Google-მა შესაძლოა „ტვიტერი“ შეიძინოს

მიკრობლოგის სერვისი „ტვიტერი“ პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

CNBC-ის ცნობით, „ტვიტერის“ შეძენით ინტერნეტ საძიებო გიგანტი „გუგლი“ დაინტერესდა.

პოტენციური მყიდველები დაინტერესებული არიან როგორც „ტვიტერის“ მომხმარებელთა ბაზის, ასევე მისი მედია რესურსის შეძენით. თუმცა, ამ ეტაპზე არც „გუგლი“ და არც „ტვიტერი“ შესაძლო გარიგების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

CNBC-ის წყაროს ცნობით, შესაძლოა გარიგება მიმდინარე წლის ბოლოსთვის შედგეს. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, „ტვიტერის“ აქციები 15%-ით გაიზარდა.

რამდენიმე წლის წინ „ფეისბუქის“ შემდეგ „ტვიტერი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური ქსელი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ის უკან ჩამოიტოვა „ფეისბუქის“ აპლიკაციებმა, მათ შორის „ინსტაგრამმა“, „მესინჯერმა“ და WhatsApp-მა.