მესტიის სასტუმროებში ზაფხულის სეზონზე ნომრები უკვე დაჯავშნილია

მესტიელები უხარისხო ინტერნეტს უჩივიან

სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდის გახსნამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რა დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს საქართველოს და მის ულამაზე მხარეს - სვანეთს. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში.“

"თეთნულდი" ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს, სათხილამურო პერიოდი კი კურორტზე 6-7 თვე გაგრძელდება.

მესტიელები ამბობენ, რომ იქვე, თეთნულდთან ახლოს, სოფელ მუჟარში სასტუმროც აშენდება და კვების ობიექტებიც, რაც აუცილებელია. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ხდება სვანეთში, რა სიახლე შეიტანა ამ უნიკალური კუთხის ცხოვრებაში ახალი კურორტის ამოქმედებამ და ადგილობრივი სასტუმროების მფლობელებს დაუკავშირდა.

მესტიაში არსებული სასტუმრო „თეთნულდის“ მენეჯერი ნათია ქურდიანი ამბობს, რომ უცხოლებს თეთნულდი ძალიან მოსწონთ.

"ჩვენი სტუმრები ყოველდღე მიდიან თეთნულდზე და იქაურობა ძალიან მოსწონთ, მაგრამ ინფრასქტრუქტურის გაუმართაობას უჩივიან. ჯერ ეს კურორტი ახალი გახსნილია და იქ კვების ობიექტები არ არის, ამიტომ, ტურისტებს საკვები მესტიიდან მიაქვთ. ადრე იქ არაფერი არ იყო და არც ერთი ტურისტი ისე არ წავიდოდა აქედან, რომ იქაურობა არ ენახა. ამიტომ, გვჯერა, რომ ეს კურორტი ზამთარ-ზაფხულ დატვირთვით იმუშავებს. რაც შეეხება პრობლემებს, ამ რამდენიმე წლის წინ შუქის პრობლემა გვქონდა, ახლა არც უშუქობა გვაწუხებს და გზებიც გაწმენდილია, ყველაზე ძალიან რაც გვაწუხებს, ეს უხარისხო ინტერნეტია. შეიძლება ითქვას, რომ რაიონში ინტერნეტი არ არის. არადა, უცხოელები თავიდან არც წყალს კითხულობენ, არც საკვებს, პირველ რიგში ინტერნეტი აინტერესებთ. ამიტომ, პირველ რიგში ინტერნეტს უნდა მიეხედოს, თორემ მუშაობა გაგვიჭირდება. ასევე დიდი პრობლემაა აეროპორტიდან ცენტრამდე მოსვლა. ოთხი წელია ვიხვეწებით და ეს გზა ვერ შეაკეთეს. მით უმეტეს, ეს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაა, საიდანაც ჩვენი მთავარი სტუმრები მოძრაობენ. მგონი მთელ რაიონში კი არა, ზემო სვანეთში ეს ყველაზე სამარცხვინო გზაა", - ამბობს ნათია ქურდიანი.

ნათია ქურდიანის თქმით, ბოლო ხანებში ტურისტების რაოდენობა ისე გაიზარდა, რომ სასტუმროებში ნომრები აღარ ჰყოფნით.

"ჩვენს სასტუმროში ოქტომბრის ბოლომდე ნომრები უკვე დაჯავშნილია. შარშან სასტუმროები რაიონს არ ეყო, მოდიოდა ხალხი და ვერ ვაბინავებდით. წელს კიდევ უფრო დიდ რაოდენობას ველოდებით. ახლა ძირითადად უკრაინელები და რუსი დამსვენებლები გვყავს, ზაფხულში კი ბევრი ებრაელი, კორეელი და იაპონელი სტუმარი გვყავდა. ჩემი აზრით, „ნაციონალების“ დროს დაწყებული პროექტები რომ გაგრძელებულიყო, მესტია კიდევ უფრო ლამაზი იქნებოდა. არჩევნების შემდეგ ყველაფერი გააჩერეს და ნახევრად რესტავრირებული სახლები დატოვეს", - ამბობს ნათია ქურდიანი. 

გაფართოებას აპირებს ირმა ჯაჭვლიანი და იმედი აქვს, რომ კურორტ თეთნულდის გახსნა მის ბიზნესს კიდევ უფრო გააძლიერებს.

"საოჯახო სასტუმრო მაქვს, რომელსაც „სახლი მესტიაში“ ჰქვია. აქ მხოლოდ 18 ადამიანის ადგილია. ამჟამად ჩემთან სტუმრად ჩეხები არიან, მიდიან თეთნულდზე, მთელი დღე იქ არიან და სრიალებენ, ძალიან მოსწონთ ახალი კურორტი და კმაყოფილები არიან. ამ დღეებში კიდევ ველოდები სამ თბილისელ გოგონას. ჩემს მეზობლებსაც, თითქმის ყველას ჰყავს სტუმრები. მესტიიდან თეთნულდამდე უფასოდ მიდის ტრანსპორტი, რადგან პირველი სეზონის განმავლობაში მომსახურება უფასოა და ესეც ძალიან კარგია. ჩვენ კიდევ ერთ სახლს ვაშენებთ, რომ 18 სტუმრის მიღება შევძლოთ. უკვე კავშირები გვაქვს, ტურისტებიც დაინტერესებულები არიან. ზაფხულობით ხშირად მქონია შემთხვევა, რომ ხალხს ვეღარ ვღებულობ, რადგან ადგილები აღარ მაქვს. ამიტომ გავრისკე, ბანკიდან სამომხმარებლო სესხი გამოვიტანე და გაფართოება გადავწყვიტე. უფრო შეღავათიანი სესხები რომ მოგვცენ, კარგი იქნებოდა. მე მაგალითად, სახლი უკვე აშენებული მაქვს და ვეღარ გავარემონტე, რადგან თანხა არ მეყო. საბედნიეროდ, სულ გვყავს სტუმრები, თორემ ისე ვერ გავრისკავდი. ახლაც წინასწარ დაჯავშნილია ყველა ოთახი. უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი, რუსეთი - ჩვენთან ძირითადად ამ ქვეყნებიდან ჩამოდიან. ბოლო ორი წელია შიდა ტურებიც მომრავლდა და ქართველებიც ხშირად ჩამოდიან. ადრე კი, ძირითადად უცხოელები მოდიოდნენ სვანეთში სტუმრად", - აღნიშნა ირმა ჯაჭვლიანმა.

საოჯახო სასტუმრო „უშბას“ მეპატრონე თეა ჟორჟოლიანიც ადასტურებს, რომ მესტიის სასტუმროებში ნომრის დაჯავშნა საკმაოდ რთულია, ამიტომ უმეტესობა გაფართოებაზე ზრუნავს.

"თავიდან 7 ოთახი გვქონდა საერთო აბაზანით, მერე კიდევ 11 ოთახი მივუმატეთ, სადაც სველი წერტილებია განთავსებული. მთლიანობაში 18 ოთახი გვაქვს და საკმაოდ კარგად ვმუშაობთ. კიდევ ვაპირებთ სასტუმროს აშენებას. თეთნულდში ჯერ ერთი სათხილამურო ტრასა გაიხსნა და მომავალი წლიდან კიდევ სამი დაემატება, შესაბამისად, ტურისტების რიცხვი მოიმატებს. ვინც თეთნულდზე ავიდა, იქაურობით ყველა გაოცებულია: იქ ბუნებაც საუკეთესოა და თოვლის ხარისხიც. სხვათა შორის, შვეიცარიელი ტურისტები გვყავდა სტუმრად და გვითხრეს - შვეიცარია ასეთი ლამაზი არ არისო", - ამბობს ირმა ჯაჭვლიანი.

თეა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ზაფხულის სეზონზე ნომრები მათ სასტუმროშიც დაჯავშნილია. „ძირითადად უცხოელები ჯავშნიან. ქართველებმა რამდენჯერაც დაგვირეკეს, ადგილი არასდროს გვქონდა, მერე რეკომენდაციას ვაძლევდით და სხვა სასტუმროებში ვანაწილებდით. სვანეთის ყველაზე მთავარი პრობლემა სიშორეა: მარტო მგზავრობას სჭირდება 8-9 საათი, მაგრამ ახლა პრემიერ-მინისტრი იყო ჩამოსული და თქვა, რომ გზა უნდა გაიჭრას სვანეთიდან პირდაპირ ქუთაისამდე. თუ ეს პროექტი განხორციელდება, მგზავრობის დრო 6 საათით შემცირდება და მაშინ სვანეთი მართლა აყვავდება,“ - აცხადებს საოჯახო სასტუმროს მფლობელი.

ხათუნა ჩიგოგიძე