რატომ შემცირდა ევროპელი ტურისტების რაოდენობა - „საერთაშორისო მოგზაურები ევროპიდან გაცილებით უფრო მხარჯველები არიან“

„2019 წლის ტურიზმის 50% არის აღდგენილი. მაგრამ, აქ გარკვეული ტენდენციები გამოიკვეთა. აშკარაა, რომ უფრო გალფის ქვეყნებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან არის შემოდინება“,- ამის შესახებ ჰოტეილერმა მაია მურაჩაშვილმა „პალიტრანიუსის“ გაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი ტურისტების რაოდენობა შემცირდა, ეს მაშინ, როდესაც ისინი გაცილებით მაღალმხარჯველობითუნარიანები არიან.

ამასთან, მაია მურაჩაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ წელს ევროპელმა ვიზიტორებმა ნაკლები იმოგზაურეს, საქართველოს მხრიდანაც ძირითადი აქცენტი გალფის ქვეყნებზე გაკეთდა და არა ევროპაზე.

„ტურიზმი წელს საკმაოდ გამოცოცხლებული იყო, ტენდენციები თავისთავად პოზიტიურია, განსაკუთრებით 2020-21 წლების შემდეგ. თუმცა, 2019 წელის ნიშნულს, ჯერ ვერ დავეწიეთ. სტატისტიკურად რომ შევადაროთ, 2019 წლის ტურიზმის 50% არის აღდგენილი. მაგრამ, აქ გარკვეული ტენდენციები გამოიკვეთა. აშკარაა, რომ უფრო გალფის ქვეყნებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან არის შემოდინება, საერთაშორისო მოგზაურების. ძალიან იკლო ევროპიდან საერთაშორისო მოგზაურების შემოდინებამ. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ საერთაშორისო მოგზაურები ევროპიდან გაცილები უფრო მხარჯველები არიან, ვიდრე გალფის ქვეყნებიდან. აქედან გამომდინარე, ხარჯვით წილიც შემცირდა.

მინდა ვთქვა, რომ რიგ შემთხვევებში, თუ არ გავითვალისწინებთ ბათუმს და ზღვისპირა რეგიონს, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი მიაწყდა (თუნდაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, იგივე უკრაინიდან, რუსეთიდან), დანარჩენ რეგიონებში შემცირდა კიდეც სასტუმროების ღირებულება.

გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ომმა, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში, ძალიან შეგვიმცირა ნაკადები ევროპიდან. საქართველოდანაც, ტურიზმის ადმინისტრაციისგან და სახელმწიფოსგან პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით, უფრო გალფის ქვეყნებზე გაკეთდა აქცენტი. მათთან მოხდა, ჩარტერული რეისების დამატება და ა.შ. აქედან გამომდინარე მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მივიღეთ უფრო მეტი ტურისტი, ეს თავისთავად ძალიან კარგია, თუმცა ისევ იმ სტატისტიკას რომ დავეყრდნოთ, რომელი სტატისტიკაც ტურიზმის ადმინისტრაციას უდევს, თუნდაც ამ ქვეყნებიდან, 2019 წელის მაჩვენებელს ვერ დავეწიეთ ტურისტების რაოდენობით, 35%-ით ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით.

გამომდინარე იქიდან, რომ შუაგულ ევროპაში, უკრაინაში ახლა ომია და საკმაოდ არასტაბილური მდგომარეობაა, თავის მხრივ ევროპამაც შეზღუდა ჩვენსკენ სიარული. მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ წელს ჩვენ დაგვაკლდა საერთაშორისო გამოფენებიც. სულ 6 საერთაშორისო გამოფენაზე იყო საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია, ჩვენთან, კერძო სექტორთან ერთად, წარმოდგენილი. მომავალი წლიდან ვისურვებდი, უფრო მეტი აქცენტი ევროპაზე გაკეთებულიყოს, რადგან ის არის მაღალმხარჯველობითუნარიანი. თუმცა, ის, რაც მივიღეთ, წელსაც იყო ძალიან კარგი სტარტი“,- განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

ნინი ქეთელაური