესობა, ვისაც ვალი ჩამოეწერება, ურთულეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ისე, რომ თავად ამაში არ არიან დამნაშავე.