კახეთის ზოგიერთ რაიონში რთველი უკვე დაიწყო, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 სექტემბრისათვის შევა აქტიურ ფაზაში. რთველი ქართველი მევენახესთვის ყველაზე საპასუხიმგებლო და საზეიმო რიტუალია. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მევენახეებს აღარ ეზეიმებოდათ, მუდმივად იყო მოსავლის გასაღების პრობლემა. ამიტომ, წლევანდელ რთველს მევენახეები უფრო იმედიანად ელიან, რადგან ღვინის კომპანიების მხრიდან მოთხოვნა იზრდება.
რთველი წელს და შარშან
"ინდუსტრიის მხრიდან ინტერესი და მობილიზაცია საკმაოდ დიდია. დაახლოებით 80-მდე კომპანიას უკვე გამოთქმული აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს პროცესში და ყურძენი ჩაიბაროს. რაც შეეხება მოსავალს, მოლოდინი საკმაოდ მაღალია და, შესაბამისად, მაღალია მოლოდინი იმისა, რომ ამ მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილს, 50-60% -ს, ინდუსტრია გადაამუშავებს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინიტრმა, შალვა ფიფიამ.
როგორც ღვინის მწარმოებლები აცხადებენ, წინა წლებში რთველი იწყება ყურძნის სათანადოდ დამწიფების შემდეგ და არა 10–15 დღით ადრე, რაც მხოლოდ სახელმწიფო კომპანიების ინტერესებს ემსახურებოდა. მეღვინეები ამბობენ, რომ ნაადრევი რთველი აწყობდათ „გრუზვინპრომსა“ და „აკურას ღვინის ქარხანას“, სადაც მხოლოდ ღვინომასალა, სპირტის ნედლეული და ღვინის კონცენტრატი იწარმოება. მოძველებული ტექნოლოგიური ხაზები ყურძნის გადამუშავებისთვის მეტ დროს მოითხოვდა, შესაბამისად რთველს ადრე იწყებდნენ, რომ სრული მოსავლის გადამუშავება მოესწროთ. ეს კი კერძო კომპანიებს ამავე გრაფიკზე გადასვლას აიძულებდა. ფაქტობრივად, სახელმწიფო თამაშის წესებს ადგენდა. ”გრუზვინპრომისა” და ”აკურას ღვინის ქარხნის” გასხვისება წლის ბოლოსთვის იგეგმება. მინისტრმა შალვა ფიფიამ „რთველი 2013–ის“ მოსამზადებელი სამუშაოების პრეზენტაციისას სახელმწიფო კომპანიების პრივატიზების მოსამზადებელ ღონისიებებზეც ისაუბრა.
ამასთან, მთავრობამ მწარმოებლებს 15–თვიანი შეღავათიანი სესხი და 25 მილიონიანი პირდაპირი დაფინანსება შესთავაზა. „რქაწითელისა” და ”„კახური მწვანეს“ სუბსიდირება კილოგრამზე 40 თეთრით, ხოლო „საფერავის“ ჯიშის ყურძნის შესყიდვა 25 თეთრით სუბსიდირდება (ალექსანდროულის, მუჯირეთულისა და ცოლიკოურის ჯიშის ყურძენზე მოთხოვნა ისედაც მაღალია).
გლეხები მთავრობის დაპირების რეალიზაციას იმედიანად ელიან. შარშან ბევრს ყურძენი დაულპა, თავად გადამუშავება ვერ შეძლეს, ჩაბარება კი გაუჭირდათ. „რეპრესიები“ ძირითადად იმ ფერმერებზე გავრცელდა, რომლებსაც ვაზი 10 ჰექტარზე მეტი ფართობის ვენახში ჰქონდათ გაშენებული და უხვი მოსავალი მიიღეს. ასეთ ვანეხებში მოკრეფილი ყურძნის შემძენი ღვინის კომპანიები სახელმწიფო ვაუჩერიზაციის პროგრამას ავტომატურად ეთიშებოდნენ. კომპანიების წარმომადგენლები ყვებიან, რომ მათი სურვილის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იყო ყურძნის შეძენა ფერმერისაგან, რომელსაც 10 ჰექტარზე მეტი ფართობის ვენახი ჰქონდა, რადგან სახელმწიფოსგან არაფორმალურად ეკრძალებოდათ.
