ყველაზე სახიფათო პროფესიები საქართველოში

ნებისმიერი პროფესია გარკვეულ რისკთან და ფსიქოლოგიურ, თუ ფიზიკურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული, მაგრამ არსებობს პროფესიები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, საქართველოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობა ძალიან დიდია.

„მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექცია გაუქმდა ანუ 2007-2016 წლებში, სამუშაო ადგილებზე დაღუპულია 356 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი - 642-ს აღწევს“ - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას პროფკავშირების ტექნიკური და სამართლებრივი დაცვის სპეციალისტმა ნიკა კაკაშვილმა. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ეს არის მინიმალური ციფრი, რის მოპოვებაც მათ შეძლეს, რადგან ჩვენი სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევების აღრიცხვას არ აწარმოებენ. მხოლოდ პროფკავშირების და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღირიცხება სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევები, ამიტომ, ეს მიახლოებითი ციფრებია. ბატონი ნიკას დახმარებით და ამ მონაცემების მიხედვით, ჩვენ შევძელით დაგვედგინა, თუ როგორ გამოიყურება ყველაზე სახიფათო პროფესიების ჩამონათვალი საქართველოში.

მშენებელი

“სამშენებლო სექტორი ადამიანის სიცოცხლისთვის ყველაზე სახიფათოა. მშენებლობებზე მთელი წლის განმავლობაში, საშუალოდ 15 ადამიანი მაინც იღუპება. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ სფეროში ყველაზე მეტად ირღვევა უსაფრთხოების ნორმები, მუშები ხშირად მუშაობენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე, რაც ტრაგიკული შედეგით სრულდება. საერთოდ, მშენებლობებზე არის (ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს) როგორც კოლექტიური, ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. კოლექტიური დაცვის საშუალებებში შედის სართულების შემოღობვა. ნორმატიული აქტის მიხედვით არა მარტო სართულები, არამედ კიბეებიც შემოფარგლული უნდა იყოს, განსაკუთრებით იქ, სადაც ჩამოვარდნის საფრთხე მეტია. მშენებლები ხომ ყველაზე ხშირად გადმოვარდნის გამო იღუპებიან, ან სახიჩრდებიან, რაც გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული”, - ამბობს ნიკა კაკაშვილი.

მაღაროელი

მაღაროელის პროფესია ძალიან რთულია, თუმცა ამ ადამიანებს შორისაც არის ხალხი, ვისაც განსაკუთრებით სარისკო საქმე ევალება, მაგალითად, ამფეთქებელი: იგი დეტონატორის დახმარებით აფეთქებს გვირაბს, სადაც ამის შემდეგ მიწის მასა ჩამოიშლება ხოლმე. სწორედ ასე ხდება გვირაბების გაყვანა. იყო წლები, როდესაც მაღაროებში, წლის განმავლობაში 9-10 ადამიანი იღუპებოდა. ბოლო ხანებში ეს რიცხვი შემცირებულია, მაგრამ ამფეთქებლებს შორის წლის განმავლობაში 5 ადამიანი მაინც იღუპება.

ელექტრიკოსი

ამ ადამიანებს ელექტრობასთან აქვთ მუდმივი შეხება, ამიტომ, ელექტრიკოსის პროფესიაც ძალიან სახიფათოა. არის შემთხვევები, როცა ელექტრიკოსები არ იყენებენ ინდივიდუალურ დაცვით საშუალებებს, მაგალითად, სპეციალურ ხელთათმანებს, ზოგჯერ იქ, სადაც მუშაობენ, არ არის დამიწება, ხშირად არის შემთხვევა, როცა ელექტროსადენი გათიშული უნდა იყოს და არ არის. ზოგჯერ დაუდევრობის გამო ელექტრიკოსს ჰგონია, რომ გათიშულ სადენზე მუშაობს და ამ დროს ძაბვის ქვეშ იმყოფება. ამიტომ, ეს საკმაოდ საშიში პროფესიაა და გაუფრთხილებლობის გამო ზოგიერთი მათგანის სიცოცხლე ფატალური შედეგით სრულდება. ხშირ შემთხვევაში ისინი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით არ არიან უზრუნველყოფილი. ამიტომ, ელექტრიკოსებს შორის მთელი წლის განმავლობაში საშუალოდ 5 ადამიანი მაინც იღუპება.

აირშემდუღებელი

ამ პროფესიის ხალხს ჟანგბადის ბალონებთან უწევს მუშაობა. ხშირია შემთხვევა, როდესაც უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო ჟანგბადის ბალონი ფეთქდება და ადამიანი იღუპება. საბედნიეროდ, სტატისტიკის მიხედვით, აირშემდუღებლებს შორის მსხვერპლი დიდი არ არის, რაც ამ სამუშაოს სპეციფიკით უნდა აიხსნას: როგორც ჩანს, რაც უფრო დიდია საფრთხე, ადამიანი მით უფრო მეტად ფრთხილობს.

მეხანძრე

მეხანძრეებს შორის საშუალოდ წელიწადში ერთი ადამიანი მაინც იღუპება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროფესიად არის მიჩნეული, საბედნიეროდ, მეხანძრეებს შორის მსხვერპლი დიდი არ არის. ყოველ შემთხვევაში, მშენებლებს და მაღაროელებს თუ შევადარებთ - ასეთია გაერთიანებული პროფკავშირების მიერ მოპოვებული ინფორმაცია.

მექლორატორი

ეს პროფესია ბევრისთვის უცნობია: მექლორატორები ძირითადად წყალკანალში მუშაობენ. მოგეხსენებათ, რომ წყლის დეზინფექცია შესაბამის ლაბორატორიებში მიმდინარეობს და იქ დასაქმებული მექლორატორები სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ამ დროს შეიძლება ქლორმა გაჟონოს და მოწამვლა გამოიწვიოს, თუმცა ისინი სპეციალური დაცვის საშუალებებით არიან აღჭურვილი. თუ დაცვით საშუალებებს არ გამოიყენებენ, რისკ-ფაქტორები ამ პროფესიის ხალხისთვის საკმაოდ მაღალია. ამიტომ, მექლორატორი ყველაზე მავნე და საშიშ პროფესიებს შორის ოფიციალურად არის დასახელებული. მიუხედავად ამისა, მათ შორის უბედური შემთხვევები იშვიათია, რადგან ყოველთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით მუშაობენ. იგივე უნდა ითქვას ხალხზე, რომელიც ქიმიურ საწარმოებში მუშაობს და რადიოაქტიურ ნივთიერებებთან უწევს შეხება - ეს ადამიანებიც უსაფრთხოების განსაკუთრებულ წესებს იცავენ.

ხათუნა ჩიგოგიძე