”წყალტუბოს სიროფი” ექსპორტზე გავა

შპს ”წყალტუბოს სიროფის” პროდუქცია უახლოეს დღეებში ექსპორტზე გავა და რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის ბაზარზე გამოჩნდება.

ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსთან” კომპანიის თანამფლობელმა, ლაშა გოდუაძემ განაცხადა. ლაშა გოდუაძის ინფორმაციით, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

”ჩვენ გვყავს კლიენეტბი საზღვარგარეთ. ხელშეკრულება გვაქვს დადებული და დღე-დღეზე ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გავა. კონკრეტული კომპანიის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მაგრამ აღვნიშნავ, რომ რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის წარმომადგენლებთან ვთანამშრომლობთ”, - განაცხადა ლაშა გოდუაძემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, ექსპორტზე რამდნიმე ათეული კონტეინერი გავა.

კომპანიის ინფორმაციით, შპს ”წყალტუბოს სიროფი” ამ ეტაპზე მხოლოდ სიროფი იწარმოება. სიროფი წყლის, ნამდვილი შაქრისა და ხილის ნატურალური არომატიზატორისგან მზადდება. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სიროფის დამზადებისას გემოს გამაძლიერებლები და სხვა დანამატები არ გამოიყენება. ლაშა გოდუაძის ინფორმაციით, 1 ლ. სიროფისგან 8ლ. წვენის დამზადებაა შესაძლებელი. სიროფი ასევე გამოიყენება როგორც საკონდიტრო ნაწარმის დამზადებისას, ასევე კლუბებში - კოქტეილებისთვის.

მომავალში „წყალტუბოს სიროფი“ წვენების, ჯემებისა და ფაფების წარმოებას გეგმავს.

კომპანია 2015 წლის ივლისში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში შეიქმნა და დღეს მასში 40-ზე მეტი დასაქმებული მუშაობს.