თბილისში ქართველ და რუს ბიზნესმენებს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ქართველ და რუს ბიზნესმენებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განუცხადეს, საქართველოს 10 რუსული კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრნენ, დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ქართველ ბიზნესმენებთან პირისპირ შეხვედრები გამართეს, რომლის ორგანიზებაშიც მათ სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაეხმარა.

როგორც პალატაში აცხადებენ, ეს არის არა საინვესტიციო, არამედ სავაჭრო მისია. რუსეთიდან წარმოდგენილი იყო შემდეგი სექტორები - სამშენებლო, ტურიზმი, სარეკლამო, სადისტრიბუციო, ბიზნესკონსალტინგი, სოფლის მეურნეობა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, შეხვდრებში 40 ქართული კომპანია მონაწილეობდა.

„შეხვდრების მიზანი პარტნიორების, საკუთარი პროდუქციის გაყიდვისთვის შესაბამისი სადისტრუბუციო არხების მოძიება იყო. ეს არ იყო ბიზნესფორუმი, გაიმართა მხოლოდ პირისპირ შეხვედრები, რომელზეც ქართულმა კომპანიებმა 3 პრეზენტაცია წარადგინეს“, - განაცხადეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

როგორც პალატაში აღნიშნეს, ღონისძიებას ოფიციალური პირებიდან არავინ დასწრებია.