კოოპერატივი „კონა“ ბალახეული ჩაის წარმოებას იწყებს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კონა“ ბალახეული ჩაის წარმოებას იწყებს. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა ”კონამ“ 12 სახეობის ბალახეული ჩაის პრეზენტაცია გამართა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, კოოპერატივი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლავრისხევში 2014 წელს შეიქმნა და იმავე წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ მიენიჭა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, მასში კი გაერთიანებულია 5 მეპაიე.

კოოპერატივ „კონას“ თავმჯდომარის ნატალია ფარცხალაძის განცხადებით, ისინი 12 სახეობის ჩაის აწარმოებენ, მათ შორისაა 9 კომბინაცია, რომელიც ქართველი და ფრანგი ფიტოთერაპევტების დახმარებით დამზადდა. მისივე თქმით, ნედლეულად გამოყენებულია სოფელ ლავრისხევში მათ მიერ მოყვანილი და შეგროვილი მცენარეები, ასევე სხვა კოოპერატივების მიერ წარმოებული ჩაი.

”სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს მიერ ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და მათ შორის კოოპერატივ „კონას“ აქვს საშუალება განავითაროს თავის წარმოება - აცხადებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე.

„კონას“ საწარმოს აღჭურვა და კოოპერატივის ბრენდირება განხორცილდა ოქსფამისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მეშვეობით საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.

დღეისათვის საქართველოში 1633 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, მათ შორის 124 შიდა ქართლის რეგიონში”, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.