ხორცის ვარგისიანობაზე გაცემული ყალბი დასკვნების გამო ვეტ-ექიმები დააკავეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, ეთერ ინასარიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარ-ექიმები დააკავეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ინასარიძემ 400 კგ ხორცის შემოწმებისას ნიმუშად საქონლის ხორცის შედარებით უკეთესი ნაწილი აირჩია, ხოლო ცუდი ვიზუალის და შეფერილობის ნაწილს ექსპერტიზა განზრახ არ ჩაუტარა. შესაბამისად, ყალბი დასკვნა გასცა, თითქოს პროდუქტი საკვებად ვარგისიანი იყო.

სამართალდამცავებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარ-ექიმები - მიხეილ კაპანაძე, ვლადიმერ ჩუხრუკიძე, თეიმურაზ მარხვაშვილი დააკავეს. მათ ქრთამის აღების სანაცვლოდ, ვეტერინარული მოწმობები საქონლის ხორცის შემოწმების გარეშე გასცეს.

”გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ სასაკლაოს ორგანიზებისა და ფუნქციონირების სფეროში დასაქმებული შპს Crosslane investments limited-ის თანამშრომელმა, გიორგი გოგიშვილმა, რომელსაც არ ჰქონდა ექიმ-ვეტერინარის კვალიფიკაცია და შესაბამისად, საქონლის ხორცის დადაღმვისა და სურსათის ვეტერინარული მოწმობის გაცემაზე სათანადო უფლებამოსილება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოქალაქეზე ყალბი ვეტერინარული მოწმობა გაასაღა”, - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

დაკავებულ პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც 3-დან 5 წლამდე, ასევე 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.