ქუთაისში 270 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება

კომპანია ,,აია ინტერტაიმენტი” ქუთაისის პარლამენტის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებულ 75 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

კომპანიის წარმომადგენლის ვახტანგ გაგნიძის განცხადებით, პროექტს მთლიანად ტურისტული დანიშნულება ექნება.

„პროექტის მიხედვით, ქუთაისში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის, ქართული და ჩინური რესტორნების, პრემიუმ კლასის სამორინის, დიდი სავაჭრო ცენტრის, გერმანული ტექნოლოგიის მქონე აკვა-პარკის, კინოთეატრის, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო კომპლექსის, სათამაშო ბიზნეს სივრცის, კორტების, მსოფლიო სტანდარტების ღია სტადიონის ,,პატარა საქართველოს” და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ვახტანგ გაგნიძემ.

მისივე თქმით, პროექტში ინვესტიციას შვეიცარული, ჰოლანდიური და ავსტრიული კომპანიები განახორციელებენ.

,,აია ინტერტაიმენტის” წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ეკონომიკის სამინისტროს უკვე წარედგინა და მათი მხრიდან მოწონებაც დაიმსახურა.

კომპლექსის მშენებლობის მიზნით, ქუთაისის პარლამენტის შენობის მომიჯნავე ტერიტორია - 75 ჰა მიწის ნაკვეთი ქალაქის საკრებულომ ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. ვახტანგ გაგნიძის განცხადებით, მიწის გადაცემის ტექნიკური დეტალები დაახლოებით 10 დღეში დასრულდება.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე