სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ნიჩბურა“ სოკოს წარმოებას იწყებს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში კოოპერატივის „ნიჩბურა“ მეპაიეებს შეხვდა , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება.

კოოპერატივის თავმჯდომარის, გიორგი ლომოურის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სოკოს წარმოებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკითაა აღჭურვილი. სოკოს ბრიკეტიდან მოყვანის ტექნოლოგია მიახლოებულია ბუნებრივ პირობებთან და პროდუქტის მოკრეფა, შეფუთვა, შენახვა სტანდარტების დაცვით ხორციელდება. ე.წ. „კალმახა სოკოს“ სარეალიზაციო არეალი ადგილობრივი ბაზარია. კოოპერატივში 6 მეპაიეა გაერთიანებული. საწარმოს განვითარებისთვის მოზიდული ინვესტიცია 48 000 ევროს შეადგენს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი მიშელაძის განცხადებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა ხელს უწყობს ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა ხელს უწყობს ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას, რაც სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების წახალისებასა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას განაპირობებს”,- განაცხადა გიორგი მიშელაძემ.

საწარმო სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დაფინანსებითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიხსნა.

დღეისათვის საქართველოში 1633 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, მათ შორის 87 მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.