მობილური ტელეფონების ხის ქეისები - ახალგაზრდა წყვილის „ახალგაზრდა“ ბიზნესი

მობილური ტელეფონის ხის ქეისები, სუვენირები, ავეჯის დეტალები - სტუდენტმა წყვილმა ბიზნესსაქმიანობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

”ჩემი ტელეფონის ქეისებს ყოველთვის ვაფორმებდი. ერთ დღეს ლუკამ თავისი გაკეთებული ხის ქეისი მაჩუქა, რომელიც შემდეგ მე გავაფორმე. მოგვეწონა, რაც გამოვიდა და შემდეგ კიდევ ერთი გავაკეთეთ, მოვხატეთ, დავხვეწეთ და მივხვდით, რომ ამით საკუთარი ფულის გამომუშავებას შევძლებდით. ასე დაიბადა მობილური ტელეფონების ხის ქეისების შექმნის იდეა”, - ამბობს ნია შველიძე

ნია შველიძე და ლუკა კუჭუხიძე იურიდიული და კვების პროდუქტების ტექნოლოგიის მე-4 კურსის ფაკულტეტის სტუდენტები არიან. წყვილი უკვე 3 თვეა ხისგან მობილური ტელეფონების ქეისებს, სხვადასხვა სუვენირსა და ავეჯის დეტალებს ამზადებს და ხის მასალას, ორგმინას, დიბონდსა (ალუმინის კომპოზიტური პანელი) და სინათლის ყუთებს აფორმებს.

”მომავალი იურისტი ვარ, მაგრამ დიზაინერობა ბავშვობიდან მინდოდა. ჯიბის ფულის შოვნისთვის ყველაზე რეალური სწორედ ხისგან დამზადებული ქეისები აღმოჩნდა. გვინდოდა ისეთი პროდუქტი შეგვექმნა, რომელიც ჯერ საქართველოს ბაზარზე არ არსებობს და ამით ჩვენს ქვეყანაში ახალი სიტყვა გვეთქვა. იქიდან გამომდინარე, რომ 21-ე საუკუნეში მობილური ტელეფონი ადამიანის განუყოფელი ნაწილია და მისი ქეისი ძალიან აქტუალური ნივთია, გადავწყვიტეთ ხის ქეისები დაგვემზადებინა. დახვეწილი გემოვნებიანი, ხარისხიანი და რაც მთავარია, მომხმარებლისთვის განსაკუთრებული - ნებისმიერი წარწერით, ინიციალებით, რაიმე ნახატით”, - ამბობს ნია შველიძე.

ახალგაზრდებმა თავიანთ ბიზნესს სახელად ”N WooD” (N-ნია WooD) შეურჩიეს. როგორც წყვილი ამბობს, ეს ყველაზე შესაფერისი და მარტივი სახელი იყო. ”N WooD”-ის პროდუქცია " Facebook"-ისა და "Instagram"-ის მეშვეობით იყიდება. ნია და ლუკა ახლო მომავალში თავიანთი ნამუშევრების სხვადასხვა უცხოურ საიტზე განთავსებას აპირებენ და ამბობენ, რომ წარმატების ფონზე ჯერ კიდევ ბევრი მიზანი აქვთ მისაღწევი.

”ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ გვქონია. ვფიქრობთ, რომ რაღაც დოზით წარმატებას უკვე მივაღწიეთ, მაგრამ ჩვენი აზრით წარმატება ჯერ იდეაზე, შემდეგ დაუღალავ შრომაზეა დამოკიდებული, ასევე დიდი წვლილი მიუძღვის გამართლებას. საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდე. უნდა გქონდეს მიზანი, რომელიც გრძელვადიანი და ასრულებადია”, - ამბობენ ლუკა და ნია.

თათია ახვლედიანი