საქართველოს ბაზრიდან ცნობილი ბრენდის სიგარეტები შესაძლოა, გაქრეს

არსებული ინფორმაციით, "ფილიპ მორისსა" და "ომეგას" შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, ადგილობრივი ბაზრიდან  შესაძლოა, ”მარლბორო”, ”პარლამენტი”, ”ჩესტერფილდი” და კიდევ რამდენიმე დასახელების სიგარეტი გაქრეს.

ყველა ეს სიგარეტი თამბაქოს მწარმოებელი და იმპორტიორი მულტინაციონალური კომპანიის, ”ფილიპ მორისის” ბრენდებს წარმოადგენს. „ფილიპ მორისმა“ საქართველოში მისი პროდუქციის დისტრიბუტორ ”ომეგა ჯგუფთან” ურთიერთობა რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა.

”ომეგა ჯგუფში” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც კომპანიაში ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, ”ომეგა ჯგუფის” მენეჯმენტი 14 იანვრამდე შვებულებაშია და ამ ეტაპზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებენ. ”ბიზნესპრესნიუსი” ამ დრომდე ელოდება კომენტარს ”ფილიპ მორისის” ქართული წარმომადგენლობიდანაც.

ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვეა გაურკვევლობაში არიან თანამშრომლებიც, რომელთაც არ იციან, რა ბედი ეწევათ. თანამშრომელთა თქმით, მართალია სამსახურში ამ დრომდე დადიან, თუმცა მათთვის უცნობია, შეუნარჩუნდებათ თუ არა სამსახური. „ომეგას“ სიგარეტის ფაბრიკა, რომელიც ათამდე დასახელების სიგარეტს აწარმოებდა, ამ დრომდე დახურული რჩება.

შეგახსენებთ, რომ ”ომეგა ჯგუფს” სიგარეტების ფაბრიკაც ჰქონდა (”ოჯთ”-ს ფაბრიკა), რომელიც 2015 წლის ნოემბერში დაიხურა. ჯერ კიდევ 12 ნოემბერს კომპანიის კადრების განყოფილებაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ სიგარეტის ფაბრიკაში რეორგანიზაცია მიმდინარეობდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ გაიხსნებოდა.

რაც შეეხება ”ფილიპ მორისის” ბრენდებზე ფასების მატებას, გავრცელებული ინფორმაციით, ფასების მატება თავად მაღაზიების გადაწყვეტილების შედეგია. მაღაზიის მეპატრონეებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ პროდუქციის არსებული ნაშთები მალე ამოიწურებოდა, შექმნილი ვითარებით ისარგებლეს და პროდუქციაზე ფასები თვითნებურად გაზარდეს.

თამარ კორკოტაშვილი