2022 წლის მარტსა და აპრილში საგრძნობი განსხვავებები შეინიშნება შერჩეული ქვეყნების რეზიდენტების შემოსვლებსა და გასვლებს შორის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში შემოსული მოგზაურების მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებია. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.
„რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკამ გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები რუსების, ბელორუსების და უკრაინელების შემოსვლებსა და გასვლებს შორის.
იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული სტატისტიკური შეუსაბამობები, 2022 წლის მარტისა და აპრილის განმავლობაში, რუსების, უკრაინელებისა და ბელორუსების საქართველოში შემოსვლების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმავე პერიოდში ქვეყნიდან გასვლების რაოდენობას. აღნიშნული განსხვავება განსაკუთრებით დიდია რუსებისთვის, რომლებსაც მოჰყვებიან უკრაინელები და ბელარუსები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ შერჩეული ქვეყნებიდან მოგზაურთა მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყანა არ დაუტოვებია. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს მხოლოდ მარტსა და აპრილში შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი განსხვავებები შემოსვლებსა და გასვლებს შორის,“- აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, როგორც PMCG-ს კვლევაშია ნათქვამი, 2022 წლის მარტ-აპრილში რუსეთიდან შემოვიდა 93.9 ათასი მოქალაქე, ხოლო გავიდა - 56.1 ათასი; უკრაინიდან შემომსვლელთა რაოდენობა იყო - 38.9 ათასი, გამსვლელთა კი - 19.4 ათასი; რაც შეეხება ბელარუსს, საანგარიშო პერიოდში ბელარუსიდან საქართველოში შემოვიდა 28.3 ათასი მოქალაქე და გავიდა 12.8 ათასი.