როგორ განავითარა წარმატებული სასათბურე სისტემა ზუგდიდელმა ფერმერმა

60 წლის გენადი ასათიანს ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ცაიშში სასათბურე სისტემა აქვს გამართული. როგორც ფერმერი ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რამდენიმე წლის წინ დაწყებული საქმიანობა საკმაოდ შემოსავლიანი აღმოჩნდა.

,,სათბურები თერმული წყლების მიმდებარედ მაქვს განთავსებული. ეს საშუალებას გვაძლევს ზამთარში ნაკლები ხარჯი გვქონდეს და ამავდროულად, პროდუქცია იმ პერიოდში მოვიყვანოთ, როცა ბაზარზე საუკეთესო ფასია. ძირითადი დატვირთვით ზამთარში ვმუშაობთ”, - აღნიშნავს გენადი ასათიანი.

ფერმერის საკუთრებაში 1000 კვადრატული მეტრი სასათბურე სისტემაა. კიტრის, პომიდვრის, სალათის ფოთლების, ბადრიჯნის, ბულგარულის, პილპილისა და სხვა ბოსტნეულის ადგილობივ ბაზარზე რეალიზაციით, ბიზნესი წელიწადში 500 000 დოლარის ოდენობის მოგებაბაზე გადის.

„ნაწილი ჩემს საკუთრებაშია, თუმცა პარტნიორებიც მყავს. აგრონომად სათბურში მე ვმუშაობ, დასაქმებული კი სეზონზე 15-20 ადამიანი მყავს“, - აღნიშნავს გერმერი.

გენადი ასათიანი 20 წელია, რაც ფერმერული საქმიანობითაა დაკავებული. სათბურები კი რამდენიმე წლის წინ USAID-ის 40 ათას ლარიანი გრანტით გახსნა.

,,მას შემდეგ სასათბურე სისტემა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. საქმე წარმატებული გამოდგა. ადგილობრივებიც დაინტერესდდნენ. აგროსესხები გამოიტანეს, შედეგად პროდუქციის მოყვანა და რეალიზაცია მათაც დაიწყეს. მართალია, ქართული პროდუქტი ძალიან მოთხოვნადია რუსეთში და ეს იმიტომ, რომ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია. მაგრამ გატანა გვიჭირს.”-აღნიშნავს ფერმერი.  ამ ეტაპზე, მოყვანილ ბოსტნეულს გენადი ასათიანი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

ქრისტინე გამთენაძე