Mercedes-Benz ლიდერობას უმიზნებს

ცნობილმა პრემიუმ ავტომწარმოებელმა კომპანია Mercedes-Benz-მა საკუთარ სამოდელო გამაში ახალი E class-ის გამოჩენით დაასრულა ”დიდი სამოდელო განახლება”, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ახალი თაობის A class-ით დაიწყო.

სამოდელო გამაში მომდევნო დიდი განახლება უკვე 2018 წლიდან დაიწყება, თუმცა იმ დრომდე როგორც ჩანს, გერმანული ბრენდი ძველ დიდებას დაიბრუნებს და 2005 წელს BMW-ს სასარგებლოდ დაკარგულ პირველ ადგილს 2020 წელს დაგეგმილის ნაცვლად, წელსვე დაიბრუნებს.

ანალიტიკოსები სულ მცირე მომავალი ორი წლის განმავლობაში ბრენდის ლიდერობას პროგნოზირებენ და ფიქრობენ, რომ მათ ”პრობლემები” წესით 2018 წლამდე არ უნდა შეექმნათ.

Mercedes-მა მიმდინარე წელს უკვე გაყიდა 284 566 ავტომობილი, BMW-მ - 277 304, ხოლო Audi-მ მესამე ადგილზე გადაინაცვლა და 269 650 ერთეულის რეალიზება მოახერხა. ციფრებზეც კარგად ჩანს, რომ კონკურენცია მიმდინარე წელს ყველაზე მძაფრი იქნება, თუმცა გამარჯვება დიდი ალბათობით ”სამქიმიანებს” დარჩებათ, ვინაიდან მათ ”ბავარიელ” კონკურენტებს მიმდინარე წელს სამოდელო გამაში დიდი ცვლილებები არა აქვთ, ხოლო რაც აქამდე წარმოადგინეს 7 series-ის სახით, ის ჯერ კიდევ 2013 წელს წარმოდგენილ S class-თან მნიშვნელოვნად აგებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია 2020 წლამდე კიდევ 10 სრულიად ახალი მოდელის წარმოებას გეგმავს, თუმცა არის ლიმიტებიც. მაგალითად, უკვე ცნობილია, რომ Mercedes სუბკომპაქტების სეგმენტამდე არ დაეშვება და ახალ Audi Q2-ს კონკურენტს არ დაუყენებს.

კოკა კვირკველია