ბაზარზე ჩაქაფული, ხაში და ჩაშუშული მზა საკვების სახით გამოჩნდება

კომპანია „კულა“ მომავალი წლიდან ბაზარზე ახალი პროდუქციის - გაყინული ჩაქაფულის, ხაშისა და ჩაშუშულის გამოშვებას გეგმავს.

ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ ქართული კომპანია „კულას“ დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ უთხრა.

მისი თქმით, პროდუქცია სავარაუდოდ, უკვე 2017 წლის იანვრიდან შევა ქსელში.

ჩაქაფულის გარდა, ახალი წლიდან "კულა" კიდევ რამდენიმე ახალ პროდუქტს გამოუშვებს. ესენია : ხაში, ჩაშუშული, ტოლმა, თევზის კონსერვი.

„პროდუქტი მზა საკვების სახით იქნება და მხოლოდ გაცხელება დასჭირდება. რაც შეეხება რაოდენობას, პროდუქციას მოთხოვნის მიხედვით გამოვუშვებთ,“ -ამბობს გოგლიძე.

პროდუქცია საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა დიდ სავაჭრო ქსელებში გაიყიდება.

„გორის საკონსერვო ქარხანა კულა“, რომელიც 2009 წელს დაარსდა, ხილის და ბოსტნეულის წვენებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციას (მურაბების, ჯემების, ტყემლების, საწებლების და ა.შ) აწარმოებს.