თემურ ჭყონია – წინა წლებთან შედარებით, დღეს ბიზნესი ბევრად აქტიურია, მაგრამ სახელმწიფოსგან მეტი ხელშეწყობაა აუცილებელი
თემურ ჭყონია – წინა წლებთან შედარებით, დღეს ბიზნესი ბევრად აქტიურია, მაგრამ სახელმწიფოსგან მეტი ხელშეწყობაა აუცილებელი
21 იანვარი / 2016
პრემიერის დავალებით, ფინანსთა სამინისტრო მოგების გადასახადის რეფორმაზე აქტიურად მუშაობს.
კერძოდ, საუბარია მოგების გადასახადის რეფორმაზე, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება. რა მოლოდინი აქვს ბიზნესს ხელისუფლების ინიციატივის შემდეგ, "ბიზნესპრესნიუსთან" "კოკა-კოლას" პრეზიდენტი თემურ ჭყონია საუბრობს:

- ეკონომიკურ მოდელებზე საუბრისას, მნიშვნელოვანი დეტალი არ უნდა დაგვავიწყდეს - საქართველოს სხვა ქვეყნის კონტექსტიდან ამოგლეჯილი რეფორმები შედეგს ვერ მოუტანს. მაგალითად, ესტონეთის კანონმდებლობას არ ვიცნობ, მაგრამ თუ ის ჩვენთვის მისაღებია, მთლიანად სახელმწიფოს განვითარების დინამიკას უნდა შევხედოთ. ანუ, გავითვალისწინოთ ქვეყნის სტრუქტურა, სამინისტროების რაოდენობა, სახელმწიფო ხარჯები და ა.შ. მარტივია - როდესაც ჩვენი კომპანია რომელიმე მსოფლიო ბრენდთან ხელშეკრულებას აფორმებს, მის წესებს სრულად იცავს და წარმატებასაც, ხშირად, სწორედ ამის გამო აღწევს. რაც შეეხება გადასახადების შემცირებას, ბუნებრივია, მსგავსი საკითხები ბიზნესისთვის ყოველთვის საინტერესოა. თანაც, ჩემი აზრით, დღეს საქართველოს ისეთი პროფესიონალი პრემიერი ჰყავს, როგორიც არასოდეს ჰყოლია.

- საქართველოს ერთ-ერთი ყოფილი პრემიერი ქვეყნის ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია და ფიქრობთ, რომ მან პოლიტიკაში ვერ გაამართლა?

- არ მინდა კონკრეტულად ვინმეს შევადარო, მაგრამ კვირიკაშვილისნაირი პროფესიონალური ხედვები არავის ჰქონია. სამწუხარო იქნება, თუ კოალიცია ამ ახალგაზრდა კაცს საკუთარი უნარების გამოვლენის შანსს არ მისცემს. სწორი კანონმდებლობის შექმნით, მას ქართული ეკონომიკის განვითარების გზაზე დაყენება შეუძლია. დანარჩენი, უკვე ჩვენზე, ბიზნესმენებზეა დამოკიდებული.

- აღნიშნეთ, რომ ბიზნესისთვის პოლიტიკური კონტექსტიც მნიშვნელოვანია. პრემიერისგან ამ მთლიანობის მიღწევის მოლოდინიც გაქვთ?
- ზოგადად, ეკონომიკას თანმიმდევრული პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება. ერთი კანონი მეორეს უნდა უწყობდეს ხელს, მაგრამ არ ვიცი, რა გამოცდილება აქვთ ან რა იციან ბიზნესზე იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს პარლამენტში კანონმდებლობას წერენ? ეს ხალხი ბიზნესის განვითარებაზე ისე თავდაჯერებულად საუბრობს, თითქოს ბავშვობიდან ამ საქმეში არიან ჩართული. რეალურად კი, მათ განცხადებებში მხოლოდ ზერელე დამოკიდებულება იკითხება. სწორედ ამიტომ ვამბობ, ესტონეთის ეკონომიკურ მოდელთან ერთად, პოლიტიკურ სტილზე ჩამოყალიბებაც გვჭირდება. ვიღაცები შემომედავებიან, ჩვენ ხომ ქართული ტრადიციები გვაქვსო, არადა, დღემდე ვერავინ ამიხსნა, რა არის ქართული ტრადიცია. კვირიკაშვილი კი, სერიოზულ განცხადებებს აკეთებს და კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული.

- არადა, რამდენიმე დღის წინ, სწორედ კვირკაშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე არ იმყოფებოდით...
- არავის მივუწვევივარ და სიმართლე გითხრათ, მსგავსი შეხვედრების მომხრეც არ ვარ. იქ მხოლოდ ერთმანეთს ვეპრანჭებით. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზეც იმდენი ადამიანი მოვიდა - თქვენ გვერდით ვართო, ხალხი ფეხზე იდგა. ესეც მხოლოდ მლიქვნელობის დემონსტრირება გახლდათ და არა საქმიანი შეხვედრა. საერთოდ, მლიქვნელობა საქართველოს ყველაზე დიდი ავადმყოფობაა. რატომ არ შეიძლება საქართველოში ბიუჯეტის შემვსებ ბიზნესმენებს თუნდაც ფინანსთა მინისტრი სათითაოდ შეხვდეს? ნოდარ ხადური ხშირად იბრალებს - ბიუჯეტი შევასრულეთო, მაგრამ ბიზნესმენებზე არასოდეს არაფერს ამბობს. ქართულმა ბიზნესმა იმუშავა პატიოსნად და ბიუჯეტი შენ როგორ შეავსე? ხადური გეგმას ვერ ასრულებს, ის მხოლოდ ჩვენს მიერ შეტანილ ფულს ითვლის. ბიზნესმენებს მხოლოდ კვირიკაშვილმა გადაგვიხადა მადლობა სახელმწიფოს წინაშე შესრულებული ვალდებულებებისთვის.

- და ქართველ ბიზნესმენებს სახელმწიფოსგან მხოლოდ მადლობის გადახდა სჭირდებათ?
- ეს ერთ-ერთი კომპონენტია. პირველ რიგში, ბიზნესს სჭირდება განათლებული თავად გახდეს. სახელმწიფომ კი, თანმიმდევრულობა და სტაბილურობა უნდა გამოიჩინოს იმ კანონმდებლობის მიმართ, რომელსაც თავადვე ქმნის. კანონები შუა პერიოდში არ უნდა იცვლებოდეს. მაგალითად, როდესაც ფინანსთა სამინისტრომ აქციზის გადასახადი გაზარდა, ეს დაუფიქრებელი და გაუანგარიშებელი გადაწყვეტილება გახლდათ. შესაძლოა, სახელმწიფოში მეტი თანხა შევიდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. არადა, მომხარებელს ფული არ აქვს, მეგობრებო. ამით გვაიძულებენ, წინსვლის ნაცვლად, არსებულის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ.

- ბიზნესმენების ნაწილი ცვლილებას საკანონმდებლო ზეწოლად აფასებს, თქვენც ამ პოზიციაზე ხართ?
- ცვლილებას ზეწოლად ვერ შევაფასებ, უბრალოდ, უფრო სახელმწიფოებრივად აზროვნებაა აუცილებელი. აქციზის საკითხზე ხადურთან შეხვედრა რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა ეს მას არ აინტერესებს. შესაძლოა, ხადური შეიცვალოს. მჯერა, რომ პრემიერი ბევრად ღრმა შეხვედრებს გამართავს და რეალურ ბიუჯეტსაც შეადგენს. ხშირად საუბრობენ ბიზნესმენები წნეხისგან გათავისუფლდნენო. კი ბატონო, მაგრამ ამის დამადლებაც არასწორია. გულახდილად რომ ვთქვათ, წინა წლებთან შედარებით, დღეს ბიზნესი ბევრად აქტიურია, მაგრამ სახელმწიფოსგან მეტი ხელშეწყობაა აუცილებელი. დღეს მაღალჩინოსნები საქართველოს ისე მართავენ, თითქოს ინდოეთში არიან. გეგონება, აქ მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და თვალუწვდენელი ტრამალებია. რითი განსხვავდება ქართველი მინისტრი გერმანელი კოლეგებისგან? არ უნდა იცოდე, რომ სამმილიონიან ქვეყანას მართავ, რომლის ბიუჯეტი "კაპიკებია?!" სახელმწიფო ხარჯები ვალუტის კურსზე აისახება. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, ვალუტის ცვალებადობა ბიზნესისთვის მტკივნეული არ არისო, ფული თუ არ გაქვს, როგორ არ იქნება მტკივნეული? კი ბატონო, საგარეო ფაქტორებიც არსებობს, ყველაფერს ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ხელისუფლებამ ხარჯები უნდა შეამციროს. გაბერილი შტატები უნდა შემცირდეს, სამინისტროები, კერძოდ, ე.წ. შერიგების სამინისტრო გაუქმდეს. მსგავსი სამინისტრო სხვა სახელმწიფოში გინახავთ? 25 წელია ვერ შევრიგდით, დავიშალოთ ახლა და სხვა სახელი დავარქვათ.

- ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობა თქვენთვის ნაკლებად საინტერესოა?
- მოდით, მაშინ სიყვარულის სამინისტროც შევქმნათ. ვიღაცები მთის სამინისტროს შექმნაზეც ხომ ალაპარაკდნენ, ზღვის სამინისტროც კარგი იქნებოდა... არაფერს ვამბობ პრემიებზე. იმდენი პრემია რიგდება, ზოგჯერ სამსახურში მოსვლა მერიდება, დანამატები მეც არ მომთხოვონ. ვიღაცები ამბობენ, 24 საათი ვმუშაობ და მეკუთვნისო. რატომ მუშაობ 24 საათი? ეს ნიშნავს, რომ რვა საათში გასაკეთებელ საქმეს ვერ ასწრებ ან საქმე არ იცი და შედეგს ვერ აღწევ. სახელმწიფო ხარჯები ბიზნესზე მოქმედებს, ჩვენ და მოქალაქეები ფულს ვიხდით, ისინი ცხოვრობენ. ცოტა ხნის წინ საერთოდ გავოგნდი - ეკონომიკური ჯგუფი ამბობს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა არ გვჭირდებაო. თუ შენ პარტიული წინააღმდეგობა გაქვს, მე რა შუაში ვარ?! პარლამენტს ის კი არ უნდა აინტერესებდეს, მას რა უნდა, არამედ, ხალხს რისი მოსმენა სჭირდება.

- მეჭიაურის განცხადებით, გიორგი ქადაგიძეს პარლამენტში გამოსვლა მხოლოდ შოუს მოსაწყობად სჭირდება...
- მოდით, მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ან მრჩევლად მაინც დავნიშნოთ და ყველა პრობლემა გადაწყდება. იქნებ, ისიც გვითხრას, ლარის კურსის განვითარება როგორი იქნება. თვითონ მოვიდნენ და მოგვიარონ... ყველა განცხადება არჩევნებზეა ორიენტირებული, რაც უნდა დამთავრდეს და მეტი პროფესიონალური შეფასება გაკეთდეს. სხვათა შორის, ვიზალიბერალიზაციის მიღება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია. ეს არამხოლოდ ახალგაზრდებს სთავაზობს უსაზღვრო პოტენციალს, პროდუქციის სტანდარტიც ამაღლდება. ამ სიკეთეებზე ხელისუფლებამ ხალხს სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

- ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი ქვეყნიდან ადამიანური რესურსის გადინებასაც გამოიწვევს.
- ამასაც აქვს მეორე მხარე - წავლენ და აქ ფულს გადმოურიცხავენ. მთავარია, ამ ადამიანებმა ცოდნა მიიღონ, სულაც არ არის აუცილებელი მომვლელებად იმუშაონ. სხვათა შორის, საზღვარგარეთ უამრავი ქართველი მილიონერია, მაგრამ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ. ყველა მათგანი სამშობლოში რომ დაბრუნდეს, სახლები აიშენოს და საბანკო ანგარიშები გახსნას, ქვეყანა ერთ წელიწადში გამდიდრდება. 80 წელი რომ შეუსრულდებათ, ანდერძს ტოვებენ, საქართველოში დამასაფლავეთო... საქართველო სასაფლაო კი არაა, მოვლა სჭირდება და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ბევრჯერ მინახავს, ქართველი ემიგრანტები "სუხიშვილების" კონცერტებზე ტირიან. რა გატირებს, ოჯახაშენებულო, ჩამოდი და ან ბიზნესი დაიწყე, ან განათლებას მიხედე, რაღაც ელემენტარული საქმე მაინც გააკეთე. ვიზალიბერალიზაცია, ვფიქრობ, ამ პროცესს ხელს შეუწყობს.

რუსუდან შელია



კომენტარები (20)
05.02.2016
ნინო ნინო
ყოჩაღსთ!!!კარგი ფრაზაა-საქართველო თქვენ სასაფლაო ხომ არ გგონიათ!!! მომეწონა...
26.01.2016
თამაზ
ჭყონია არაა იმ დონის ბიზნესმენი, რომ მისი გამონათქვამები ქვეყანას ცვლიდეს, მაგრამ ხადური და მთვარობის სხვა წევრები ვითომ ყველაფერს რომ აკეთებენ და არაფერი გამოდით ესეც ხომ ფაქტია. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს და მაგრად გვერხევა. ივანიშვილის განათლებულობაზე კი საუბარი უბრალოდ სირცხვილია, თქვენ ოჯახში არ ყოფილიყოს მაგაზე უფრო განათლებული, ამინ...
მსგავსი სიახლეები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 5 დეკემბერს საკუთარ ხედვას წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკაში სრულიად ახალი შესაძლებლობის გაჩენას მოიცავს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, „ალფა ბანკს“ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ლიცენზიის საკითხზე არ მიუმართავს
სამეწარმეო განათლების გავრცელებისა და ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეროვნული ბანკი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს იწყებენ.
ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა
ახლა კუდიანებზე უნდა დაიწყოს ნადირობა, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, კიდევ უფრო გააღარიბებს ხალხს
Key Points consulting-ის დამფუძნებელი პავლე კუბლაშვილი ღვინის ტურიზმის პოპულარიზების მიზნით, winefest-ის დანერგვის ინიციატივით გამოდის.
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ნოემბრის თვეში, მოქალაქეების დახმარების მიზნით, 147 270 ლარის დაფინანსება გასცა.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო-კორეის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის შეფასებით, ყველა ბიზნესი დღეს ბანკის კონკურენტია.
დღეს ბიზნესს მხოლოდ ბანკების ეშინია, - აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შეხვედრისას გააკეთა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
02.12.2016
ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.
სრულად
02.12.2016
სანკტ-პეტერბურგში მოქმედი კაფე-სანაყინეების ქსელი Galateria Plombir ქართულ ბაზარზე შემოდის. პირველი კაფე თბილისში დეკემბრის ბოლოს გაიხსნება.
სრულად
01.12.2016
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა.
სრულად
01.12.2016
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო-კორეის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.
სრულად
01.12.2016
გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ თურქული კომპანია Betareks-ის დამფუძნებელ ნეჯატ
ონერთან შეხვედრა გამართა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
02.12.2016
03.12.2016
USD
1
USD
2.5871
2.5599
EUR
1
EUR
2.7491
2.7250
GBP
1
GBP
3.2561
3.2283
RUB
100
RUB
4.0403
3.9854