საქართველოში 5 დოლარად ნაყიდ ღვინოს რუსეთში 120 დოლარად ყიდდნენ

საწარმო "შალოშვილის მარანს” ღვინის რეალიზაციის პრობლემები აქვს.

ალექსი შალოშვილის თქმით, წელს გაყიდვები მკვეთრად შემცირებულია და ექსპორტზე გასვლაც სხვადასხვა მიზეზით ჭიანურდება.

,,შალოშვილის მარანში” ამ ეტაპზე 6 სახეობის ბოთლის ღვინო იწარმოება. მეღვინე ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ რუსეთისა და შვეიცარიის ბაზარზე გასვლის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

,,ვაპირებდით ექსპორტზე გასვლას, სინჯები წაიღეს, მაგრამ ტექნიკური მხარე ჭიანურდება. გაყიდვები გვიჭირს. ამ ეტაპზე ფაქტობრივად, გაჩერებული ვართ”, - აცხადებს ალექსი შალოშვილი.

მისი თქმით, გასულ წელს მისგან 5 დოლარად ნაყიდ ღვინოს რუსეთის პრემიუმ კლასში დაახლოებით 120 დოლარად ყიდდნენ, არარეალურად მაღალმა ფასმა კი მოთხოვნის მკვეთრი შემცირება გამოიწვია.

შალოშვილის განცხადებით, საერთაშორისო გამოფენაზე ხელმისაწვდომობა შედარებით მცირე მეწარმეებს არ გააჩნიათ.

„აღნიშნული ღონისძიებები 3-4 ათასი ევროს დანახარჯს მოითხოვს. მაღალბიუჯეტიანი გამოფენები კი დადებითი ტენდენციის და გაყიდვების გაზრდის გარანტია არ არის. პოპულარიზაციის კუთხით დახმარება გვჭირდება, გამოფენებზე არ გვაქვს ხელმისაწვდომობა. იქ დაწესებულ გადასახადებს ვერ ვიხდით. თანხის წინ და უკან სიარულში დახარჯვას ისევ ტურიზმის მიმართულებით განვითარება ვამჯობინე”, -აცხადებს ალექსი შალოშვილი.

გაზაფხულისთვის ალექსი შალოშვილი საკუთარ ვენახებში გაშენებული სასტუმროს გაფართოებას აპირებს. მისი თქმით, ღვინის ტურიზმი თანდათან უფრო შემოსავლიანი ხდება და ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია.

15 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, 20-ნომრიანი სასტუმრო და იტალიური დანადგარებით აღჭურვილი ღვინის ქარხანა საერთო ჯამში, მილიონ ლარამდე განხორციელებული ინვესტიციის შედეგია. ალექსი შალოშვილმა 200 ათას დოლარიანი შეღავათიანი აგროკრედიტით დახმარება სახელმწიფოსგან მიიღო.

ქრისტინე გამთენაძე