"ბრითიშ ამერიქან ტობაკო", რომელიც ”ლაქი სტრაიკის” მწარმოებელი კომპანიაა, 950 სამუშაო ადგილს შეამცირებს.
კომპანიის განცხადებით, გერმანიაში მდებარე ქარხანაში თანამშრომელთა შემცირების მიზეზი დასავლეთ ევროპაში მწეველთა რაოდენობის შემცირებაა.
ქარხანაში, სადაც 1 320 ადამიანი მუშაობს, შტატების შემცირება ეტაპობრივად, 2 წლის განმავლობაში გასტანს.
”არსებულმა ეკონომიკურმა გარემომ, სხვა რეგულაციებთან ერთად, ზოგ ქვეყნებში თამბაქოს მოხმარების საგრძნობლად შემცირება გამოიწვია, რაც ბუნებრივია, წარმოებაზეც აისახა”, - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
საერთო ჯამში, "ბრითიშ ამერიქან ტობაკოში" 2015 წლის ბოლოსთვის თანამშრომელთა რაოდენობა 87 000-მდე შემცირდა. 2001 წელს კომპანიაში 140 000 ადამიანი იყო დასაქმებული.
"ბლუმბერგის" ცნობით, ბოლო ათი წლის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში მწეველთა რიცხვი 3,6 პროცენტით - 23 პროცენტამდე შემცირდა. შედეგად, მარტში "ბრითიშ ამერიქან ტობაკომ" მალაიზიაში არსებული ქარხანა დახურა.
თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების სიმსხვილით "ბრითიშ ამერიქან ტობაკო" რიგით მესამეა მსოფლიოში.