შვეიცარიაში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელმაც Nord Stream 2 ააშენა, შესაძლოა, გაკოტრების შესახებ განაცხადოს. ექსკლუზიურ ინფორმაციას Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანია Nord Stream 2 AG აშშ-ს სანქციებით დაწესებულ ვადაში, ანუ 2 მარტამდე, პროექტში მონაწილე კომპანიების პრეტენზიების დაკმაყოფილებას ცდილობს.
შეერთებულმა შტატებმა Nord Stream 2 AG-ს სანქციები გასულ კვირას დაუწესა. Nord Stream 2 AG რეგისტრირებულია შვეიცარიაში და რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მან გასულ წელს 11 მლრდ დოლარის გაზსადენის პროექტი დაასრულა, რომლის მიზანიც რუსეთიდან გერმანიაში გაზის მიწოდების გაორმაგება იყო.
ორმა წყარომ ანონიმურობის პირობით Reuters-ს განუცხადა, რომ პოტენციურ გაკოტრებაზე საუბრები კონფიდენციალურია და Nord Stream 2 AG ფინანსურ მრჩეველთან გარკვეული ვალდებულებების დაფარვაზე მუშაობს, ხოლო გაკოტრების პროცესი ოფიციალურად შვეიცარიის სასამართლოში შესაძლოა, ამ კვირაში დაიწყოს.
Nord Stream 2 AG და „გაზპრომი“ Reuters-თან კომენტარს არ აკეთებენ.
1,230 კმ-იანი მილსადენი კომერციულად არ ოპერირებდა, რადგან გერმანიაში სერტიფიცირებას ელოდებოდა, ხოლო უკრაინის კრიზისის ესკალაციამ ეს პროცესი შეაჩერა.
აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა 23 თებერვალს აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომ 2 მარტიდან Nord Stream 2 AG-ს ან ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც Nord Stream 2 AG-ში, პირდაპირ ან ირიბად, 50%-ს ან მეტ წილს ფლობს ტრანზაქციები შეუწყდება.
„გაზპრომმა“ 11 მლრდ დოლარის ღირებულების Nord Stream 2-ის მშენებლობაში ნახევარი გადაიხადა, ხოლო პროექტის დარჩენილი ნაწილი ბრიტანული ნავთობისა და გაზის კომპანია Shell-მა, ავსტრიულმა OMV-მა, საფრანგეთის Engie-მ, ასევე, გერმანულმა კომპანიებმა, Uniper-მა და Wintershall DEA-მ დააფინანსეს.
გასულ კვირას რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის ნავთობის დიდმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ რუსულ ოპერაციებზე უარს ამბობენ. მათ შორის იყო Shell-იც, რომელმაც განაცხადა, რომ სხვა ინვესტიციებთან ერთად, Nord Stream 2-ის ინვესტირებასაც წყვეტს.
ამასთან, Nord Stream 2 AG-მა თანამშრომლებთან კონტრაქტების შეწყვეტა დაიწყო. შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრ გაი პარმელინმა შვეიცარიულ რადიო RTS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ Nord Stream-ის ყველა, 140-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც შვეიცარიის ქალაქ ზუგში მუშაობდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ამ ფონზე უცნობია, დაიხურება თუ არა Nord Stream 2 AG-თან დაკავშირებული ყველა ობიექტი ან როგორ აპირებს „გაზპრომი“ მილსადენის მომსახურების გაგრძელებას.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