მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ჩინური კვლევითი კომპანია Hurun Research Institute-ის მონაცემებით, გასულ წელს მსოფლიოს 222 ახალი მილიარდერი შეემატა.

მილიარდერთა რაოდენობა 68 ქვეყნის მასშტაბით რეკორდულამდე გაიზარდა და 2 089-ს მიაღწია. 2014 წელი კაპიტალის გაზრდის მხრივ, წარმატებული აღმოჩნდა 649 მილიარდერისთვის, 230 მილიარდერის ქონება კი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში, 2015 წელს მილიარდერის ტიტული 95-მა მილიარდერმა დაკარგა და მილიონერთა რიგებს შეუერთდა.

ბრიტანული გამოცემა ”ტელეგრაფის” ინფორმაციით, 2015 წლის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ჩამონათვალში, ინდოეთს პირველად ჰყავს დიდ ბრიტანეთსა და რუსეთზე მეტი მილიარდერი. 537 მილიარდერით სიის სათავეში კვლავ ამერიკაა, რომელსაც მოჰყვება ჩინეთი - 430 მილიარდერი. რაც შეეხება მესამე ადგილზე გასულ ინდოეთს, 2014 წელს ქვეყანაში მილიარდერთა რაოდენობა 70-დან 97-მდე გაიზარდა, რუსეთში მილიარდერთა რაოდენობამ 93 შეადგინა, დიდ ბრიტანეთს კი 80 მილიარდერი ჰყავს.

Hurun Research Institute-ის მონაცემებით, რუსული რუბლის ვარდნა და ეკონომიკური სტაგნაცია, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების გამო დაწესებული სანქციებისა და ნავთობის ფასის ვარდნის შედეგია, უარყოფითად აისახა რუს მილიარდერებზე, რომელთა 60%-ს ქონება შეუმცირდა. მთლიანობაში, რუს მილიარდერთა კაპიტალი 5%-ით შემცირდა.

საერთო ჯამში, მსოფლიოს 68 ქვეყანაში სულ მცირე, ერთი მილიარდერი მაინც ცხოვრობს. რაც შეეხება ქალაქებს, მილიარდერთა საყვარელ ქალაქად კვლავ ნიუ-იორკი რჩება - ”მილიარდერების დედაქალაქში” დღესდღეობით 91 მილიარდერი ცხოვრობს, მოსკოვში - 73, ჰონგ კონგში - 71, პეკინში - 68, 49 მილიარდერი კი უპირატესობას ლონდონს ანიჭებს.

Hurun Research Institute-ის კვლევის თანახმად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კვლავ ბილ გეითსია, რომლის ქონებამაც გასულ წელს 85 მილიარდი შეადგინა. ამერიკელ მილიარდერსა და ფილანთროპს რამდენიმე მილიარდით ჩამორჩება მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმი - 83 მილიარდი დოლარი, უორენ ბაფეტის ქონება კი 19%-ით გაიზარდა და 76 მილიარდი დოლარი შეადგინა. მსოფლიოს მილიარდერთა ათეულში Hurun Research Institute-ის მონაცემებით, პირველად მოხვდა ”ფეისბუქის” დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი.

კაპიტალის გაზრდის საუკეთესო საშუალებად მაღალი ტექნოლოგიების სექტორი რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს მსოფლიოს 222 ახალი მილიარდერი შეემატა, საერთო ჯამში, მილიარდერთა კაპიტალი 1,5%-ით შემცირდა და მთლიანობაში 6,7 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც დღემდე, ერთად აღებული, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მშპ-ზე მეტია.