დღეს თბილისში საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, დღეს თბილისში საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. როგორც  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან იუწყებიან, პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებს შორის საქმიანი b2b შეხვედრები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ სასტუმრო „ძველ თბილისში“ დაგეგმა. ქართული მხრიდან ბიზნესის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობა 30-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. გაიმართა ათობით პირისპირ შეხვედრა.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის ბიზნეს-დელეგაცია საქართველოში 28 ნოემბერს ჩამოვიდა. მის შემადგენლობაში უკრაინის ბიზნეს-სექტორის 20-მდე წარმომადგენელია, რომლებმაც პალატის მიერ დაგეგმილ ბიზნეს-ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. უკრაინულ კომპანიებს შორის არის „ლნვ ლიმიტედი“, რომელიც აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს პროდუქცია Nemiroff-ის ბრენდის ქვეშ. ასევე, „ვინიცას ეთერზეთების კომბინატი“ - ერთ-ერთ დიდი და ძლიერი საწარმო ევროპაში რომელიც ამუშავებს ზეთოვან კულტურებს და აწარმოებს მცენარეულ ზეთებსა და ცხიმებს უკრაინაში.

დელეგაციის შემადგენლობაშია „არგანა ფრუტ უკრაინაც“, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს უკრაინაში, რომელიც სპეციალიზირდება ხილისა და კენკრის დამუშავებაში და შეიცავს სრულ ციკლს - ნედლეულის საწყის დამუშავებას წარმოებიდან მზა პროდუქციის მიღებამდე.

ვიზიტის მიზანი ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის დამყარება და ინვესტიციის განხორციელების მიზნით საიმედო მოკავშირეების მოძიებაა. უკრაინული ბიზნეს-დელეგაციის ძირითად ინტერესის სფეროს სოფლის მეურნეობა, ალკოჰოლური სასმელები და სამშენებლო სექტორი წარმოადგენს.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, უკრაინული დელეგაციის წევრებს შორის არიან ოფიციალური პირებიც, მათ შორის უკრაინის ვინიცის ოლქის ადმინისტრაციის მმართველი პირები. ბიზნეს-ფორუმის პირველ ნაწილში გაიმართა პრეზენტაციები. ვინიცის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის პრეზენტაციის წარმომადგენლებმა მათ რეგიონში ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრეს. საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტოს პრეზენტაციამ კი საქართველოში ბიზნესის კეთების დადებით მხარეებზე ისაუბრა.