საქართველოს მთავრობამ ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება მიიღო.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც 2016 წლის 13 დეკემბრით გამოიცა, საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

დადგენილების მიხედვით, ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესი ადგენს ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მისი სადგომის რეგისტრაციის, სადგომის წიგნაკის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოების წესს, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პირობებს და შემზღუდავ ღონისძიებებს. ეს წესი არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, რომელსაც ჰყავს ერთი ღორი საკუთარი გამოყენებისა და მოხმარებისთვის, ვიდრე არ დაექვემდებარება გადაადგილებას.

”ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მისი სადგომის რეგისტრაციის მიზანია: ა) ღორის და მისი სადგომის შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და აღრიცხვიანობის რეგულირება; ბ) ღორის და მისი სადგომის შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა და მიკვლევადობა; გ) ღორის ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა; დ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომხმარებლისთვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება ღორისგან მიღებული პროდუქტების წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ; ე) ქვეყნის შიგნით ღორის გადაადგილებასა და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელება; ვ) სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფა.

ღორის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ელემენტებია: ა) ნიშანდება, ამ წესით დადგენილი შემთხვევების შესაბამისად; ბ) სადგომის რეგისტრაცია და სადგომის წიგნაკი; გ) გადაადგილების დოკუმენტი; დ) მონაცემთა ელექტრონული ბაზა”, - ვკითხულობთ დადგენილებაში.

ღორზე საყურე ნიშანი/სვირინგის გაკეთების წესი დადგენილების მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრა:

1. მფლობელი ღორის იდენტიფიკაციისათვის მიმართავს სურსათის ეროვნულ სააგენტოს განაცხადით – „განაცხადი ღორის იდენტიფიკაციაზე“. განაცხადის ფორმას ადგენს სააგენტო;

2. ღორის ნიშანდება უნდა მოხდეს საყურე ნიშნით ან სვირინგით, ვიდრე ღორი დატოვებს სადგომს;

3. საყურე ნიშანზე/სვირინგზე, რომელიც უკეთდება საჯიშე ღორებს, საჯიშედ შერჩეულ სარემონტო მოზარდს და ყველა ღორს, გარდა პირდაპირ სასაკლაოზე გადასაადგილებელი ღორებისა, დატანილ უნდა იქნეს საიდენტიფიკაციო ნომერი;

4. საყურე ნიშნის დაკარგვის ან საყურე ნიშანზე/სვირინგზე დატანილი ინფორმაციის დაზიანების შედეგად დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, სავალდებულოა მისი ახალი საყურე ნიშნით/სვირინგით შეცვლა იმ პირობით, რომ არ დაირღვეს მიკვლევადობა;

5. საყურე ნიშნის/სვირინგის შეცვლასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მფლობელი;

6. დაუშვებელია საყურე ნიშნის/სვირინგის მოხსნა ან შეცვლა სააგენტოს ნებართვის გარეშე;

7. საყურე ნიშანი: ა) უნდა იყოს ელასტიური, დამზადებული თერმოპლასტიკური პოლიურეტანის მასალისგან, ერთჯერადი გამოყენებისათვის, მდგრადი მაღალი და დაბალი ტემპერატურის მიმართ; ბ) უნდა იძლეოდეს მასზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას, ღორის სიცოცხლის განმავლობაში; გ) დამაგრების შემდეგ არ უნდა იწვევდეს ტკივილსა და ალერგიულ რეაქციებს; დ) უნდა შეიცავდეს მწარმოებლის სამარკო ნიშანსა და დამზადების თარიღის შესახებ აღნიშვნას.

8. სვირინგი: ა) უნდა იძლეოდეს მასზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას, ღორის სიცოცხლის განმავლობაში; ბ) არ უნდა იწვევდეს გართულებებსა და ალერგიულ რეაქციებს; გ) გამოყენებული საღებავი უნდა იყოს სურსათის წარმოებაში გამოსაყენებლად დაშვებული; დ) ხელსაწყო, რომლითაც წარმოებს სვირინგის გაკეთება, ექვემდებარება გამოყენების წინ დეზინფექციას.

9. საყურე ნიშანზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) საყურე ნიშნის გამცემი უწყების დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი ან ლოგო; ბ) 8-ციფრიანი საიდენტიფიკაციო ნომერი; გ) ქვეყნის ინიციალი – „GE“.

10. სვირინგით დაიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) 8-ციფრიანი საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) ქვეყნის ინიციალი – „GE“.

სადგომის რეგისტრაციისთვის და სადგომის წიგნაკისთვის სადგომის მფლობელი მიმართავს სააგენტოს სადგომის რეგისტრაციისათვის განაცხადით - „განაცხადი სადგომის რეგისტრაციაზე“. განაცხადის ფორმა მტკიცდება სააგენტოს მიერ;

რაც შეეხება შემზღუდავ ღონისძიებებს, თუ სადგომში გამოვლინდა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ ელემენტებთან შეუსაბამობა ერთ ღორთან მიმართებით მაინც, სააგენტო უფლებამოსილია, აკრძალოს ამ სადგომიდან ყველა ღორის გადაადგილება; თუ მფლობელი ვერ ამტკიცებს ღორის იდენტიფიკაციას და მასთან დაკავშირებულ მიკვლევადობას, სააგენტოს შეუძლია დაავადების გავრცელების რისკის, ღორის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის რისკების განსაზღვრის საფუძველზე გადაწყვიტოს ღორის განადგურება; თუ ღორი ნაწილობრივ აკმაყოფილებს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ ელემენტებს, სააგენტო უფლებამოსილია, დააწესოს აკრძალვა მხოლოდ მის გადაადგილებაზე, შეუსაბამობის აღმოფხვრამდე; თუ სადგომში იმ ღორების რაოდენობა, რომელიც არ აკმაყოფილებს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ ელემენტებს, აჭარბებს სადგომში არსებული ღორების საერთო რაოდენობის 20%-ს, აკრძალვა წესდება სადგომში არსებულ ყველა ღორის გადაადგილებაზე. თუ მფლობელი არ მიაწვდის ინფორმაციას სააგენტოს სადგომიდან ღორის გადაადგილების, სიკვდილის, მოკვლის, დაკარგვის, საკუთარი მოხმარებისათვის დაკვლის თაობაზე, სააგენტო უფლებამოსილია აკრძალოს ამ სადგომიდან ღორის გადაადგილება.

წესი ითვალისწინებს იმპორტირებული ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესსაც.