ქართული სიგარა ექსპორტზე  ჩინეთში გადის

სიგარებისა და სიგარელების მწარმოებელი კომპანია "იმერი" საკუთარ პროდუქციას მალე ჩინეთის საექსპორტო ბაზარზე გაიტანს.

როგორც კომპანიის დირექტორი თამაზ თურმანიძე, "ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, მოლაპარაკების ეტაპი წარმატებით დასრულდა, პროდუქციამ მოწონება დაიმსახურა და გადაწყვეტილების მიღებისთანავე კომპანია ექსპორტზე გასასვლელად მზადაა. თურმანიძის განცხადებით, ანალოგიური სიტუაციაა ბალტიისპირეთის ქვეყნებთანაც. ქართული თამბაქოს ნაწარმმა ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთის მხარეც დააინტერესა.

ამჟამად კომპანია 30-ზე მეტი დასახელების სიგარას და მასთან დაკავშირებულ 60-მდე აქსესუარს ამზადებს, მათ შორის საფერფლეს, ყალიონის და სხვა. წარმოებული სიგარები ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და თბილისში იყიდება. მცირე რაოდენობით კი თურქეთის  Duty Free-შია წარმოდგენილი.

საწარმოს დირექტორის თქმით, სიგარების დასამზადებლად  4-5 სახეობის თამბაქო გამოიყენება, რომელთაგან ორი აჭარის მაღალმთიან რეგიონებში - ხულოში, ქედასა და შუახევში მოდის, ნაწილს კი ინდონეზიიდან, კუბიდან და დომენიკის რესპუბლიკიდან ნედლეულის სახით იღებენ. ორიენტალური ანუ მზეზე ნაშრობი თამბაქოს წილი აღნიშნული სიგარების დამზადებაში 10%-ია, დარჩენილი ნაწილი კი ნატურალური, სხვადასხვა ჯიშისა და ხარისხის თამბაქოს ნარევს წარმოადგენს.

"ორიენტალური თამბაქო არის ბუნებრივი მაკეთილშობილებელი, რომელსაც მსოფლიოში სიგარის წარმოებისას ძალიან იშვიათად იყენებენ, რადგან ეს ნედლეული მცირე რაოდენობითაა", - აღნიშნავს თამაზ თურმანიძე.

შპს "იმერი" 1992 წელს დაფუძნდა, თუმცა კომპანიამ სიგარების წარმოება 2007 წლიდან დაიწყო. აღნიშნული საწარმო ქედაში 2000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ადგილზე დღის განმავლობაში 1000 ღერი სიგარელას დამზადებაა შესაძლებელი. საწარმოში ამჟამად 20 ადამიანია დასაქმებული.

წარმოების ამოქმედებისთვის საერთო ჯამში 250 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საიდანაც 40 ათასი დოლარი აგროკრედიტის სახით სახელმწიფოსგან გამოიყო.

სულ რამდენიმე დღეში ქართულ ბაზარზე კიდევ სამი დასახელების სიგარა გამოჩნდება. თამაზ თურმანიძის თქმით, კომპანია შეეცადა მოგების მარჟის შემცირებით, იმპორტირებული პროდუქციისთვის ღირსეული კონკურენცია გაეწია.

ქრისტინე გამთენაძე