ამბროლაურის აეროპორტი ფუნქციონირებას 2017 წლის იანვრიდან დაიწყებს

ამბროლაურის აეროპორტი 2017 წლის იანვარში გაიხნება და პირველ ეტაპზე ფრენა ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით განხორციელდება. ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსს” საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენელმა მარიკა ზაუტაშვილმა განუცხადა.

”აეროპორტში ასაფრენი ზოლის მოწყობა, თავისი ბაქანით დასრულებულია, ბოლო ეტაპზეა ტერმინალის მშენებლობა. დიდი ხანია სერტიფიცირების პროცესი დავიწყეთ და დეკემბრის ბოლოს უკვე შევძლებთ სერტიფიკატის მიღებას”, - განაცხადა მარიკა ზაუტაშვილმა.

როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში აცხადებენ, სერტიფიცირების პროცესის გავლის შემდეგ სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლები აბროლაურის აეროპორტის ტრასას ადგილზე შეამოწმებენ და ამის შემდეგ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი გაიცემა.

ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. 1,100-მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეზღუდვის გარეშე L410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდების მიღება შეეძლება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 000 000 ლარზე მეტს შეადგენს.

თათია ახვლედიანი