„უხვმოსავლიან ფერმერებს ფაშისტებად მოიხსენიებდნენ, არა და ყველაზე ხარისხიანი ყურძენი სწორედ მათ ზვრებში მოიკრიფა. კარგი ღვინო კარგი ყურძნისგან მიიღება. მევენახე მთელი წლის განმავლობაში უნდა ზრუნავდეს, სართვლოდ მარანში შესაბამისი კონდიციის მოსავალი მიიტანოს. ღვინის მაღალი ხარისხის მიღწევა წარმოების სრულ ციკლზეა დამოკიდებული, ანალოგიურ ციკლურობას მოითხოვს მოვლაც. შარშან ამას ყურადღებას არავინ აქცევდა, მთავარი მთავრობის მადლიერი გხელების რაოდენობა იყო. თითო–თითო ტონა ყურძნის ჩამბარაბელი კი ჯამში ბევრი გამოდიოდა. ამიტომ 1 და 10–ს შორის მარტივი შეფარდებით იხელმძღვანელეს და თამაშის წესებიც ამ პროპორციით განსაზღვრეს“, – ამბობს „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი კახა ზუკაკიშვილი და იმედოვნებს, რომ წელს ეს დანაშაულებრივი სქემა საბოლოოდ მოიშლება.
სოფლის მეურნეობის მინისტრი, შალვა ფიფია ამის პირობას იძლევა. საწყის ეტაპზე მთავრობის ტერმინოლოგიიდან ტერმინი "ყურძნის ჩაბარება“ ამოვარდა და „გაყიდვამ“ ჩაანაცვლა. კომპანიებიც „რთველი 2013–ის“ ფარგლებში 150 ტონა ყურძნის მოსავლის შესყიდვას აპირებენ.
“თამაშის სამართლიანი წესები თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც გამყიდველის ასევე მყიდველისთვის. ამასთან მთავრობა აღარ დაუშვებს სახელმწიფო კერძო სექტორს კონკურენციაში ჩაუდგეს და ბიზნესში უხეშად ჩაერიოს. ინდუსტრიის სუბსიდირების წლევანდელი პროგრამა წინა,ვაუჩერიზაციისგან კარდინალურად განსხვავებულია. სუბსიდირების პროგრამაში ერთვება ყველა კომპანია, რომელიც ყურძენს 1 ლარად და მეტ ფასად შეისყიდის და ამის სურვილი უკვე 80–ზე მეტმა მწარმოებელმა გამოთქვა. 25 მილიონიანი პირდაპირი დაფინანსების გარდა „შეღავათიან აგროკრედიტს“ 15-თვიანი კრედიტი დაემატა. წლიური 12%- 15% განაკვეთით, საიდანაც 9%-ს სახელმწიფო ფარავს”, - განაცხადა შალვა ფიფიამ.
საექსპორტო ბაზრები და სტრატეგია
როგორც ირკვევა, ”შეღავათიანი აგროკრედიტის” პროდუქტზე კომპანიების მხრიდან მაღალი მოთხოვნაა. პროექტის 13–ივე კონტრაქტორთან ( 12 კომერციული ბანკი და 1 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) სასესხო განაცხადი 20–ზე მეტმა ღვინის კომპანიამ შეავსო. მათ შორისაა „ბატონო“ და „თელავის ღვინის მარანი“, რომელსაც წლიური 12%–იანი განაკვეთით, 9%–ის სუბისიდირებით, 2 მლნ ლარის ღირებულების სესხი ბანკმა უკვე დაუმტკიცა. კომპანია თანხის დახარჯვას ტექნოლოგიური ხაზის გაფართოების მიზნით გეგმავს, რათა ყურძნის გაზრდილი მოსავლის გადამუშავება შეძლოს. წელს ის საკუთარი ვენახებიდან 2 500 ტონა მოსავალს ელის და ამავე მოცულობით ყურძნის შესყიდვას ფერმერებისაგან აპირებს.
საშუალოდ 700–2 000 ტონის ფარგლებში ვარაუდობენ ყურძნის შესყიდვას სხვა კომპანიები. „ბატონოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ნოდარ ბაგაური 700 ტონის გადამუშავებისთვის გამოთქვამს მზადყოფნას და სამომავლოდ წარმოების გაფართოებისთვის სახსრების მოზიდვას 15–თვიანი სესხის აღებით აპირებს.
მეღვინეები წარმოების მასშტაბების ზრდის საჭიროებას რუსეთის ბაზრის გახსნითა და ექსპორტზე გაზრდილი მოთხოვნით ხსნიან, თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც სხვა ბაზრებზე კეთდება, მათ შორის უკრაინის, პოლონეთის, ჩინეთის - სადაც გადაზიდვების წლიური ზრდა 40%–ს აღწევს.
