ამერიკული კორპორაცია საქართველოში სამედიცინო ცენტრისა და ნავმისადგომის კომპლექსის მშენებლობას გეგმავს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) მმართველ დირექტორს, ქენეთ ენჯელს შეხვდა. როგორც  ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან,  OPIC-ის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ორი პროექტის დამტკიცებას ემსახურება, რომლებზეც მიმდინარეობს ამერიკულ კორპორაციასთან აქტიური მოლაპარაკებები.

„საუბარია ქ. თბილისში, 120 საწოლზე გათვლილი დედათა და ბავშვთა ამერიკული სამედიცინო ცენტრის გახსნაზე, რომელიც ამერიკული სტანდარტებით აშენდება და მოემსახურება პაციენტებს. გათვალისწინებულია, რომ თბილისში მდებარე ცენტრი გახდება რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი და მოემსახურება პაციენტებს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 27 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც OPIC-ის თანამონაწილეობა 17 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეს იქნება პირველი პედიატრიული საავადმყოფო ქვეყანაში, რომელიც ფლობს JCI აკრედიტაციას.

მეორე პროექტი ითვალისწინებს ქალაქ ფოთში შპს „პეის ტერმინალის“ ტერიტორიისა და ახალი ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში ნავმისადგომის კომპლექსის მშენებლობას. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 100.5 მილიონი აშშ დოლარია, OPIC-ის თანამონაწილეობა კი 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 100-მდე დასაქმებულს მშენებლობის პროცესში და 90-მდე ახალი მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნას პორტის გახსნის შემდეგ“, - აცხადებენ უწყებაში.

შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა ყველა იმ წარმატებული პროექტებისთვის, რომლებიც OPIC-ის დახმარებით განხორციელდა საქართველოში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა კორპორაციასთან ასევე წარმატებული და ორმხრივად ნაყოფიერი იქნება.

საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) 1993 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. OPIC მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის განვითარებაში, როგორებიცაა: საფინანსო სექტორი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, წარმოება, განათლება, სამთომრეწველობა და უძრავი ქონების სექტორი. ასევე OPIC ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომას დაფინანსების წყაროზე.

1993 წლიდან დღემდე კორპორაციამ საქართველოში განახორციელა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 50-ზე მეტ პროექტში სხვადასხვა მიმართულებით. დღესდღეობით OPIC ჩართულია 20-ზე მეტ აქტიურ პროექტში.