10 ყველაზე დიდი კოოპერატივი საქართველოში

1990-იანი წლების შემდეგ საქართველოში სოფლის მეურნეობამ რეგრესი განიცადა.

მნიშვნელოვნად შემცირდა მესაქონლეობა, ხილის, ჩაის და ციტრუსების წარმოება, ზოგიერთი წამყვანი დარგი კი განადგურების პირას მივიდა. ამ სიტუაციაში ეკონომიკის ექსპერტების და ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია ფერმერული მეურნეობების განვითარება და კოოპერატივების შექმნაა. სწორედ ამ მიზნით მიიღეს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“, რომელიც კოოპერატივების შექმნის წესებს განსაზღვრავს და შეიქმნა სსიპ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელსაც ამ პროცესის წარმართვა ევალება. კანონის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა მინიმალური რაოდენობა 5-ით განისაზღვრა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში - 3-ით. როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში ამბობენ, 2016 წლის 17 მარტის მდგომარეობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 1 378 კოოპერატივს.

გთავაზობთ ყველაზე მრავალრიცხოვანი და წარმატებული კოოპერატივების ათეულს საქართველოში. ათეული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის შედგენილი.

„დარჩელის თხილი“

კოოპერატივი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში შეიქმნა. დარჩელი საკმაოდ დიდი სოფელია - მისი მოსახლეობა 6400 ადამიანს აჭარბებს, ალბათ ამიტომაც დაარსდა აქ საქართველოში ყველაზე დიდი კოოპერატივი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2015 წლის აგვისტოში მიენიჭა. კოოპერატივში გაერთიანებულია 599 მეპაიე, მათი ძირითადი საქმიანობა მეთხილეობაა.

კოოპერატივი „ჭარნალი“

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭოროხის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს უძველესი სოფელი ჭარნალი. აქ აჭარლების გვერდით ცხოვრობენ XIX საუკუნეში აფხაზეთიდან გადმოსახლებული მუჰაჯირების შთამომავლები. სწორედ ამ ლამაზ სოფელში შეიქმნა კოოპერატივი „ჭარნალი“, რომელშიც გაერთიანებულია 157 მეპაიე. მათი ძირითადი საქმიანობა მეციტრუსეობაა.

„გურიის თხილი“

აჭარლებს არც გურულები ჩამორჩნენ და საქართველოს პირობებში საკმაოდ დიდი კოოპერატივი ჩამოაყალიბეს, რომელშიც 134 მეპაიე გაერთიანდა. კოოპერატივი „გურიის თხილი“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი საქმიანობის სფერო მეთხილეობაა.

კოოპერატივი „ლაზი“

კოოპერატივი „ლაზი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სახელი ძველი ლაზეთის სახელწოდებიდან მოდის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2015 წლის ივლისში მიენიჭა. კოოპერატივში გაერთიანებულია 90 მეპაიე და მათი მთავარი საქმიანობა მეთხილეობაა.

კოოპერატივი „ხალა“

ეს კოოპერატივი ქობულეთში შეიქმნა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2014 წლის ოქტომბერში მიენიჭა. კოოპერატივში 73 მეპაიეა გაერთიანებული. „ხალას“ ძირითადი საქმიანობა მეციტრუსეობა და მეხილეობაა.

„მასაური“

აჭარის ულამაზეს ადგილას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქმედებს კოოპერატივი „მასაური“, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2014 წლის ოქტომბერში მიენიჭა. კოოპერატივში გაერთიანებულია 64 მეპაიე. მათი საქმიანობის სფერო მეფუტკრეობა და მეციტრუსეობაა.

კოოპერატივი „ქესალო“

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2015 წლის აპრილში მიანიჭეს. გაერთიანებულია 53 მეპაიე. „ქესალოს“ ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა.

„ღორჯომი“

კოოპერატივი „ღორჯომი“ წალკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა 2015 წლის მაისში. ამ კოოპერატივში 38 მეპაიეა გაერთიანებული. მათი საქმიანობის სფერო მებოსტნეობა, მემარცვლეობა, მესაქონლეობა და მეფუტკრეობაა.

„თრიალეთი 2015“

წალკის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მოზრდილი კოოპერატივი მოქმედებს, რომელსაც „თრიალეთი 2015“ ეწოდება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2015 წლის მაისში მიენიჭა. მასში გაერთიანებულია 34 მეპაიე. კოოპერატივის წევრების ძირითადი საქმიანობა მემარცვლეობა, მებოსტნეობა და მესაქონლეობაა.

„ადიგენის ნობათი“

ალბათ სახელწოდების მიხედვითაც მიხვდით, რომ ეს კოოპერატივი ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. „ადიგენის ნობათს“ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2015 წლის დეკემბერში მიენიჭა. მასში 47 მეპაიეა გაერთიანებული, მეპაიეების მთავარი საქმიანობა მესაქონლეობა და რძის პროდუქტების წარმოებაა.

ხათუნა ჩიგოგიძე