ქართული ღვინის პოპულარობა თბილისის აეროპორტის Duty Free გაყიდვების ზრდაზე დადებითად აისახება

თბილისის აეროპორტის ”დიუთი ფრი” სავაჭრო ზონის გაყიდვები გასული წლის იანვრის შემდეგ, 40%-ით გაიზარდა, რაშიც დიდი წვლილი ქართულ ღვინოს მიუძღვის.

აღნიშნული ინფორმაცია მოგზაურობისა და მასთან დაკავშირებული რითეილის სიახლეების ვებგვერდს, The Moodie Report-ს უკვე დაუდასტურა თბილისის აეროპორტებში ”დიუთი ფრი” ზონის მენეჯმენტ კომპანიამ, ATÜ Duty Free-მა.

როგორც Moodie წერს, გაყიდვების ზრდა წინ უძღვის მომავალი წლისათვის ATÜ-ს მიერ დაგეგმილ ბიზნესის გაფართოებას საქართველოში. კერძოდ, მენეჯმენტი მომავალ წელს თავის მაღაზიებში რეინვესტირებას გეგმავს. ასევე, ბათუმისა და თბილისის აეროპორტების შემდეგ, ”დიუთი ფრის” ტიპის მაღაზიებს ATÜ მომავალ წელს ქუთაისის აეროპორტშიც გახსნის.

ვებგვერდის ცნობით, თბილისის აეროპორტში ორი წლის წინ გახსნილი ქართული ღვინოების მაღაზია წარმატებული გამოდგა როგორც ფინანსურად, ისე სტაბილურობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მაღაზია ქართული ღვინის პოპულარიზაციასაც უწყობს ხელს, რადგან მისი კლიენტების უმრავლესობა უცხოელები არიან.

მაღაზიაში 11 წამყვანი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა წარმოდგენილი. როგორც ATÜ-ს მენეჯმენტი განმარტავს, ყველაზე გაყიდვად ქართულ ნაციონალურ პროდუქტებს შორისაა ხვანჭკარას ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, კონიაკი ”სარაჯიშვილი XO”, ”შატო მუხრანის” ჭაჭა, ”მარანის” ნახევრად ტკბილი ქინძმარაული, ”თელიანი ველის” ხვანჭკარა, ”ბადაგონის” ნახევრად ტკბილი ხვანჭკარა და წითელი მშრალი სატრაპეზო საფერავი.

ATÜ Duty Free წამყვანი თურქული რითეილერია მოგზაურობის სექტორში. საქართველოს აეროპორტებში კომპანია  ”დიუთი ფრი” სავაჭრო ზონას TAV Airports-თან და Unifree-სთან ერთობლივად შექმნილი კომპანიის მეშვეობით მართავს. აღნიშნულ კომპანიაში მნიშნველოვანი წილი აქვს Gebr Heinemann-საც, რომელიც ATÜ Duty Free მაღაზიებისათვის ასევე ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებელსაც წარმოადგენს.