რუსეთსა და სხვა საექსპორტო ბაზრებზე იანვარ-ივლისში ჯამში 12,1 მლნ ლიტრია ექსპორტირებული (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ით მეტი). ექსპორტის ჯამური ღირებულება 47 322 625 აშშ დოლარია (წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 23%-ით მეტი).
დარგის ექსპერტები მთავრობასა და კომპანიებს ინდუსტრიის განვითარებისთვის კომპლექსურ მიდგომას ურჩევენ. მთავარი კომპონენტი აგრესიული მარკეტინგული კამპანიაა, რომლითაც ფრანგებმა საკუთარი ღვინოების პოპულარიზაცია შეძლეს ჩინეთისა და რუსეთის ბაზრებზე.
მწარმოებლები თანხმდებიან, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო გრძელვადიან პერსპეტივაში მხოლოდ რუსი მომხმარებლის ნოსტალგიის წყალობით პოზიციებს ვერ შეინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ წელს მოსკოვის მსხვილი სავაჭრო ქსელის 6 000 მაღაზიაში 12 დასახელების ქართული ღვინიდან, 2 კვირაში მხოლოდ 3 დასახელების ღვინოღა იყო დარჩენილი.
მეღვინეობის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში
მაღალი მოთხოვნის შენარჩუნებას ღვინის ხარისხი განაპირობებს, რაც ყურძნის ჯიშურ სიწმინდეზეა დამოკიდებული. კომუნისტურ ეპოქაში ქართული მევენახეობის ჯიშური მრავალფეროვნება ძალიან დაკნინდა. ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიშიდან გამრავლების საშუალება მხოლოდ რამდენიმეს მიეცა. სხვები საკოლექციო ნაკვეთებში დარჩა. ვენახებში გავრცელდა საეჭვო ღირსების ჰიბრიდები, რომლებსაც მოვლა ნაკლებად ესაჭიროებოდა, მოსავლით კი კულტურულ ჯიშებს აღემატებოდა.
საბოლოოდ 2–3 დომინანტური ჯიში შემორჩა, კახეთში - რქაწითელი, საფერავი და კახური მწვანე; დასავლეთში - ცოლიკოური და ციცქა, რომლითაც ტვიშს აწარმოებენ და რაჭაში ხვანჭკარის ჯიშები – ალექსანდრეული და მუჯურეთული.
დღეს რქაწითელის ვენახებში ხშირად გვხდება ბუერა და სხვა უცნობი ჰიბრიდული ყურძენი. საფერავის ვენახებში შერეული წითელყურძნიანი სასუფრე, უცნობი უცხოური და ადგილობრივი კულტურული ჯიშებიც: კაბერნე, მერლო, პინო, თავკვერი. ციცქასა და ცოლიკოურში, გაურკეველი სასუფრეს გარდა შერეულია სხვა ჯიშებიც. მათ შორის კრახუნა, დონდღლაბი, კუნძა და კაბისტონი. ამის გამო იმ ღვინოებში, სადაც მარტო ერთი ყურძნის ჯიშური თვისებები უნდა იგრძნობოდეს, მრავალფეროვანი ბუკეტი გვხვდება, რაც ღვინოს მნიშვნელობას უკარგავს.
დარგის სპეციალისტები გამოსავალს ვენახების ფართობის აღწერასა და ჯიშური შემადგენლობის შესწავლაში ხედავენ, რაც შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია.
ყურძნის ჯიშების მიხედვით ვენახების დარაიონება, ფართობის აღწერისა და აღრიცხვიანობის საკადასტრო სისტემის შექმნასთან ერთად, სამინისტროს 2014 წლის სამოქმედო გეგმაშია გათვალისწინებული. სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მომავალი წლის პროგრამაში კიდევ რამდენიმე პუნქტია: ყურძნის რაოდენობისა და წარმოების მასშტაბების განსაზღვრა რაიონების მიხედვით; შიდა კოოპერირება ცალკეული მეურნეოებების მიხედვით; მცირე საწარმოების ხელშეწყობა, რათა მცირე ბიზნესი მსხვილზე აღარ იყო დამოკიდებული; კოოპერატივების შექმნა. კოოპერაციულმა მეურნეობებმა ბაზრების უწყვეტი და სტაბილური მომარაგება უნდა უზრუნველყოს.