გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების პროცესზე და საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე.

უწყების განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ დადებით სავაჭრო დინამიკას და გამოითქვა იმედი, რომ ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება.

გიორგი კვირიკაშვილმა სესილია მალმსტრომს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, ბიზნესგარემოს გაჯანსაღებისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

პრემიერის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული შესაძლებლობების სრულად გამოყენება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებულ რეფორმებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის გარემოს გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზაციას.

ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზაობა, სათანადო დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს რეფორმების პროცესში, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესასრულებლად.