ბიზნესის წარმოების შესახებ მსჯავრდებულებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის ბიზნესის წარმოების თემაზე ლექცია-სემინარი ჩატარდა, რომელსაც პროფესორი ირაკლი ჯავახიშვილი უძღვებოდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პროფესორმა მსჯავრდებულებს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოების, ბიზნესის დაგეგმარების, ბიზნესტრატეგიის შედგენისა და დაფინანსების გზების მოძიებაზე მიაწოდა ინფორმაცია. მათივე ინფორმაციით, ირაკლი ჯავახიშვილს მსჯავრდებულებმა ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვებიც დაუსვეს.

ირაკლი ჯავახიშვილის თქმით, მსგავსი სახის ლექცია-სემინარები მსჯავრებულებს ბიზნესის დაწყებისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და ცოდნის მიღებაში შეუწყობს ხელს. „შეხვედრაზე იმ რისკებზეც ვისაუბრეთ, რაც ბიზნესის დაწყებას ახლავს. ასევე, ვიმსჯელეთ ბიზნესის წამოწყების შესაძლებობებზე. აღნიშნული ინფორმაცია მსჯავრდებულებს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციაში, ასევე, დასაქმებასა და შემოსავლის წყაროს მოძიებაში დაეხმარება“, - განაცხადა ირაკლი ჯავახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულთათვის საინტერესო, სასარგებლო საკითხებსა და მსგავსი სახის შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც განაგრძობს.