ფართოდ მოშვებული ქამრები - რა დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი ღარიბაშვილს?!

რისთვის ხვდებიან ავტოდილერები ბიზნესომბუდსმენს?!

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ავტოდილერები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ და მთავრობის ერთ-ერთ დადგენილებაში ის პუნქტი გააპროტესტეს, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო სტრუქტურებს­ იაფი ავტომობილების შესყიდვის უფლება­ შეეზღუდათ. მათი მტკიცებით, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თავის დროზე შეცდომაში შეიყვანეს და მნიშვ­ნელოვან დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს, რომელმაც ქამრების შემოჭერის ნაცვლად, ჩინ­ოვნიკებს ძვირად ღირებული მანქანების­ შესყიდვის აუცილებლობა დაუკანონა, რითაც ავტობიზნესში ჩართულ საშუალო სეგმენტს დიდი დარტყმა მიადგა.

ალბათ გახსოვთ, თავის დროზე გამგებლების (და არა მხოლოდ მათი) ძვირად ღირებული მანქანები მთავრობის ადმინისტრაციაში მსჯელობის საგანი გახდა. შეიმუშ­ავეს წესი, რომელიც ავტომობილების შესყიდვის საკითხს დაარეგულირებდა. ეს წესი გარკვეულწილად იმასაც განსაზღვრავდა, რომ შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკს რანგით მასზე მაღალ თანამდებობის პირზე უფრო ძვირად ღირებული ავტომობილი არ მომსახურებოდა (რა თქმა უნდა, სახელმწიფო ფულით შესყიდული).

ერთი შეხედვით, ამ კეთილშობი­ლურ პროექტში ერთი პატარა, მაგ­რამ საინტერესო­ ჩანაწერი გაჩნდა - სამთავრობო სტრუქტურები­სთვის შესასყიდი ავტომობილის­ მოთხოვნათა ნუსხაში­ ჩაიწერა, რომ სა­ვალდებ­უ­ლოა უსაფ­რთხოების დამად­ასტ­უ­რებელი­ დოკუ­მენტის, ამერიკული ან ევრ­ოპული "ქრაშ ტესტის" ქონა. ავტოდილერების მტკიცებით, სწორედ ამ ჩანა­წე­რით სახელმწიფო სტრუქტურებს იაფი ავტომობილების შესყიდვის შესაძლებლობა შეეზღუდათ, რადგან ჩინური და კორეული წარმოების მანქა­ნებს ასეთი­ "ქრაშ ტესტი" არ გააჩნიათ.

ავტოდილერებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას მიმართეს...

გიორგი გახარია: - ავტოდილერებმა მართლაც მომმართეს, ვსწავლობთ ამ თემას და ამ დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა­ იგეგმება... თუ დასაბუთდება, რომ იაფი ავტოტრანსპორტის შემომ­ყვან დილერებს სახელმწიფო შესყიდვებისთვის კონკურსში მონაწილეობას უსაფუძვლოდ უზღუდავენ, დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხს დავაყენებთ. ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ.

შალვა ოგბაიძე, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი: - მთავრობის ამ დადგენილებაში ერთ-ერთი დეტალია "ქრაშ ტესტის" დამადასტურებელი სერტიფიკატის ვალდებულება, თუმცა ეშმაკი სწორედ დეტალებში იმალება. ლაპარაკია ავტობიზნესსა­ და ამ ბიზნესში ჩართულ იმ სეგმენტზე, რომელსაც შედარებით იაფი, ჩინური, კორე­ული ან სხვა წარმოების ავტომობილები­ შემოჰყავთ საქართველოში. ამ ჩანაწერმა სახელმწიფო ტენდერებიდან ავტომატურად "ჩახსნა" იაფი ავტომობილ­ების შემომყვანი დილერები, რომელთაც კრედიტები აქვთ აღებული და ბინები იპოთეკით აქვთ დატვირთული... მათ შემოჰყავთ იაფი ავტომობილები, რომელთაც ამერიკული ან ევროპული "ქრაშ ტესტი" არ გააჩნიათ. ამ მხრივ ავტობიზნესში ჩა­რთულმა საშუალო ბიზნესმა დიდი დარტყმა მიიღო.

