საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური აშენდება

საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარია.

სულ მალე საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური აშენდება, რომელსაც ”ქართლი” ერქმევა. 20 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა გორის რაიონში 2015 წელს დაიწყება. "ქართლი" პირველი საპილოტე პროექტია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ააშენებს. მისი საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარია. "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" ამჟამად, ბელგიურ კომპანია Tractebel engineering-თან საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულებას აფორმებს. ამავდროულად ბელგიური მხარე პროექტს სამშენებლო ეტაპზე და ექსპლუატაციაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.

პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას ამ დარგის სპეციალისტებიც ეხმაურებიან. ”საქართველოს პროგრესული ფორუმის” მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ვახტანგ ლომჯარია ამბობს, რომ ქარის ენერგიის გამოყენების მასშტაბები მსოფლიოში საკმაოდ დიდია და ამ მიმართულებას საქართველოც უნდა შეუერთდეს:

-  ქარის ენერგიის გამოყენება მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 20-25 პროცენტით იზრდება. განსაკუთრებით დაწინაურებულია ამ მხრივ ჩინეთი. 2006 წლამდე ქარის ენერგიის ათვისებაში ლიდერი გერმანია იყო, რომელმაც 70 პროცენტით გაზარდა დადგმული სიმძლავრეების რაოდენობა. თუმცა შემდეგში მას მნიშვნელოვნად გაუსწრეს ჩინეთმა და აშშ-მა, რომლებმაც დიდი ინვესტიციები განახორციელეს ენერგეტიკის ამ სფეროში. ქარის ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელი კი არის დანია, რომელიც მისთვის საჭირო ენერგიის 38 პროცენტს სწორედ ქარის ენერგიის გამოყენებით აკმაყოფილებს. ასევეა პორტუგალიაც.

ვახტანგ ლომჯარიას თქმით, ქარის ენერგიას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია:

- ქარის ენერგია ძალიან სუფთაა, ის არ აბინძურებს გარემოს, ამავე დროს, მისგან გაცილებით მეტი ენერგიის მიღება შეიძლება - ერთ ტურბინას შეუძლია დაახლოებით 600 ოჯახის მომარაგება ელექტროენერგიით. სწორედ ამიტომ მრავალი ქვეყანა ცდილობს ეს პოტენციალი აითვისოს, მათ შორის ჩვენი მეზობელი თურქეთიც, რომელმაც საკმაოდ გვიან დაიწყო ქარის ენერგიის ათვისება. აქვე უნდა ითქვას ის, რომ 1980-იანი წლებიდან ქარის ენერგია საკმაოდ გაიაფდა, ამ ტიპის ელსადგურის მომსახურების ხარჯები საკმაოდ დაბალია, მაგრამ აქვს უარყოფითი მხარეებიც: კერძოდ, ქარი შეიძლება მუდმივად არ იყოს. უარყოფითი მხარეა ისიც, რომ მოძრავ ტურბინებთან შეჯახებისას ყოველწლიურად ათასობით ფრინველი იღუპება. უარყოფით თვისებაა ისიც, რომ ქარის ელსადგური ხმაურიანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქარის ენერგიაზე უარი უნდა ვთქვათ. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ ენერგიის ასათვისებლად სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს.

ლომჯარიას აზრით, საქართველოში ქარის ენერგიის მოპოვება შეიძლება შედარებით ძვირი იყოს, მაგრამ ძალზე საყურადღებოა, რომ მას ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლია გარემოსთვის:

