ქართული ხის სათვალეებით ევროპა დაინტერესდა

საქართველოში დამზადებული, ხელნაკეთი ხის სათვალეებით კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა დაინტერესდა. ამ ეტაპზე Bros Eyewear ესპანეთის ორ ქალაქში იყიდება. ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებამდე, კომპანია წარმატებით აგრძელებს საქართველოში ოპერირებას. სამომავლო გეგმებსა და წარმოების პროცესზე „ბიზნესპრესნიუსი“ Bros Eyewear-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან გამთენაძეს ესაუბრა.

-Bros Eyewear ნატურალური ხისგან დამზადებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელნაკეთი სათვალეებია. წარმოება დაახლოებით, ორი წლის წინ დავიწყეთ. ახალ იდეაზე, დიზაინსა და საბოლოო პროდუქტის შექმნაზე სამი ადამიანი ვმუშაობთ. გამორჩეული და ორიგინალური სტილის სინთეზით მაღალი ხარისხის ნაწარმი მზადდება.

ხის სათვალეების შექმნის იდეა ძალიან მარტივად გაჩნდა. მე და ჩემმა ძმამ, თავდაპირველად სახლის პირობებში ვცადეთ. ჩვეულებრივ, პლასტმასის სათვალეს ხის ანათალი გადავაკარით, ვიზუალმა მოგვხიბლა და გადავწყვიტეთ გვეცადა. ასე დავიწყეთ ჩვენი, მცირე ბიზნესი ახალი და დიდი იდეებით.

კონკრეტულად, რა მასალის გამოყენებით მზადდება Bros Eyewear?

ჩვენი სათვალეების ჩარჩო სხვადასხვა ხის მასალისგან მზადდება, მათ შორის ვიყენებთ კაკალს, ნეკერჩხალს, ვარდის ხეს, ბზას. მასალის ნაწილი საქართველოში მოიპოვება, ნაწილი კი ესპანეთიდან შემოგვაქვს.

რაც შეეხება რეალიზაციას?

ამ ეტაპზე თბილისის რამდენიმე მაღაზიაში გვაქვს ჩვენი პროდუქცია. ქართული ხის სათვალეები ასევე იყიდება ესპანეთში და სულ მალე კიდევ ერთ ქვეყანაში გავიტანთ. ჯერჯერობით არ დავასახელებ სად, თუმცა მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

სათვალეების დიზაინს რის მიხედვით არჩევთ და რომელი მოდელი მოსწონს მომხმარებლებს განსაკუთრებით?

მომხმარებელთა ერთი ნაწილი დიზაინს თავად გვთავაზობს. ჩვენ უკვე დავხვეწეთ ხუთი სხვადასხვა მოდელი. მათ შორის ყველაზე მოთხოვნადია MARTA. ეს პროდუქტი მომხმარებელს განსაკუთრებით მოეწონა. დიზაინზე ერთობლივად ვმუშაობთ. ხან ჩემი ძმის დიზაინია გამოყენებული, ხან ჩემი. საბოლოო პროდუქტის შექმნაში თანაბარი წვლილი შეგვაქვს.

როგორია პროდუქციის ფასები და რა კატეგორიის მომხმარებლისთვის არის Bros Eyewear?

პროდუქცია განსაზღვრულია როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალბატონებისთვის. მინიმალური ფასი იწყება 210 ლარიდან და 350- 400 ლარამდე მერყეობს. გააჩნია მასალას, რისგანაა დამზადებული. ფასები შესრულების სირთულის მიხედვითაც განისაზღვრება. ზოგჯერ კონკრეტულად ერთი ადამიანისთვის ექსკლუზიურ პროდუქტს ვქმნით, შესაბამისად ეს ყველაფერი განაპირობებს ფასს.

საწყისი ეტაპის სირთულეები რომ გაიხსენოთ და როგორ მოახერხეთ ბაზარზე თავის დამკვიდრება.

დასაწყისში იყო გარკვეული სირთულეები. თითქმის ერთი წელი დაგვჭირდა, სანამ რეალიზაციის ეტაპამდე მივიდოდით. თუმცა, ბაზარმა სიახლე ძალიან კარგად მიიღო. ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იყო გარკვეული ხელისშემწყობი ფაქტორებიც. მათ შორის თიბისი ბანკის პროექტს "გააზიარე წარმატებას" გამოვყოფდი. ეს წამოწყება, რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესისთვის, რადგან გვეხმარება ცნობადობის ამაღლებაში და ჩვენს მოტივაციასაც ზრდის.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ნებისმიერი დამწყები ბიზნესისთვის, პირველ რიგში მნიშვნელოვანია განვითარება. გვინდა წარმოების გაზრდა. მოგეხსენებათ, ხელნაკეთი პროდუქციის შექმნა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ვგეგმავთ მეტი ადამიანის დასაქმებას და ახლო მომავალში ჩვენი პროდუქციის რეალიზაციის ზრდას. კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, ქარხნულ წარმოებაზე გადასვლის. ვფიქრობთ, ხელნაკეთ პროდუქტს სულ სხვა ფასი აქვს.

ერთი თვეა, რაც ოპტიკური სათვალეების დამზადებაც დავიწყეთ. განსხვავებული სპეციფიკაა და ამავდროულად, გაცილებით რთულია, ვიდრე მზის სათვალეების დამზადება. ამ კუთხითაც ვაპირებთ განვითარებას.

ქრისტინე გამთენაძე

Wooden Georgian eyewear sold in two Spanish cities