”წინა ხელისუფლების პერიოდში, რვა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა თავი მოიკლა".
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღგ-სგან და K2 ტიპის მოსაკრებლისგან თავისუფლდება ის ობიექტები, რომლებზეც სამშენებლო ნებართვა გაცემულია 2008 წლის აგვისტომდე და დღემდე ძალაშია. თანხები, რომლის ჩამოწერაც მოხდება, 100-დან 200 მილიონ ლარამდეა. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა ჟურალისტებს განუცხადა. ”ეს შეეხება 15 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს და 15-ზე მეტ კომპანიას. ხუციშვილი ამ ეტაპზე კონკრეტულ კომპანიებს არ ასახელებს. ეს შეღავათები წესდება იმ პირობით, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ობიექტებზე გაგრძელდება სამუშაოები და ამ სამი წლის განმავლობაში დასრულდება მშენებლობა. ეს შეღავათები წესდება ზოგადად დარგისთვის”, - განაცხადა ხუციშვილმა. მისივე თქმით, მთავრობას მომზადებული აქვს შესაბამისი კანონპროექტი და ეს ინიციატივა ძალაში პარლამენტის მხრიდან კანონპროექტის მიღების შემდეგ შევა.
bpn.ge ,,ცენტრ-პოინტის" წარმომადგენელს, ვახტანგ რჩეულიშვილს და მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ირაკლი როსტომაშვილს დაუკავშირდა..
ვახტანგ რჩეულიშვილი: ”მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მენაშენეთა ასოციაციასთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად, დიდი ხანია ამ მიმართულებით ვმუშაობთ. საუბარია 2008 წლის აგვისტომდე დაწყებულ და არსებული მდგომარეობით, როგორც დამთავრებულ, ასევე შეჩერებულ მშენებლობებზე დაგროვილი გადასახადების ჩამოწერაზე. გადასახადებისთვის საჭირო თანხა რომ დაგვეგროვებინა, ქონება უნდა შეგვექმნა. ეს პროცესი კი ბევრი ფაქტორის გამო შეფერხდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, ჩვენი გათვლებით, დღგ-ს გადასახადი 70-75 მილიონს აღწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნახევარი მილიარდის ღირებულების უძრავი ქონება მაინც უნდა აგვეშენებინა, 70 მილიონი რომ გადაგვეხადა. მოსაწესრიგებელი იყო ეს საკითხი. ბიუჯეტს ამ გადაწყვეტილებით არაფერი დაუკარგავს. ეს თანხა ბიუჯეტში მაინც ვერ შევიდოდა. ეს გადაწყვეტილება რომ არ მიეღოთ, გადასახადს ვერ ამოიღებდნენ. და, ამავდროულად, კომპანიებსაც გააკოტრებდნენ. ახლა კი კომპანიები გადარჩებიან. აქტივებს შეინარჩუნებენ, მშენებლობას გააგრძელებენ და კლიენტებსაც გაისტუმრებენ. ეს კი, რა თქმა უნდა, ეკონომიკასაც დაეტყობა. ამიტომაც არის, რომ მხარს ვუჭერთ და მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. ”ცენტრ-პოინტის" შემთხვევაში, მოუწესრიგებელი რჩება თბილისის და ბათუმის მერიის მიერ ჩვენთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საკითხი, რაც ათეულობით მილიონ დოლარს აღწევს. თუმცა ეს სასამართლოს გზით მოსაგვარებელი საკითხია და ამ კონტექსტში არ განიხილება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის? გაირკვა, რომ ჩვენ თაღლითები კი არა, დაზარალებულები ვართ, ვინაიდან ომის შემდეგ დაზარალებულ კომპანიებს უწევენ ამ შეღავათს. ეს ჩვენს კომპანიას ყველაზე მეტად შეეხო, ვინაიდან იმ დროს სამშენებლო ბაზრის 55% გვეკავა”.
ირაკლი როსტომაშვილი: ”მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საგადასახადო ამნისტიას, ალბათ, ვერ ვუწოდებთ, რადგან კონკრეტული ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ომის პერიოდში დაზარალებულებთან გვაქვს საქმე. ვინც ომის მერე დაიწყო მშენებლობა, მასზე უკვე ბიზნესის და საბაზრო ეკონომიკის კანონებმა უნდა იმუშაოს. ერთ ფაქტს გავიხსენებ. 7 აგვისტოს ერთ-ერთმა კომპანიამ მიიღო შეტყობინება, რომ მშენებარე სახლებისთვის ფოთში ლიფტები ჩამოვიდა. მაგრამ მათ ტვირთის განბაჟება და ჩამოტანა ვერ მოახერხეს საომარი მდგომარეობის გამო. ხოლო მოგვიანებით, როცა ფოთში ჩასვლა შესაძლებელი გახდა, საწყობის ღირებულება გადაახდევინეს ტვირთის შენახვისთვის. უკან დაბრუნებულებმა მოსახლეობისგან საყვედური მიიღეს, მშენებლობა დაგვიგვიანეო. ბანკმა პროცენტი დაარიცხა. ანუ, ყველაფერმა მშენებლის კისერზე გადაიარა.
მთავრობის ეს გადაწყვეტილება არაერთ პრობლემას ჭრის. დასრულებულ ბინებში, სადაც მოსახლეობა უკვე ცხოვრობს, მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებული არ არის. კომპანიამ კონკრეტულ მოქალაქეს ფართი რომ გადაუფორმოს, საგადასახადო დავალიანების დაფარვაა აუცილებელი. ამის გამო ბინების ექსპლუატაციაში შესვლა, მეპატრონეზე გაფორმება ვერ ხერხდებოდა. ასეთი გადაუფორმებელი ფართები დაახლოებით 30-40 პროცენტია. საუბარია უზარმაზარ კაპიტალზე, რომელიც არა მარტო კონკრეტული მოქალაქის საკუთრებაა, არამედ, როგორც ჩემი, ასევე, ბევრი ექსპერტის ხედვით, ქვეყნის კაპიტალიცაა. მაგალითად, პიროვნებას აქვს ბინა, რომელიც 50 000 დოლარი ღირს და ოფიციალურად არ აქვს გაფორმებული. თუ მას ახალი ბიზნესის წამოწყების შანსი გაუჩნდება, იმის გამო, რომ ბინა გაფორმებული არ არის, ბანკიდან სესხის აღებას და შესაბამისად, ბიზნესის წამოწყებას ვერ შეძლებს. ანუ, ეს გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდის, მოხდეს უკვე აშენებული ბინების ოფიციალური რეალიზაცია და სხვადასხვა საქმიანობისთვის გამოყენება. არის სხვა შემთხვევებიც. როდესაც კონკრეტულ კომპანიას საგადასახადო დავალიანება, ან, გადავადება აქვს, და ის ამ გადასახადს ვერ იხდის. ამ შემთხვევაში იწყება გაკოტრების პროცედურა. წინა ხელისუფლების პერიოდში, რვა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა თავი მოიკლა ხელისუფლებისგან მუქარის გამო. სამშენებლო და სხვა სახის კომპანიებზე წნეხი უკვალოდ არ დაკარგულა და თავისი უარყოფოთი შედეგები გამოიღო. სახელმწიფომ დღეს დაინახა, რომ კრიზისის შემთხვევაში, მით უფრო, თუ ეს კრიზისი ომით არის გამოწვეული, კომპანიებს უნდა დაეხმაროს. მთელს მსოფლიოში, მათ შორის, ამერიკასა და ბრიტანეთში, კრიზისის დროს სახელმწიფო დაეხმარა სამშენებლო კომპანიებს. ჩვენთან ეს არ მომხდარა, რამაც პრობლემების დაგროვება გამოიწვია. ამით მხოლოდ ბანკები გამდიდრდნენ. იყო შემთხვევები, როცა კომპანიას 14%-იანი სესხი უნდა მიეღო ბანკისგან, მაგრამ ომის შემდეგ, ბანკმა რისკების გაზრდის გამო, პროცენტი გაზარდა. ამის დოკუმენტები არსებობს.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ კომპანიები, რომლებსაც აქვთ საგადასახადო დავალიანება, ახალ საქმესაც ვერ იწყებენ. არც ინვესტორი, არც ბანკი არ აფინანსებს კომპანიას, რომელსაც დავა აქვს საგადასახადო ორგანოებთან. ანუ, ჩაკეტილი წრე შეიკრა. ჩვენ ეს წინადადებები მთავრობასა და პარლამენტში ორნახევარი წლის წინ შევიტანეთ. ჩვენი მოთხოვნა იყო საგადასახადო შეღავათების და არარეალური გადასახადების ჩამოწერა. ერთ-ერთი საკითხი კი ბანკებისთვის არაპროფილური ბიზნესების აკრძალვა იყო. როგორც ჩანს, მოგვიანებით, მაგრამ, მაინც მიხვდნენ ჩვენი წინადადებების მართებულობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი უფრო ადრე რომ გადაედგა მთავრობას, ლარი დღეს ასეთი პრობლემური არ იქნებოდა. თუ სახელმწიფომ ამნისტია პატიმრებს გამოუცხადა, ეს ბიზნესის მისამართითაც უნდა გაკეთებულიყო. ბიზნესსაც ხომ ძარცვავდა სახელმწიფო ხელისუფლება. მაგრამ, როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
ამ ნაბიჯის შემდგომ ინვესტორებიც გააქტიურდებიან, რადგან ისინი მოლოდინის რეჟიმში იყვნენ. მაგალითად, მშენებლობაა ყიფშიძის ქუჩაზე, რომლის დამატებითი ღირებულების გადასახადი 6 მილიონია. მის დასრულებას 20 მილიონი სჭირდება. ანუ მოგებას ტოვებს მილიონს. გამოდის, რომ კომპანიამ მის დასრულებაში უნდა ჩადოს 26 მილიონი, რომ 1 მილიონი აიღოს. ეს არის ბევრად უარესი, ვიდრე ბანკში თანხის შეტანა და იქიდან დეპოზიტის აღება. 6 მილიონის ჩამოწერის შემთხვევაში კი ინვესტორისთვის ამ მშენებლობის დასრულებაში ფულის ჩადება უკვე მისაღებია. დაახლოებით 700-1000 ადამიანიც დასაქმდება. სახელმწიფო უნდა მიხვდეს იმასაც, რომ ერთ დიდ ინვესტორს ბევრად სჯობია შედარებით მცირეთანხიანი ბევრი ინვესტორი. ეს ეკონომიკას უფრო წაადგება”.
ნონა ბურნაძე