როგორ აფასებენ უკრაინელი ბიზნესმენები სააკაშვილის გადადგომას

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი გუშინ დატოვა.

დაახლოებით ნახევარი წლის წინ, როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოდესაში დაინიშნა, ადგილობრივი ბიზნესმენების ერთი ნაწილი ამბობდა, რომ სააკაშვილისგან რადიკალური ნაბიჯების გადადგმას და კორუფციასთან გამკლავებას მოელოდნენ.

უკრაინული გამოცემა liga.net სააკაშვილის გადადგომის შემდეგ უკრაინელი ბიზნესმენების აზრით დაინტერესდა, თუ რას ფიქრობდნენ ისინი ოდესის გუბერნატორის გადაწყვეტილებაზე.

როგორც უკრაინული გამოცემა წერს, ზოგიერთმა ბიზნესმენმა ანონიმურად გაიხსენა სააკაშვილთან მუშაობის საკუთარი გამოცდილება.

”რეალურად, პოზიტიური შედეგებიდან საბაჟოს გამჭვირვალე მუშაობა შემიძლია გამოვყო. იყო ეპიზოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პირადად დამეხმარა. მისი დახმარებით ჩემი კომპანიის მუშაობა არ გაჩერდა”, - ყვება ოდესელი მეწარმე.

"ლიგა.ნეტ"-ის კიდევ ერთი რესპონდენტის თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა, რეგიონის მიმართ ინვესტორების ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. ”მაგრამ შემდეგ ბევრი მიხვდა, რომ გუბერნატორი ყველაფერს ვერ წყვეტს. ეს მისმა გადადგომამაც დაადასტურა. არსებობს სხვა ძალები, რომლებიც ქალაქს მართავენ”, - ამბობს რესპონდენტი.

”მე შემიძლია გავიგო სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება. ჩემი ინფორმაციით, ის გადადგომისთვის უკვე ზაფხულის ბოლოს იყო მზად. როგორც ჩანს, ლორთქიფანიძის გადადგომა ბოლო წვეთი აღმოჩნდა. დე-ფაქტო ლორთქიფანიძის გარეშე, პროკურატურის გარეშე ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია. როგორი გუბერნატორი იყო სააკაშვილი? - მის დროს ბიზნესი თავს მშვიდად გრძნობდა. ძალოვანი ორგანოები ზღვარს არ გადადიოდნენ. ისინი ხვდებოდნენ, რომ არსებობს მიშა, რომელსაც შეუძლია და უყვარს ხმაურის ატეხვა, ამიტომ მისი გადაკიდება არაა სასურველი. თანაც, არსებობს უამრავი სხვა ქალაქი, სადაც სრული განუკითხაობით სარგებლობა შეიძლება. ოდესაში მიხეილ სააკაშვილის დროს განუკითხაობა არ ყოფილა. მილიცია, პროკურატურა, უშიშროება, ეკოლოგები, საბაჟო - ყველა ნორმალურად მუშაობდა. იყო ცალკეული შემთხვევები, მაგრამ მიშა მიდიოდა და ყველაფერს აგვარებდა. ის ამას ორგანიზმის, ჯანმრთელობის რაღაც რეზერვების ხარჯზე აკეთებდა, იმიტომ რომ რეალური ადმინისტრაციული ბერკეტები მას პრაქტიკულად არ ჰქონდა. ამიტომაც რეიდებთან და უკანონო შემოწმებებთან ბრძოლის მისი მთავარი იარაღი საზოგადოებრივი რეზონანსის გამოყენება იყო. მოკლედ, ასეთი სისტემა გამართულად მუშაობდა.

ვიქტორ ბერესტენკო, ოდესის ოლქის ექსპედიტორთა პროფკავშირის ხელმძღვანელი:

რა მოასწრო:

1. მიაღწია ოდესა-რენის გზის მშენებლობისთვის დაფინანსების გამოყოფას;

2. დაამარცხა სისტემური კორუფცია ოდესის საბაჟოზე (გააძევა ის სტრუქტურები, რომლებიც ამაზე ”ხელებს ითბობდნენ” - უშიშროება, შსს, დეპუტატები, მთავრობის წევრები და სხვა);

3. სისტემურად აგვარებდა ბიზნესის პრობლემებს ოდესის საბაჟოზე ტვირთების გაფორმების დროს (ამას ოდესის საბაჟოს ხელმძღვანელი მარუშევსკაია აკეთებდა, მაგრამ ეს მიშას დამსახურებაა);

4. გახსნა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი.

ჩემი აზრით, ის, რაც მან ვერ მოასწრო, პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის მიერ მისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობას უკავშირდება.

ერთადერთი, რაც მან ვერ მოახერხა - თავიდანვე ვერ გაერკვა და ვერ გათვალა, რომ მას იყენებენ როგორც ფარდას, რომლის მიღმაც უმაღლესი პოლიტიკური კორუფცია გრძელდება.

ალექსანდრე ლაზარევი, ოდესური კომპანია ”ლამარინის” დირექტორი (საბაჟო გაფორმება და სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურება):

"მიხეილ სააკაშვილის დროს კორუფციასთან ბრძოლა მიმდინარეობდა. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ვერ ვიხსენებ შემთხვევას, როდესაც ჩემთვის ტვირთის გაფორმებისთვის ქრთამი ეთხოვათ. სულ რაღაც 3-5 წლის წინ სიტუაცია რადიკალურად განსხვავდებოდა. ახლა მსხვილი კომპანიები ოდესის საბაჟოზე ტვირთებს ძალიან მარტივად აფორმებენ, ყველა პროცედურა გამარტივებულია".

ბორის მუზალევი, სასურსათო ქსელების ”კოსმოს” და ”ტავრია-ვ” თანამფლობელი:

"ოდესა-რენის გზაზე ბოლოს და ბოლოს მოძრაობა აღდგა, ეს ძალიან კარგია. ოლქში, სოფლად გზებს აკეთებენ, რაც სხვა გუბერნატორების დროს არ ხდებოდა".

შოთა ხაჯიშვილი, აგროსამრეწველო კომპანიების ჯგუფის Risoil S.A.-ს დირექტორი:

"რა მოასწრო? არაფერი... ქარის წისქვილების დამარცხება შეუძლებელია".