ევროპული დაფინანსებით წარმოებული ქართული მარწყვი 10-12 ლარად იყიდება

სოფელ ბულაჩაურში მარწყვის სათბური შვიდწევრიანმა კოოპერატივმა გასულ წელს მოაწყო, თუმცა დროის მცირე მონაკვეთში შეძლეს და საკამოდ წარმატებული მოსავალი მიიღეს.

Georgian Agro Export Group-ის მიერ მიღებული 63 000 ლარიანი დაფინანსება ENPARD-ის (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა) 2013-2019 წლებში გაწერილი 265 მილიონ ლარიანი ბიუჯეტის მცირე ნაწილია. მიღებული დაფინანსებით კოოპერატივის შვიდმა წევრმა სოფელ ბულაჩაურში მარწყვის სათბური მოაწყო.

„თებერვალში პირველი მოსავალი, ტონამდე მარწყვი მივიღეთ. მისი რეალიზაცია თბილისში მოხდა. ზოგადად, მარწყვი არასეზონზე საკმაოდ მომგებიანი კულტურაა. იმ პერიოდში ჩვენთვის მარწყვის გასაყიდი ფასი 10-12 ლარი იყო. თუმცა წელწადის ზოგ მონაკვეთში მისი ღირებულება 18-25 ლარიც არის ხოლმე,“ - განმარტავს კოოპერატივის დირექტორი დავით ნარიმანაშვილი.

ამჟამად კოოპერატივში შვიდი ადამიანია გაწევრიანებული. ისინი გაერთიანებამდეც სოფლის მეურენობის მიმართულებით საქმიანობდნენ და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი მოჰყავდათ, მათ შორის ჟოლოც.

„2015 წელს მონაწილეობა მივიღეთ ENPARD-ის პროგრამაში. მარწყვის სათბურის შესახებ ბიზნეს გეგმა შევიტანეთ და ოქსფამის კონსორციუმმა დაგვიფინანსა. შევქმენით კოოპერატივი, რომელმაც 63 000 ლარის გრანტი მიიღო. ჩვენი თანამონაწილეობა იყო 23 000 ლარამდე. გარდა ამისა, კოოპერატივის წევრებმა 20 000 ლარის მიმდინარე ხარჯები გავიღეთ საპაიო შენატანების მეშვეობით. კოოპერატივში გაწევრიანებას და დაფინანსების მოპოვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა ჩვენთვის. მანამდე დამოუკიდებლად მცირე საქმიანობას ვაწარამოებდით და მეტი დანახარჯით ნაკლებ შემოსავალს ვიღებდით. კოოპერატივის შექმნამ კი ჩვენი საქმიანობის მასშტაბები შეცვალა,“ - აღნიშნა ნარიმანაშვილმა.

ამჟამად სათბურში მეორე მოსავალს ელოდებიან. თუმცა დამწიფების პროცესი გაიწელა წელს ადრეული აციების გამო. ნაყოფის ნაწილი და რიგ შემთხვევაში თავად ნერგიც გაფუჭების პროცესშია. კოოპერატივმა 500 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული სათბურის გათბობა რამდენიმე სახის ღუმელით სცადა, მაგრამ ეს პროცესი დიდ ხარჯებთან აღმოჩნდა დაკავშირებული და შედეგიც ნაკლებად ეფექტური მიიღეს. ევროკავშირისგან მიღებული დაფინანსებით საკმაოდ წარმატებით დაწყებული ბიზნესს ამჟამად რამდენიმე სირთულის გადალახვა მოუწევს, რომ საქმიანობა კვლავინდებურად წარმატებით გააგრძელოს.

„წლევანდელმა კლიმატურმა პირობებმა ცოტა გვიღალატა. აცივდა საკმაოდ ადრე, რასაც არ ველოდით. დღე-ღამის ტემპერატურას შორის ამპლიტუდა საკმაოდ დიდია. ღამით 5-6 გრადუასია, დღისით 27-28 გრადუსამდე ადის. ეს ნერგისთვის სასურველი არაა და ის სტრესულ მდგომარეობაში ვარდება,“ - განმარტავს ნარიმანაშვილი.

„გვაქვს 125 ათას კილო/კალორიანი ღუმელი, რომელიც 500 კვადრატიანი სათბურისთვის ამ ტერიტორიაზე სრულიად საკმარისია. თუმცა შეგვექმნა პრობლემები ბუნებრივი აირის წნევასთან და დენის სიმძლავრესთან დაკავშირებით. სოფელში არც თუ ისე მაღალია დენის სიმძლავრე და ღუმელში აფეთქებას, გაზის ჩართვას ვერ უზრუნველყოფს. მეორე მხრივ, ენერგორესურსების ღირებულება საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით მეწარმეებისთვის. ერთი კუბური მეტრი გაზი გვიჯდება ერთი ლარი. გათბობოსთვის სეზონზე გვჭირდება 30 000 კუბი, რაც 30 000 ლარია. ეს ყველაფერი არ გვაყენებს კონკურენტულ მდგომარეობაში იმპორტირებულ მარწყვთან. სახელმწიფოს მხრიდან თუ იქნებოდა სუბსიდირება ენერგორესურსების მხრივ, ბაზარზე უფრო კონკურენტული პროდუქციით შევიდოდით ადგილობრივი მეწარმეები,“ - დაამატა მეწარმემ.

კოოპერატივი უფრო კონკურენტული პროდუქციის წარმოებას საკუთარი სათბურის ოპტიმიზაციის ხარჯზეც აპირებს. ამჟამად ტერიტორიაზე სან ანდრეასის ჯიშის მარწყვის 10 000 ნერგია, რომელისგან მიღებული წლიური მოსავალი 3 ტონამდე უნდა იყოს. მეწარმეები სტელაჟების დამატებას და ნერგების რაოდენობის 18 000-მდე ზრდას გეგმავენ. ამ შემთხვევაში, გათბობაზე გაწეული ხარჯები უფრო ეფექტური აღმოჩნდება. გარდა ამისა, კოოპერატივი მეორე სათბურის დამატებასაც აპირებს.

Georgian Agro Export Group გამონაკლისი არაა, რომელმაც დაფინანსება ENPARD-ის ფარგლებში მიიღო. ზოგადად, საქართველოში ENPARD-ის პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. იგი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარებას მცირე ფერმერთა გაძლიერებითა და წარმოების ზრდის ხელშეწყობით. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, და ასევე ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

პროგრამის ფარგლებში შემუშავდა 2015-2020 წლების საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, გადამზადდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 400-ზე მეტი თანამშრომელი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით ჯეოსტატის მიერ ჩატარდა სასოფლო-სამეურნეო აღწერა, ქვეყნის მასშტაბით 59 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის შეიქმნა, ჩამოყალიბდა და სააგენტოს ბაზაში რეგისტრაცია გაიარა 1600-ზე მეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა, რომელიც 14 000-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს. 2013-2019 წლებისთვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს.

ნანა მღებრიშვილი