სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 48 ტონა ტყვიის გადამეტებული რაოდენობის შემცველი მარილი აღმოაჩინა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შპს "ეკო ჯორჯიას" მიერ დაფასოებულ ირანული წარმოშობის მარილში ტყვიის შემცველობა აღემატებოდა დასაშვებ ნორმას - 2.0 მგ/კგ-ს და შეადგენდა 3.2 მგ/კგ-ს (გოსტ 30178-96).
როგორც ირკვევა, სააგენტომ რამდენიმე სუპერმარკეტიდან სუფრის მარილის სინჯი 2013 წლის დეკემბრის ბოლოს აიღო და შესამოწმებლად გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიას გადაუგზავნა. კვლევის მიზანი იყო მარილში იოდის, ტოქსიკური ელემენტებისა და რადიონუკლიდების განსაზღვრა.
სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ სამი კომპანიის მიერ დაფასოებული ირანული მარილიდან - ერთში, შპს ”ეკო ჯორჯიას” მიერ დაფასოებულ მარილში ტყვიის შემცველობა 3.2 მგ.კგ-ს შეადგენდა, რაც დასაშვებზე მაღალია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს გარდა, ფალსიფიცირებული და საკვებად უვარგისი მარილის გამოვლენაზე მარილის მწარმოებელმა კომპანიებმაც იზრუნეს, კომპანია ”სოლტ ლაინ ჯორჯიას” წარმომადგენელმა, რატი კვანტრიშვილმა ”პირველ არხს” განუცხადა, რომ მათმა წარმომადგენელმა ფარულად გადაიღო კადრები ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკანონოდ აფასოებდნენ საკვებ მარილს. ამის შემდეგ, კომპანიამ განახორციელა რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული პროდუქტების ნიმუში უკრაინაში, ერთ-ერთ ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გააგზავნა, სადაც დადგინდა, რომ პროდუქტი დიდი რაოდენობით ტყვიას, ვერცხლისწყალსა და დარიშხანს შეიცავდა.
”ხდებოდა ჩვენი სახელის შელახვა, რაც ჩვენზე ძალიან მოქმედებდა. ამან გადაგვაწყვეტინა, დაგვეწყო ძირფესვიანად კვლევა და აღმოჩნდა, რომ ეს არის ირანული მარილი, რომელიც ვიზუალურად ჩვენი პროდუქტის იდენტურია და ბევრად იაფიც ღირს და ნებისმიერ წარმოებას უფუჭებს პროდუქციას,” - განაცხადა კვანტრიშვილმა.
საქართველოს კანონმდებლობით, სუფრისა და სამკურნალო პროფილაქტიკურ მარილში უვნებლობის მაჩვენებლებიდან ნორმირდება შემდეგი ტოქსიკური ელემენტები: ტყვია - არაუმეტეს 2,0 მგ/კგ; დარიშხანი - არაუმეტეს 1,0 მგ/კგ; კადმიუმი - არაუმეტეს 0,1 მგ/კგ; ვერცხლისწყალი - არაუმეტეს 0,01 მგ/კგ; სპილენძი - არაუმეტეს 2,0 მგ/კგ; თუთია - არაუმეტეს 10,0 მგ/კგ. რადიონუკლიდები: ცეზიუმ-137 - 300 ბკ/კგ; სტრონციუმ-90 - 100 ბკ/კგ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქსელიდან გამოითხოვა მარილის საკვებად უვარგისი პარტია, რომელსაც გაანადგურებენ კანონის შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით.