„ტოიოტა“ გაყიდვების უცვლელი ლიდერია

2015 წლის გაყიდვების მაჩვენებლები ავტოინდუსტრიაში ყველაზე გვიან იაპონურმა გიგანტმა წარმოადგინა.

ზედიზედ მეოთხედ, Toyota Motor Corp მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანია გახდა. 2015 წელს „ტოიოტა“ ერთადერთი კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც 10 მილიონზე მეტი ავტომობილის გაყიდვა შეძლო.

ოფიციალური ინფორმაციით, იაპონური კონცერნის გაყიდვებმა 2015 წელს 0,8%-ით იკლო და 10,15 მილიონი ერთეული შეადგინა, მეორეადგილოსანმა Volkswagen Group-მა ასევე 2%-იანი ვარდნა აჩვენა და ამავე პერიოდში 9,9 მილიონი გაყიდა, 0,2%-ით გაიზარდა მათი ამერიკული კონკურენტი General Motors-ის გაყიდვები, რომელმაც 9,8 მილიონი ავტომობილის რეალიზება მოახერხა.

გასული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, „ფოლქსვაგენი“ იაპონელ კონკურენტს უსწრებდა, თუმცა სექტემბერში კომპანიის გარეშემო აგორებული „დიზელის სკანდალისა“ და ჩინეთში ეკონომიკის შენელების ფონზე, „ფოლქსვაგენი“ „ტოიოტას“ ჩამორჩა.

კოკა კვირკველია