BMW საუკუნის იუბილესთვის ემზადება

ბავარიული ავტოკონცერნი BMW წელს საუკუნის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება.ამ თარიღს კომპანია სავარუდოდ, პომპეზურად აღნიშნავს. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი დეტალია ცნობილი - მარტის თვეში BMW დიდი ალბათობით, სერიული წარმოებისთვის მზა, ავტონომიურად მოძრავ კონცეპტქარს წარმოადგენს.

კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა იან რობერტსონმა პრესასთან დაწვრილებით ისაუბრა ამ კატეგორიის მანქანებზე და სიტყვა მორალური დილემა ახსენა, რითაც მიანიაშნა, რომ კომპანია გეგმავს სიახლეებს ამ სეგმენტში, თუმცა ზოგიერთი რამ ჯერ დამუშავების სტადიაზეა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც უწოდებს მორალურ დილემას, ეს არის შემთხვევა, როდესაც შენს ავტონომიურად მოძრავ ავტომობილს სატვირთო ეჯახება. „და ამ დროს რას იზამს თქვენი ავტომობილი - გადაგარჩენთ მოძრაობის გვერდზე გადახვევით, სხვა ავტომობილის სავალზე გადავა და შეიძლება ვინმეს დაეჯახოს, უბრალოდ დააჭერს მუხრუჭს თუ გადაწყვეტს, რომ სატვირთო თქვენ დაგეჯახოთ. სწორედ ესაა მორალური დილემა რომლის გადაჭრასაც აქამდე ვერ ვახერხებთ”, - განაცხადა მან.

BMW 100 წლის იუბილეს 7 მარტს აღნიშნავს.

კოკა კვირკველია