სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ვრცელდება ფოტოები, რომლის თანახმადაც გლდანში სავაჭრო ქსელის „ფურშეტის“ ფილიალი დაცარიელებულია.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ფურშეტის მარკეტინგის მენეჯერმა გიორგი მარიდაშვილმა განუცხადა, ფილიალებში პროდუქტის სიმცირე ნოემბრიდან შეიქმნა, მას შემდეგ რაც „ფურშეტის“ შესაძლო დახურვაზე ერთ-ერთი დისტრიბუტორი კომპანიის მხრიდან, რომელსაც ქსელთან არანაირი შეხება არ აქვს, ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც მარიდაშვილი აღნიშნავს, ნოემბრის დასაწყისიდან მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან საჩივრების პროცესი დაიწყო, რომლებიც არსებული დავალიანების დაბრუნებას ითხოვდნენ. შედეგად კომპანიას დაახლოებით, 200 ათას ლარზე დაედო ყადაღა. მისივე თქმით, იმედოვნებენ, რომ ფილიალებში შექმნილი მდგომარეობა ახალი წლისთვის გამოსწორდება.
„ფურშეტი“ არ იხურება. პირიქით, მომავალი წლიდან დამატებით რამდენიმე ობიექტის გახსნასაც ვგეგმავთ. რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოებს, ეს მდგომარეობა გამოწვეულია ქსელის დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით, რის შემდეგაც მომწოდებელი კომპანიების მხრიდან საჩივრების პროცესი დაიწყო და კომპანიამ მნიშვნელოვანი ზარალი ნახა. თუმცა, პროდუქციის სიმცირე განსაკუთრებით სწორედ გლდანის ფილიალში შეიმჩნევა, რადგან აქ უფრო მეტი ხალხია და პროდუქტი უფრო სწრაფად მოძრაობს. სხვა ფილიალებში კი ეს პროცესი შედარებით ნაკლებად შეიმჩნევა,“ -ამბობს მარიდაშვილი.
მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ კომპანიას მენეჯმენტი შეეცვალა. შედეგად „ფურშეტი“ მიმართულებას იცვლის და დისქაუნტერის კატეგორიაში გადადის. რაც იმას ნიშნავს რომ, ქსელში წარმოდგენილი პროდუქცია შემცირდება და მხოლოდ სამომხმარებლო კალათში შემავალი პროდუქცია იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი ექნება.
„ქსელში წარმოდგენილი სასაქონლე ნომენკლატურა შემცირდება, მაგრამ პროდუქტები რაც იქნება წარმოდგენილი, ყველაზე იაფი ეღირება. სამომავლოდ კომპანია ორიენტირებული იქნება სამომხმარებლო კალათში შემავალ პროდუქტების ჯგუფებსა და ქვეჯგუფებზე. ბრინჯი, ზეთი, შაქარი, ფქვილი, სასმელები და სხვა პროდუქტი დაახლოებით 15-35%-ით უფრო ნაკლები ეღირება, ვიდრე სხვა ქსელებში. ეს ყველაფერი მოხდება იმის ხარჯზე, რომ ბრენდის ღირებულება ჩამოცლილი ექნება პროდუქტს. მაგალითად, იქნება ჩვეულებრივი სიგარეტი, მაგრამ არ იქნება „ვინსტონის“ ბრენდით, არამედ ამ ბრენდის გარეშე, რის გამოც უფრო იაფი ეღირება,“ - ამბობს „ფურშეტის“ მარკეტინგის მენეჯერი.
ამ ეტაპზე დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, არსებული ფილიალებისა და დასაქმებულთა შემცირებაზე „ფურშეტში“ ვერ საუბრობენ, თუმცა მარიდაშვილმა აღნიშნა, რომ მაღაზიების მოცულობა იმხელა რამხელაც დღეს არის, აღარ იქნება. მისივე ცნობით, ასეთი ტიპის მაღაზიებისთვის დაახლოებით, 200 კვ. მეტრის ფართობია საჭირო.
თაია არდოტელი
ფოტოების ავტორი: ირმა იანტბელიძე