„სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციურ კონკურსში 36-მა პროექტმა გაიმარჯვა

„სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციურ კონკურსში 36-მა პროექტმა გაიმარჯვა.

პროექტები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინტერნეტ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ქიმიური მრეწველობის და სხვა სფეროებს მოიცავს. „სტარტაპ საქართველოს“ პირველი ეტაპის გამარჯვებულთა დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები და პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ ბენეფიციარები დაესწრნენ.

“ვერ წარმოიდგენთ, როგორი დადებითი ემოცია მაქვს ამ დაჯილდოების მერე. მხოლოდ ორ თვეში 726 აპლიკაცია მივიღეთ. კიდევ ძალიან ბევრი არის შემოტანილი, რომელიც ჯერ განხილვის სტადიაში არ არის და ეს იმ პატარა ქვეყანაში, სადაც 4 მილიონი მოსახლე არ ცხოვრობს. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს და ეს გამოჩნდა ძალიან კარგად. 10 მილიონი, რომელიც ჩვენი ფონდიდან არის გამოყოფილი, ჯერ არ გახარჯულა და საშუალება გვექნება, მე-2, მე-3 ეტაპისთვის პროექტები დავაფინანსოთ. მიმაჩნია, რომ შემდგომი ეტაპები ბევრად უფრო წარმატებული იქნება“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა" „სტარტაპ საქართველო“ შედგება ორი კომპონენტისგან: მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური. ,,სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ფარგლებში სულ 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. მათ შორის მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 150-მდე განაცხადი, რომელთაგან 20 გამარჯვებული ამა წლის 25 აგვისტოს გამოვლინდა, ხოლო ინოვაციურ ნაწილში 570 ბიზნესიდეა, რომელთაგან პროგრამის გამარჯვებული 36 პროექტი გახდა.

კონკურსის მეორე ეტაპი 20 სექტემბერს გამოცხადდება. პერსპექტიული ბიზნეს იდეების ავტორებს, რომლებმაც პირველი ეტაპის შედეგებით ვერ გაიმარჯვეს, აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა პროგრამაში სწორედ კონკურსის შემდგომ ეტაპზე მიიღონ. განმეორებით განხილვამდე მათ შესაძლებლობა ექნებათ, კონსულტაცია გაიარონ „სტარტაპ საქართველოს“ წარმომადგენლებთან, რომლებიც პროექტის ავტორებს ურჩევენ, რა მიმართულებით იქნება უმჯობესი ბიზნეს იდეის დახვეწა. „სტარტაპ საქართველო“ ავტომატურად გადაიტანს მათ განაცხადებს შემდგომი კონკურსის განსახილველ ნუსხაში და ბიზნეს იდეის ავტორებს აღარ მოუწევთ აპლიკაციის ხელახლა შევსება. ასევე, დაგეგმილია ტრეინინგების ჩატარება კონკურსის მონაწილეთათვის, ვისაც სურვილი აქვს, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და ცოდნა, თუ როგორ დაიწყოს ბიზნესი. ტრენინგების ხარჯებს სრულად დაფარავს შპს „სტარტაპ საქართველო“ და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“.

პროგრამის თანახმად, ყველა გამარჯვებულს ენიჭება უფლება „სტარტაპ საქართველოსთან“ გააფორმოს პარტნიორთა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი დაფინანსება. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი, შესაძლოა, 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

„სტარტაპ საქართველო" სს „საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნდა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში.