დონალდ ტრამპი „ტოიოტას“ დაემუქრა

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონურ ავტოგიგანტ Toyota Motor-ს მოთხოვნა წაუყენა, მექსიკაში ქარხნის მშენებლობა გადაიფიქროს. ტრამპი მაღალი საბაჟო გადასახადების დაწესებით დაემუქრა იაპონურ ავტომწარმოებელს იმ შემთხვევაში, თუ მექსიკის ქარხანაში „ტოიოტა“ თავის ერთ-ერთ პოპულარულ მოდელს Corolla-ს აწარმოებს.

«Toyota Motor-მა განაცხადა, რომ მექსიკის შტატ ქვემო კალიფორნიაში ახალ ქარხანას ააშენებს, სადაც ამერიკისთვის Corolla-ს ააწყობს. არაფერი გამოვა! ააშენეთ ქარხანა აშშ-ში ან იხადეთ მაღალი საბაჟო გადასახადი იმპორტზე“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“.

კომპანიის ხელმძღვანელის აკიო ტოიოდას განცხადებით, ამ ეტაპზე არ გააჩნიათ სასწრაფო გეგმები წარმოების მექსიკაში გადატანაზე და დაელოდებიან ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს გაიმართება.

Toyota Motor-მა 2015 წლის აპრილში განაცხადა, რომ აპირებდა ქარხნის გახსნას მექსიკაში. ქარხანა ამ დროისთვის ყოველწლიურად 100 ათასამდე პიკაპს აწარმოებს და „კოროლას“ დამატების შემთხვევაში მისი წარმადობა 2019 წლისთვის 200 ათასამდე უნდა გაზრდილიყო.

რამდენიმე დღის წინ მექსიკაში ქარხნის მშენებლობაზე უარი თქვა ამერიკულმა ავტომწარმოებელმა „ფორდმა“. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანიის გადაწყვეტილება ნაწილობრივ მიღებულია პატარა მანქანების გაყიდვის შემცირებით, ნაწილობრივ კი დონალდ ტრამპის პოლიტიკით არის გამოწვეული.

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა 3 იანვარს კიდევ ერთ ამერიკულ ავტო-გიგანტს General Motors-ს Chevy Cruze-ის წარმოების მექსიკიდან ამერიკაში გადატანისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი Toyota-ს მსგავსად, გადასახადის გაზრდით დაემუქრა.

მექსიკაზე ჩრდილოეთ ამერიკის ავტოწარმოების 20% მოდის. ეს ქვეყანა იაფი მუშახელის გამო მიმზიდველია ბევრი კომპანიისთვის, მათ შორის ისეთი პრემიუმკლასის ბრენდებისთვის, როგორიცაა Mercedes-Benz, Audi და BMW.

კოკა კვირკველია