მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს კანონპროექტს ამზადებს

საქართველოს მთავრობის დადგენილებით შემუშავდა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია, რომელიც უკვე პარლამენტშიც წარდგენილია და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. რას გულისხმობს "მცირე და საშუალო საწარმოთა" ბიზნესის შესახებ ახალი კანონპროექტი, რა ცვლილებებს გამოიწვევს იგი საგადასახადო კუთხით, რამდენად არის მასში მცირე და საშუალო მეწარმეთა ინტერესები გათვალისწინებული, ამ საკითხებთან დაკავშირებით გაზეთ "ბანკები და ფინანსებს" "მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" თავმჯდომარე მიხეილ ჭელიძე ესაუბრა.

- ბატონო მიხეილ, რას გულისხმობს "მცირე და საშუალო საწარმოთა" ბიზნესის შესახებ ახალი კანონპროექტი?

- ეს არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების სტრატეგია, რომელიც გაწერილია 2016-2020 წლებზე და რომლის შესრულებითაც მიიღწევა სამი მთავარი გაზომვადი მიზანი:

* 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ით;

* 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა ზრდა 15%-ით;

* 2020 წლისთვის მწარმოებლურობის ზრდა 7%-ით.

სტრატეგიის შესრულების პროცესში მოხდება მის შესასრულებლად საჭირო სხვადასხვა კანონების და რეგულაციების მიღება.

- რა საკითხებს შეეხება აღნიშნული კანონპროექტი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი მიღება?

სტრატეგია გაშლილია ხუთი მიმართულებით:

1. საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება;

რაშიც იგულისხმება: ბიზნესის დახურვის და გადახდისუუნარობის პროცედურების გამარტივება/გაუმჯობესება. განახლდება მცირე და საშუალო საწარმოთა განმარტებები, რადგანაც 2002 წლის საქსტატის მიერ დადგენილი ნორმები (500,000 ლარის ქვემოთ მცირე, 500,000-დან 1,500,000-მდე საშუალო და 1,500,000 ზევით მსხვილი) არ შეესაბამება 2016 წლის ეკონომიკური განვითარების რეალობას და მითუმეტეს ევროპის ქვეყნებში დადგენილ მცირე და საშუალო ბიზნესის განმსაზღვრელ ნორმებს. მოხდება საწარმოთა სტატისტიკის გაუმჯობესება, რათა უფრო ზუსტად ვიცოდეთ, რომელი დარგი რა ინტენსივობით ვითარდება, სექტორების მიხედვით დასაქმებულების ზრდა როგორ ხდება და ა. შ. გაძლიერდება მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი ინსტიტუტები (ბიზნესასოციაციები) და საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგი. შეიქმნება ერთგვარი კომუნიკაციის ოფიციალური პლათფორმა, რადგან მთავრობამ უშუალოდ ბიზნესისგან დროულად შეიტყოს მასში არსებული პრობლემები და გაიზიაროს ინიციატივები.

2. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

რაშიც იგულისხმება, მცირე და საშუალო მეწარმეთა ცოდნის ამაღლება ფინანსების გაზრდის (ფუნდ რაისინგ) საკითხებში. ამაღლდება ცნობიერება ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა თუ რა რესურსები არსებობს დაფინანსების მოსაზიდად. ხელი შეეწყობა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას, კერძო საინვესტიციო და ვენჩურული კაპიტალის ფონდების მოზიდვას. გაფართოვდება აწარმოე საქართველოში პროგრამის არეალი და თანადაფინანსების წილი.

3. მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარების განვითარება და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა;

რაშიც იგულისხმება: შრომის ბაზრის საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი დასაქმების და გადამზადების პროგრამების განვითარება. მოხდება მცირე და საშუალო საწარმოთა ტრენინგების საჭიროებათა შეფასება და შემდგომ დაფინანსდება შესაბამისი ტრენინგები. პროფესიული განათლების სისტემა გახდება მეწარმეების მოთხოვნებზე ორიენტირებული და პროფესიული სასწავლებლები პროფესიულ კადრებს მოამზადებენ ბიზნესის საჭიროების მიხედვით. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე დაემატება საგანმანათლებლო კომპონენტები. მოხდება ქალთა მეწარმეობის წახალისება.

