"ის რაც არ შეგვეძლო აგვისტოში, ვისწავლეთ და გავაკეთეთ ოქტომბერში, ხოლო იმას, რასაც ვერ ვაკეთებდით ოქტომბერში - იანვარში უკვე ჩვენი სპეციალისტები ასწავლიდნენ სხვებს".
პროდუქციის ორიგინალური, ხარისხიანი და განსხვავებული შეფუთვის დიზაინისთვის მსოფლიო ბრენდები თუ შედარებით დაბალბიუჯეტიანი საწარმოები ერთმანეთს ეჯიბრებიან. განვითარებულ ქვეყნებში კონკურენცია ამ მხრივ საკმაოდ მაღალია. რა ხერხს აღარ მიმართავენ მარკეტოლოგები საქონლის მისაღებ ფასად გაყიდვისათვის. უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ შეფუთვა პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში დიდი ყურადღება ექცევა.
ბოლო პერიოდში შეფუთვის მნიშვნელობასა და მის ეფექტურობაზე ქართველი მწარმოებლებიც სერიოზულად დაფიქრდნენ. როგორც მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ ანთია "ბიზნესპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, აუცილებელია, რომ პროდუქციის შეფუთვა ბაზარზე არსებული მოთხოვნის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს. მისი თქმით, დასავლურ ბაზრებზე საქონლის შეფუთვას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. "მას შემდეგ, რაც ქართულ პროდუქციას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ ევროპის ბაზარზე მოახდინოს პოზიციონირება, ეს საკითხი ქვეყანაში თანდათან უფრო აქტუალური გახდა. "აწარმოე საქართველოში" მუდმივად ახორციელებს ბაზრის მონიტორინგს, სწორედ ამიტომაა რომ შესაფუთი მასალების საწარმოების დაფინანსება ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ იქცა", - აღნიშნავს ოთარ ანთია.
მისი თქმით, არც ისე შორეულ წარსულში ხარისხიანი შესაფუთი მასალები ძირითადათ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის თურქეთიდან და იტალიიდან იყო იმპორტირებული. დღეისათვის კი ამის საჭიროება აღარ დგას და მაღალი სტანდარტების შესაფუთი მასალების წარმოება საქართველოშიც შესაძლებელია.
ბოლო პერიოდში გაიხსნა ან გაფართოვდა რამდენიმე შეფუთვაზე ორიენტირებული საწარმო, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სხვადასხვა სახელწიფო პროგრამამ. მხოლოდ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ქაღალდისა და შესაფუთი მასალების წარმოების 15-მდე კომპანია მონაწილეობს.
როგორც მეწარმეობის განვითარების ფონდში აცხადებენ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა აღნიშნული კომპანიების მიერ ბიზნესის წამოწყებისთვის თუ არსებულის გაფართოება-გადაიარაღებისთვის აუცილებელი, კომერციული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს დარგი საქართველოში ფაქტორბრივად, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განვითარდა.
გიორგი ჟორჟოლიანი, "კოლორპაკის" დირექტორი: "ჩვენი დახმარებით დამკვეთებმა ხარჯების შემცირება შეძლეს, ბევრს ძალიან სწრაფი მომსახურება გავუწიეთ. კომპანიების უდიდესმა ნაწილმა კი კომპლექსური სარგებელი ნახა - ოპერატიული და ამავე დროს ფინანსურად მომგებიანი მომსახურება მიიღო. ბევრი მათგანი ისეთ პროდუქტს იღებს, რომელსაც ერთი წლის წინ არა მარტო საქართველოს ბაზარზე, არამედ ახლო სამეზობლოშიც ვერ მოიძიებდა. მოგეხსენებათ, რაც უფრო ვითარდება ქვეყანა და წარმოება, იზრდება კონკურენციაც. იზრდება მოთხოვნა ხარისხზე, საიმედოობასა და სანდოობაზე. ამ შემთხვევაში პროდუქტის შეფუთვას ან ეტიკეტს მხოლოდ პროდუქტის შენახვის ან იდენტიფიკაციის ფუნქცია კი არ აქვს - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გაყიდვების ზრდისთვისაც.