სიმართლე გითხრათ, მთავრობის ამ გადაწყვეტილების გამო ჩინეთის საელჩოც კი­ გაკვირვებას გამოხატავს. რასაკვირველია, თუკი ბიზნესომბუდსმენი ამ საკითხის განხილვაში ჩაერთვება, ეს ამბავი ავტოდილერებისთვის იმედისმომცემი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას სასამართლოს მეშვეობით განაგრძობენ. მათთვის სახელმწიფო შესყიდვების მიზნით გამოცხადებულ­ კონკურსებში მონაწილეობის მიღების უფლების შეზღუდვა ყოვლად უსაფუძვლოა და დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილი შეცდომაში მიზანმიმართულად შეიყვანეს და ამ დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ დადგენილების პროექტში ზემოხსენებული პუნქტის ჩაწერა საქმეში ჩაუხედაობას გამოეწვია... ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ დოკუმენტში სხვა "მარგალიტიც" მჭრის თვალს... კერძოდ, მსუბუქი მანქანების შესყიდვისთვის მოთხოვნათა­ სავალდებულო ნუსხაში წერია: "წვა, არა უმეტეს 100 კმ-ზე - 6 ლიტრი". უკაცრავად და მწვადის ან შეშის წვასთან ხომ არ გვაქვს საქმე?! საწვავის ხარჯის შესახებ

ინფორმაცია "ქალაქში, ქალაქგარეთ და შერეულ ციკლებში" უნდა იყოს განსაზღვრული, სადაც ის სხვადასხვაგვარია.

ამ დოკუმენტის მიღება არის კლასიკური ნიმუში, თუ როგორ აწერინებენ ხელს პრემიერს იმაზე, რაც წესით, ქამრების შემოჭერას უნდა ემსახურებოდეს, სინამდვილეში კი პირიქით, მის ფართოდ მოშვებას აკანონებს...

- "ქრაშ ტესტი" რამდენად არის ავტომობილის უსაფრთხოების გარანტია?

- ასეთი გარანტია არ არსებობს. ადამიანი იღუპება მსუბუქ ავტომობილშიც, ჯიპშიც და ტანკშიც... უბრალოდ,­ "ქრაშ ტესტი" გამოცდის შედეგია, რომელიც ამ შემთხვევაში მარკეტინგული შეფუთვის ნაირსახეობას წარმოადგენს. ჩინურ და კორეულ მანქანებსაც აქვთ გავლილი გამოცდა, რომელსაც სხვა სახელი ჰქვია, ე.ი. მარკეტინგულად სხვაგვარად არის შეფუთული.

- არსებობს მოსაზრება, რომ თავის დროზე სახელმწიფო სტრუქტუ­რების მიერ შეძენილი ჩინური და კორეული მანქანები მწყობრიდან მალე გამოვიდა და ზემოხსენებული ჩანაწერიც­ მთავრობის დადგენილებაში ამიტომ გაჩნდა...

- მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, არა მგონია, რომ ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს. ზოგადად, ნებისმიერ ავტომობილს აქვს გონივრული ექსპლუატაციის ვადა და საგარანტიო პირობები. ჩინური ან კორეული ავტომობილები მწყობრიდან კიდეც რომ გამოსულიყო, მათი შეკეთების ან გამოცვლის ვალდებულება 4 წლის განმავლობაში გარანტირებულია. ასე რომ, ამ ხელისუფლების პირობებში ნაყიდ ავტომობილებს (თუ მართლაც იყიდეს თავის დროზე) ეს ვადა გასულიც არა აქვთ.

- ახალი კორეული და ჩინური ავტომობ­ილები რა დაუჯდებოდა სახელმწიფო სტრუქ­ტურებს?

- IDFI-ს 2015 წლის მონაცემებით, მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 7 ძველი ავტომობილის ახლით ჩანა­ცვლებამ და შესაბამისად, ფასთა სხვაობამ 108 ათასი­ ლარი შეადგინა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა თანხებთან გვაქვს საქმე, თუკი სამინისტროების, გუბერნატორების და გამგებლებისთვის შესყიდული ავტომობილების ხარჯებს დავითვლით...

ვფიქრობ, ამ თანხით ერთი სერიოზული სოციალური პროექტი მაინც განხორციელდებოდა. მაგრამ ქართული კუდაბზიკობა ხომ ვიცით?! ყველას მაინცდამაინც "ტოიოტა ქამრი", "მერსედეს ბენცი" ან "ბმვ" უნდა. სხვათა შორის, იმ ავტომობილების ჩინური­ ანალოგები, რომელთა ფასიც 25-30 ათასი­ დოლარია, 12-16 ათასი ღირს. ხოლო შედარებით მსუბუქი ავტომობილებისა, რომ­ელთა საწვავის ხარჯი 5-6 ლიტრია, 6-7 ათასი დოლარია. ასე რომ, განსხვავება შთამბეჭდავია.

ეკა ასათიანი

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"