4. ექსპორტის ხელშეწყობა და მცირე და საშუალო საწარმოთა ინტერნაციონალიზაცია;

რაშიც იგულისხმება: DCFTA-ის პერსპექტივების და მოთხოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მეწარმეობის მხარდაჭერა DCFTA მოთხოვნებთან ადაპტაციაში (გადამზადება, გადაიარაღება). მცირე და საშუალო საწარმოთა ექსორტის სტიმულირება, დაიდება ინფორმაცია საერთაშორისო ბაზრებზე, შეიქმნება საწარმოთა ბაზები და განვითარდება ვებგვერდები (www.trandewithgeorgia.com). მოხდება მეწარმეობის მხარდაჭერა საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაში, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღებაში და უცხოელ ინვესტორებთან კავშირების დამყარებაში.

5. ინოვაციების, კვლევის და განვითარების ხელშეწყობა.

რაშიც იგულისხმება: მცირე და საშუალო საწარმოებში ინოვაციების სტიმულირება და ცნობადობის გაზრდა ინოვაციური მეწარმეობის მნიშვნელობაზე. ხელი შეეწყობათ გამომგონებლებს, რომ მოახდინონ მათი გამოგონების კომერციალიზაცია. საინფორმცაიო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებით უნარების გაუმჯობესება (ინტერნეტიზაცია) ინოვაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება ტექნოპარკების გახსნა ქვეყნის მასშტაბით.

ამ სტრატეგიის მიღება აუცილებელი იყო რადგან ქვეყანაში უნდა არსებობდეს ხედვა და მიზანი თუ როგორ და რა ეტაპობრიობით უნდა გავნითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი. სტრატეგიაში განსაზღვრულია კონკრეტულ ვადებზე მიბმული ქმედებები და ამ ქმედებების განმახორციელებელი შესაბამისი სამინისტროები, სხვადასხვა უწყებები (მაგ. ეროვნული ბანკი, საქსტატი, მეწარმოების განვითარების სააგენტო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ა. შ.).

- ხელისუფლება რამდენად კეთილგანწყობილია ამ პროექტის მიმართ, როგორ ფიქრობთ, მიიღებს თუ არა პარლამენტი მცირე და საშუალო საწარმოთა შესახებ კანონპროექტს, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე რამდენიმე წელია, მცირე მეწარმეები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად თხოვდნენ ხელისუფლებას მსგავსი ტიპის კანონის მიღებას, არაერთხელ დაწყებულა ამაზე საუბარიც, პარლამენტშიც ყოფილა კანონპროექტი ინიცირებული, თუმცა საბოლოოდ შედეგი არასდროს დამდგარა?

- რა თქმა უნდა, ხელისუფლება კეთილგანწყობილია ამ კანონპროექტის მიმართ. უშუალოდ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროა სტრატეგიის შემმუშავებელი, კოორდინატორი და შესრულება/შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელი. არ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტი დააბრკოლებს ამ სტრატეგიის შესასრულებლად საჭირო კანონების მიღებას.

- საგადასახადო კუთხით, თუ გამოიწვევს ცვლილებებს აღნიშნული კანონპროექტი, თუ არის მოსალოდნელი განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმების შემოღება მცირე ან საშუალო მეწარმეებისთვის?

- ამ ეტაპისთვის ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულია კანონპროექტი "ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის შესახებ", რომლის მიხედვითაც მცირე და საშუალო საწარმოებს ხელი შეეწყობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IEFS for SMEs) დანერგვაში რაც თავის მხრივ გაზრდის მათ მიმართ სანდოობას და დაეხმარება უფრო მარტივად მოიზიდონ საერთაშორისო თუ ადგილობრივი ინვესტორები, პარტნიორები.

- ვინ მოამზადა აღნიშნული კანონპროექტი, თუ მიიღო თქვენმა ასოციაციამ მასში მონაწილეობა და რამდენად არის მცირე და საშუალო მეწარმეთა ინტერესები გათვალისწინებული?

- ამ სტრატეგიის შემუშავებაში ჩართული იყო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და გაზიარებული იქნა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმატებული პრაქტიკები. ბიზნეს ასოციაციებიდან ჩართული იყო საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია (GSMESA), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA) და საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატა (GCC) და ამ ასოციაციების რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნა სტრატეგიაში. საბოლოოდ სტრატეგია შეიმუშავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 26 თებერვალს.

- ბოლოსთვის კიდევ რაიმეს ხომ არ დაამატებდით?

- ვიმედოვნებ, რომ სტრატეგიით გათვალისწინებული და სამოქმედო გეგმით გაწერილი ყველა ქმედება და ნაბიჯი შესრულდება დროულად და ჯეროვნად შესაბამისი სტრუქტურის მიერ, რაც დასახული მიზნების შესრულების გარანტი იქნება.

ესაუბრა გვანცა გიორგაძე

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"