მაგალითად, თუ ადრე კომპანიები ხარისხიანი ეტიკეტის დასაბეჭდად საზღვარგარეთ მიდიოდნენ და იტალიის, თურქეთის, უკრაინისა, თუ სხვა ქვეყნის მწარმოებლებთან მუშაობდნენ, ახლა იგივე ხარისხის მიღება საქართველოში, ჩვენთან - "კოლორპაკშიც" შეუძლიათ. ამისთვის ნაკლები ინვესტიცია და ბევრად მცირე დრო ეხარჯებათ.
- როგორ მიაღწიეთ ამ შედეგებს?
- 2015 წლის დასაწყისში პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში შევიძინეთ თანამედროვე მანქანა-დანადგარები და მულტინაციონალურ კომპანია HP-ს დახმარებით შემოვიტანეთ მოწინავე ტექნოლოგიები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ HP ინდიგო არა მარტო საბეჭდი დანადგარების მომწოდებელია, არამედ ჩვენი ტექნოლოგიური პარტნიორია და ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ადგილობრი კადრების მომზადებაში.
- თქვენთან თანამშრომლობა მხოლოდ დიდი კომპანიებისთვის არის მომგებიანი?
- ჩვენ ვბეჭდავთ, პრაქტიკულად ყველა ზედაპირზე - ქაღალდზე, პოლიეთილენზე, პოლიპროპილენზე, მეტალიზებურ თვითწებვად მასალებზე. ჩვენი ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს ხარისხის შეუცვლელად ვბეჭდოთ როგორც დიდი, ისე საშუალო და მცირე ტირაჟები. პრაქტიკულად შესაძლებელია ერთეული ეგზემპლარების დაბეჭდვაც. ამიტომ ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ როგორც დიდი, ნაციონალური და საერთაშორისო მასშტაბის კომპანიები, ისე საშუალო და მცირე საწარმოები, ღვინისა და საკონსერვო ქარხნები, ყველისა თუ თაფლის, ჩირისა და ტკბილეულის მწარმოებლები. ვცდილობთ, ყველასთვის სასარგებლო პარტნიორი გავხდეთ.
ყველას სხვადასხვა საჭიროება და მოთხოვნა აქვს. ზოგი საბოლოო პროდუქტის მიღებას ჩქარობს, ზოგს განსაკუთრებული ეფექტები (მოოქროვება, შერჩევითი ლაქი, "ემბოსი", კვეთა-სერვა) სჭირდება შეფუთვაზე, ზოგიც უბრალოდ დაიღალა საზღვარგარეთ სირბილით დიზაინისა და ნიმუშების შესათანხმებლად და ურჩევნია თბილისში სწრაფად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე მოაგვაროს ეს საკითხები.
ხშირია სახელობითი, საიმიჯო, ან ნუმერაციით აღბეჭდილი ეტიკეტის ბეჭდვა. იყო შემთხვევები, როცა დამკვეთის დიზაინერებმა ჩვენთან ექსპერიმენტები ჩაატარეს სხვადასხვა ფერისა და ეფექტის მისაღებად. შეიძლება ითქვას, ვცდილობთ მაქსიმალურად მოქნილები ვიყოთ.
- რამდენად დიდია კონკურენცია თქვენს სფეროში?
- კონკურენცია საგრძნობად დიდია, თუმცა ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით ფაქტობრივად მუდმივად ტექნოლოგიური განვითარების და პროფესიული ზრდის პროცესში ვართ. შემიძლია თამამად ვთქვა - ის რაც არ შეგვეძლო აგვისტოში, ვისწავლეთ და გავაკეთეთ ოქტომბერში, ხოლო იმას, რასაც ვერ ვაკეთებდით ოქტომბერში - იანვარში უკვე ჩვენი სპეციალისტები ასწავლიდნენ სხვებს.
- რას ეტყვით თქვენს პოტენციურ დამკვეთებს?
- პირველ რიგში, წარმატებას ვუსურვებ და შევთავაზებ უნიკალურ შესაძლებლობებს ეტიკეტსა და შეფუთვაში - მარკეტინგის, დიზაინის, ხარისხისა და ოპერატიულობის კუთხით.
ქრისტინე გამთენაძე