- ”ქართლი” პირველი მერცხალია, რომელიც სტიმულს მოგვცემს ამ სფეროში სხვა ინვესტორებიც მოვიზიდოთ. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ მომავალში მზის ენერგიის გამოყენებაც მოიმატებს იმიტომ, რომ ამ ენერგიის მოპოვების ტექნოლოგიაც ძალიან დაიხვეწა და ისიც საკმაოდ იაფი ჯდება, როგორც ქარის ენერგიისა. თუმცა, ჩვენში ეს ყველგან ვერ მოხერხდება, რადგან საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და აქ ქარის სიძლიერე ყველგან საკმარისი არ არის. ამ მიმართულებით უფრო აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებისა და სანაპირო ზოლის გამოყენება შეიძლება. ეს ძალზე საინტერესო სფეროა ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისითაც, უბრალოდ, სწორი დაგეგმვა და სწორი მენეჯმენტია საჭირო.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი რეზო არველაძე ფიქრობს, რომ საქართველომ პირველ რიგში, ის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი უნდა აითვისოს, რომელიც მას აქვს, თუმცა ეს ალტერნატიული გზების ძიებას სულაც არ გამორიცხავს:

- ჩვენი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, ანუ მდინარეებისა და წყლის ენერგია უფრო სტაბილურია, ვიდრე ქარის ენერგია, მაგრამ მეორე მხრივ რომ შევხედოთ, თუ საქართველოს ეკონომიკა განვითარდება, ალტერნატიული გზების გამოძებნა აუცილებელიც კი გახდება. სრულადაც რომ ავითვისოთ ჩვენი ჰიდრორესურსი, მაინც რაღაც დეფიციტი წარმოიქმნება, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, რადგან საქართველოს მდინარეების ჩამონადენი მკვეთრი სეზონურობით ხასიათდება- გაზაფხულზე და ზაფხულში წყლის ჩამონადენი 5-6-ჯერ აჭარბებს ზამთრის ჩამონადენს. მით უმეტეს, იანვარ-თებერვალში განსაკუთრებით დიდია მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე, მდინარეების ჩამონადენი კი - მინიმალურია. ამ სეზონზე ყოველთვის წარმოიქმნება დეფიციტი. აქედან გამომდინარე, საჭიროა ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა დაიფაროს ეს დეფიციტი და საპილოტო პროექტებიც განხორციელდეს.

არველაძის შეფასებით, გორის რაიონში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დროულია, თანაც, ეს საპილოტე პროექტია:

- ეს არის 20-მეგავატიანი სადგური, რომელიც გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ენერგიის ახალი, განახლებადი წყაროების გამოყენება. თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ქარის ენერგია ენერგიის არასტაბილური წყაროების რიგს მიეკუთვნება იმიტომ, რომ ქარის პორგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია - კაცმა არ იცის, ქარის სიჩქარე როდის გაიზრდება, ან შემცირდება. დღეს საქართველოს ეკონომიკა არ არის ისე განვითარებული, რომ ამგვარი სადგურების მშენებლობა მასობრივად დაიწყოს, მაგრამ თუ ისე განვითარდება, როგორც საჭიროა, ადრე თუ გვიან მაინც წარმოიქმნება ენერგიის დეფიციტი და აუცილებელი გახდება ენერგიის სხვა წყაროების ჩართვაც. საქართველოს აქვს ნახშირი, რომელსაც შაორი-ტყიბულის მაღაროებში მოიპოვებენ, ასევე აქვს ქარისა და მზის ენერგია, რომელთა ჩართვა ამ სფეროში მართლაც შეიძლება. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა როლი მიენიჭება ამ წყაროებს. ამიტომაც, ყურადღებით უნდა შევისწავლოთ ქარისა და მზის ელექტროსადგურების პოტენციალი, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუნდაც ის, რომ ქარის ელექტროსადგური დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ უნდა იყოს. ეს ყველაფერი გამოსაკვლევი და შესასწავლია. ამ შემთხვევაში ალტერნატიული წყაროები მართლა შეიძლება გახდეს დამატებითი ენერგიის წყარო, რომელიც დაეხმარება და ხელს შეუწყობს ჩვენს ძირითად მიმართულებას - ჰიდროენერგეტიკას.

ხათუნა ჩიგოგიძე

სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე: Winds of Fortune – Georgia’s first steps towards taming the wind energy